გადაწყვეტილება №20719/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20719/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20719/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-s 30.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20719/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოვლენილი ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №021-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19894 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 58 468 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 34 845

დღგ - 11 555

საშემოსავლო გადასახადი - 23 290

ჯარიმა - 16 252

საურავი - 7 371

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქ. "-----"-ში იჯარით აღებულ ფართში ტექნიკით (მობილურები, დინამიკები, ტელევიზორები და სხვა წვრილი ტექნიკა) ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულყოფილი საბუღალტრო აღრიცხვა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული 15.05.2023 წელს საკონტროლო შესყიდვისა და ფასების ფიქსაციის, ასევე, იმავე რეგიონის აუდირებული ფასნამატების და გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატების ანალიზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე კატეგორიების მიხედვით ნაწილ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის სფეროს ობიექტის ფასნამატი, ნაწილზე - საკონტროლო შესყიდვის ანალიზის მიხედვით დათვლილი ფასნამატი. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოში ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება დებიტორ-კრედიტორული ნაშთები. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ხარჯები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 291-ე მუხლის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის პირი დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №021-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შედეგად, მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის რპთ-ზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის სფეროს ობიექტის და გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ანალიზის მიხედვით დათვლილი ფასნამატები საქონლის კატეგორიების მიხედვით. ასევე, გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საქმეში არსებული მასალების და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველ-22 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5-ე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მუხლში მოცემული პირობებიდან არც ერთი პირობა არ არის კომპანიის მიერ დარღვეული. მართალია, რომ ბუღალტერია არ აქვს ნაწარმოები საბუღალტრო პროგრამით, მაგრამ ყოველი წლის ბალანსი, ბრუნვითი უწყისები, მოგება-ზარალის უწყისები ნაწარმოები აქვს. მოწესრიგებულია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში, ძირითადი საქმიანობაა ტექნიკით (მობილურები, დინამიკები, ტელევიზორები და სხვა წვრილმანი ტექნიკა) ვაჭრობა. დღგ-ში არაპირდაპირი მეთოდით დამატებით დარიცხული აქვს ფასნამატით, გაანგარიშებული თანხები, რომელიც აღებულია 15.05.2023 წლის საკონტროლო შესყიდვისა და ფასების ფიქსაციის, ასევე ამავე რეგიონის აუდირებული ფასნამატებისა და მსგავსი საქმიანობის სფეროს ფასნამატით. 2020-2021 წლებში პანდემიის პერიოდში, ბაზარზე არსებული უდიდესი კონკურენციის პირობებში, ქსელური მაღაზიების გარემოცვაში, სადაც ძალიან ხშირად ცხადდება ფასდაკლებები და ფაქტიურად მცირე გადამხდელი იძულებულია საქონელი გაყიდოს მინიმალური ფასნამატით, ზოგიერთ შემთხვევაში ფასნამატის გარეშეც. საკონტროლო შესყიდვის დროს გამოცხადებული ფასები არ არის საბოლოო ფასი, გადასახადის გადამხდელი იძულებულია, რომ არ დაკარგოს მყიდველი, საქონელი გაყიდოს ბევრად დაბალი ფასნამატით. ძირითადად, გადასახადის გადამხდელი რეალიზაციას ახდენს განვადებით, ბანკების მეშვეობით. რეალიზებული საქონელი ფიქსირდება ზუსტად გაყიდული ფასით.

არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ შემმოწმებლების მიერ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, რის გამოც გაზრდილია შემოსავლები (ამ შემოსავლებს გამოკლებული აქვს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით დადასტურებული დადგენილი ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები - ხარჯი უცვლელია). აღნიშნულმა გამოიწვია სხვაობა და ფულის დანაკლისი, რომელიც განხილული იქნა, როგორც დირექტორზე გაცემულ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი და დაკისრებული იქნა ჯარიმა.

უნდა მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, წარდგენილი დოკუმენტაციის გაანალიზების შედეგად მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხისა და მასზე დარიცხული სანქციების შემცირების გზით.

