გადაწყვეტილება №24147/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2024
№ დოკუმენტი 24147/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24147/2/2024

12 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 20.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24147/2/2024).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2024 წლის №045-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21730 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 053,83 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 16 656

ჯარიმა - 8 328

საურავი - 8 069,83

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა ტყის მასივის დალაგება-დასუფთავება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 4 ივლისს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.08.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმომ მოიგო ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი დეკლარაციები. საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოდან სატყეო მომსახურებისთვის კომპანიას ჩარიცხული ჰქონდა თანხა 66 624 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა აღნიშნული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი ან/და რაიმე სახის დოკუმენტაცია, ხოლო ----------- და ----------- საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შემმოწმებელთათვის მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა გადაეცა ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული პროექტის შესასრულებლად, თუმცა საწარმოს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც 26.08.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №19318 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №045-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21730 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჩარიცხული თანხა გადასცა ფიზიკურ პირს ტენდერის ფარგლებში პროექტის შესასრულებლად, ხოლო საწარმოს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად ახსნა-განმარტებებისა, რომ 2021 წელს შესრულებულ მომსახურებაზე გადმორიცხული თანხიდან, რომელმაც შეადგინა 66 624 ლარი, ხელფასის სახით არ იყო გაცემული მთლიანი თანხა, საშემოსავლო გადასახადი მაინც დაანგარიშებული იქნა მთლიანი თანხიდან. 2021 წელს სსიპ -------- გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო, საშეშე მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა, საწარმოს ანგარიშზე აგვისტოდან დეკემბრის თვეების ჩათვლით ჩაირიცხა 66 624 ლარი. აქედან თანხების განკარგვა მოხდა შემდეგ ხარჯებში:

1. შეშის დამზადების ხარჯები (რომელშიც შედიოდა საწვავის და საცხები მასალების შესყიდვა, ტრანსპორტისთვის და ბენზოხერხებისთვის, მუშა პერსონალის კვების ხარჯები) – 47 838 ლარი

2. მუშების ხელფასი - 13 400 ლარი

3. გაუთვალისწინებელი ხარჯები (ავტომანქანების რემონტი და მათთვის საბურავების შესყიდვა) – 5 300 ლარი

სულ - 66 624 ლარი

სულ ჩარიცხული თანხიდან საწარმოს მიერ გახარჯული იქნა შეშის დამზადებაზე ნაღდი ანგარიშსწორებით 66 538 ლარი. 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში შექმნილი არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (წვიმა) და ასევე იმის გამო რომ COVID-19 ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის გამო, მთელი 2021 წლის განმავლობაში, გამოცხადებული იყო მთელი რიგი შეზღუდვების რეგულაციები, ასევე იმის გამო, რომ ხის მჭრელს და 2 მუშას შეხვდათ COVID19 ვირუსი, დიდი ხნის განმავლობაში შეჩერდა ტყეკაფზე საქმიანობის წარმოება, საეჭვო გახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მომსახურების გაწევის დასრულება, რის გამოც საწარმოს მოუწია ხარჯების საგრძნობი გაზრდა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ჩარიცხული თანხა არ აღმოჩდა საკმარისი მომსახურების სრული გაწევისთვის და საჭირო გახდა დამატებითი თანხების მოძიება.

მიუხედავად ახსნა-განმარტებებისა, (წერილობითი აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია) რომ 2021 წელს შესრულებულ მომსახურებაზე გადმორიცხული თანხიდან, რომელმაც შეადგინა 66 624 ლარი, ხელფასის სახით არ იყო გაცემული მთლიანი თანხა შემოსავლების სამსახურის მიერ საშემოსავლო გადასახადი მაინც დაანგარიშებული იქნა მთლიანი თანხიდან. თანხა ხელფასის სახით შეადგენდა 13 400 ლარს და საშემოსავლო გადასახადიც უნდა დაანგარიშებულიყო აღნიშნული თანხიდან.

ვინაიდან დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა შესაფერისი სამუშაოების არ არსებობის გამო. ასევე საწარმო წარმოადგენს გადახდისუუნარო ობიექტს მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებას ასევე ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების ჩამოწერას ვინაიდან საზოგადოებას არ გააჩნია აღნიშნულის გადახდის საშუალება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოდან კომპანიისთვის ტენდერის შესასრულებლად ჩარიცხული თანხა 66 624 ლარი გადაეცა ფიზიკურ პირს, მომჩივანს კი სამუშაოების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

მომჩივნის განმარტებით აღნიშნული თანხა მთლიანად ხელფასის სახით არ ყოფილა გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ გაწეულია შეშის დამზადების ხარჯი (რომელშიც შედის საწვავის და საცხები მასალების შესყიდვა, ტრანსპორტისა და ბენზოხერხებისთვის, მუშა პერსონალის კვება) – 47 838 ლარი, ასევე გაუთვალისწინებელი ხარჯები – 5 300 ლარი (ავტომანქანების რემონტის და მათთვის საბურავების შესყიდვა), შემოსავლების სამსახურის მიერ საშემოსავლო გადასახადი მაინც დაანგარიშებული იქნა მთლიანი თანხიდან. თანხა ხელფასის სახით შეადგენდა 13 400 ლარს და საშემოსავლო გადასახადიც უნდა დაანგარიშებულიყო აღნიშნული თანხიდან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის რომელიმე ეტაპზე, არ წარუდგენია ტენდერის ფარგლებში გასაწევი მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირისთვის გადაცემული თანხის, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა ტყის მასივის დალაგება-დასუფთავება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმომ მოიგო ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი დეკლარაციები. დადგინდა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოდან სატყეო მომსახურებისთვის კომპანიას ჩარიცხული ჰქონდა თანხა. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა აღნიშნული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი ან/და რაიმე სახის დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა გადაეცა ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული პროექტის შესასრულებლად, თუმცა საწარმოს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია. კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც 26.08.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №19318 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №045-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21730 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირისთვის გადაცემული თანხის, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს73(9)101(1);154(1);