ბრძანება N 7697

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2025
№ დოკუმენტი 7697
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7697

25 აპრილი 2025

ბრძანება

შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------")

(ფაქტ. მის.: "--------")

2025 წლის 25 თებერვლის და 2 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტის და 3 აპრილის სხდომებზე (ოქმი №21 და №25) განიხილა შპს „--------- -ის “ (ს/ნ "--------") 2025 წლის 25 თებერვლის №94359/1/2025 და 2 აპრილის №94877/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №021-98 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას. მიუთითებს, რომ კომპანია ახორციელებს ტროპიკული ხილით საბითუმო ვაჭრობას, რომლებსაც ყიდულობს სხვადასხვა ქვეყანაში და აწვდის "------"-სა და სხვა ევროპის ქვეყნებს. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მომწოდებლებისთვის წინასწარ ხდება თანხების გადახდა, რათა სეზონზე მოხდეს პროდუქტის შენახვა და შემდგომში მიწოდება. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის დასაბუთებული სამეურნეო ოპერაციის ცვლილების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ასპექტები, ასევე, მხარეებს შორის არც ურთიერთდამოკიდებულება იკვეთება, რაც გავლენას იქონიებდა სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტზე, შესაბამისად, მიაჩნია, რომ არამართლზომიერია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება. აღნიშნავს, რომ თანხების დარიცხვისას შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებია ავანსად გადარიცხული ის თანხები, რომლებიც შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ შემცირდა. მიუთითებს, რომ თანხების დიდი ნაწილი 2023 წლის განმავლობაში მცირდება, ასევე ხდება ახალი ავანსების გადარიცხვა. ამასთან, საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს იმ უცხოური კომპანიების ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, რომელთა მიმართ გააჩნია მოთხოვნები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №13663 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "--------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების ყოველთვიური გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27242 ბრძანება და ამავე თარიღის №021-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 135 467 ლარი, მათ შორის, გადასახადი 632 572 ლარი, ჯარიმა 316 286 ლარი, საურავი 186 609 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში), საბაჟო დეკლარაციები და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 და 1410 ანგარიშებზე). მოწოდებული ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები, გონივრული ვადის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ. ამასთან, დადგინდა, რომ გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები, გონივრული ვადის გათვალისწინებით, განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის საქმიანობა, კერძოდ, სეზონური საქონლის ყიდვა-გაყიდვა და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სესხის სახით კვალიფიკაცია შეეცვალა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომელთა წარმოშობიდან გასული იყო ერთი წელი და არ ინაშთებოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ასევე, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მუდმივად ხდება ავანსების გადახდა საქონლის შესაძენად, აქედან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნა დაბეგრილი ავანსების შემცირებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ ინაშთება, არამართებულია, რადგან მსგავსი ფაქტი მუდმივად იარსებებს კომპანიის საქმიანობის პროცესში. კომპანია საქონლის შეძენა-რეალიზაციას არ ახორციელებს საქართველოს გავლით, შესაბამისად, ოპერაციის შინაარსის დადასტურება დიდ დროს მოითხოვს, კერძოდ, გამოთხოვილი უნდა იქნას ოპერაციის განხორცილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვოისები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები) უცხო ქვეყნების შესაბამისი ორგანოებიდან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოქმნილი მოთხოვნების კვალიფიკაცია შეიცვალა სესხის სახით და დაიბეგრა მოგების გადასახადით, გადამხდელს უფლება აქვს შემოწმების შემდგომ პერიოდში ჩაითვალოს ის განაშთული ავანსები, რომლებიც დაიბეგრა შემოწმების პროცესში.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ უცხოური კომპანიების ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული კომპანიების მიმართ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გააჩნდა 503 710 ლარის და 518 972 ლარის დასაბეგრი მოთხოვნები, ჯამში 1 022 681 ლარის ოდენობით, საიდანაც შემოწმების მხრიდან დაბეგრილია მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია 2022 წლის აპრილამდე პერიოდულად მიწოდებული საქონლით. ამასთან, მოთხოვნის არსებობის მიუხედავად გადასახადის გადამხდელი ისევ ახორციელებს საქონლის მიწოდებას აღნიშნულ კომპანიებზე და შემოწმების პერიოდის ბოლომდე დამატებით წარმოეშვა 3 809 919 ლარის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია წარმოშობილი მოთხოვნები ლოგიკური პერიოდის გათვალისწინებით (რომლის წარმოშობიდან გასულია ერთი წელი) დაკვალიფიცირდეს სესხად და დაიბეგროს მოგების გადასახადით, ხოლო ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ ჩაითვალოს სესხად დაბეგრილ მოთხოვნებად. აუდიტის დეპარტამენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია უცხოურ ენაზე, რომლებიც არ არის გადათარგმნილი ქართულ ენაზე და არ არის ნოტარიული წესით დამოწმებული, აგრეთვე, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ იკვეთება კომპანია აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის რომელიმე მოთხოვნას.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შემოწმების შემდგომ პერიოდში ჩაითვალოს ის განაშთული ავანსები, რომლებიც დაიბეგრა შემოწმებისას, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“ (ს/ნ "--------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას.ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები არარეზიდენტი პირების მიმართ.მოწოდებული ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები, გონივრული ვადის გათვალისწინებით, სსკ-ის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),982.