შესამოწმებელი პერიოდი ემთხვევა კოვიდპანდემიის პერიოდს. ამ პერიოდში ჰქონდა მწვავე ფინანსური კრიზისი, როგორც ობიექტზე, ასევე ოჯახში. ფაქტობრივად საქონელს ყიდიდა თითქმის თვითღირებულებით, მყიდველისთვის მისაღებ ფასად. მყიდველების დეფიციტისა და უსახსრობის გამო. მიუთითებს, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული ფასები არ არის საბოლოო, იმისათვის რომ არ დაკარგოს მყიდველი საქონელს ყიდის ბევრად დაბალი ფასნამატით.

ძირითადად რეალიზაციას ახდენს განვადებით, ბანკების მეშვეობით. ბანკით დაფიქსირებული რეალიზაციის შესაბამისად, ყოველთვიურად ადგენს დღგ-ის დეკლარაციას. ასევე აქტში მითითებულია, რომ აღებულია ამავე რეგიონის მსგავსი საქმიანობის სფეროს ობიექტის აუდირებული ფასნამატი, რასაც არ ეთანხმება. მისი საქმიანობის სფეროა ტექნიკით (მობილურები, დინამიკები, ტელევიზორები და სხვა წვრილმანი ტექნიკა) ვაჭრობა იჯარით აღებული ფართიდან. საქონლის მომწოდებლები არიან ძირითადად ქსელური მაღაზიები, მათთან ნაყიდ პროდუქციას ამატებდა მცირე პროცენტს, რომ შეძლებოდა ქირის გადახდა იმ უმძიმეს წლებში და შესაბამისად მისი ფასნამატის შედარება მათ ფასნამატთან არ არის მიზანშეწონილი. შემმოწმებლების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებამ გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

მის მიერ დღგ-ის დეკლარაციებით წარდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა წლების მიხედვით შეადგენს: 2020 წელი - 683 202 ლარი, 2021 წელი - 908 435 ლარი, 2022 წელი - 550 545 ლარი, 2023 წელი - 57 193 ლარი. სულ შესამოწმებელ პერიოდზე მის მიერ წარდგენილი დეკლარაციებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 2 199 375 ლარი.

არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 2 263 564 ლარი. წლების მიხედვით: 2020 წელი - 710 607 ლარი, 2021 წელი - 939 858 ლარი, 2022 წელი - 555 857 ლარი, 2023 წელი - 57 242 ლარი. არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი თანხების სხვაობაა 64 194 ლარი დღგ-ის გარეშე. ეს თანხა შემმოწმებლების მიერ ჩაითვალა რეალიზაციად და ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა სანქციები.

ასევე, საშემოსავლო გადასახადში, არარსებული ფული (არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი ფულადი შემოსავლები) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა სანქციები, რაც არასწორად მიაჩნია.

მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, ყოველთვის ცდილობდა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები გადაეხადა დროულად და ფიქრობდა, რომ ყველაფერს აკეთებდა კანონის შესაბამისად. მიაჩნია, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და არ შეეძლო შეგნებულად წინასწარ განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარშიბული თანხებით გაზრდილი ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დამალვა. თანხების დარიცხვა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აქ მისი შეგნებული ბრალეულობა არ იკვეთება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისგან. კომპანიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არცოდნით გამოწვეული ბრალეულობით, რომელიც არ მომხდარა შეგნებულად, იმედოვნებს, რომ კორექტირებას დაექვემდებარება დარიცხული თანხის ოდენობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულყოფილი საბუღალტრო აღრიცხვა. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული 15.05.2023 წელს საკონტროლო შესყიდვისა და ფასების ფიქსაციის, ასევე, იმავე რეგიონის აუდირებული ფასნამატების და გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატების ანალიზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე კატეგორიების მიხედვით ნაწილ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის სფეროს ობიექტის ფასნამატი, ნაწილზე - საკონტროლო შესყიდვის ანალიზის მიხედვით დათვლილი ფასნამატი. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოში ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება დებიტორ-კრედიტორული ნაშთები. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ხარჯები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი თვლის,რომ უნდა მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, წარდგენილი დოკუმენტაციის გაანალიზების შედეგად მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხისა და მასზე დარიცხული სანქციების შემცირების გზით.ასევე,ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 291-ე მუხლის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის პირი დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,136,154,159,160,161(1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით)