ბრძანება N 26039
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26039
10 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ს“ (ს/ნ -----------)
(მის.:----------------------------)
2024 წლის 28 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №128) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ნოემბრის №23855/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------ს“ (ს/ნ -----------) №91039/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №039-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. განმარტავს, რომ 2021 წლის პირველი იანვრისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ეკუთვნის 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებულ წმინდა მოგებას. ასევე მიუთითებს, რომ შემმოწმებლებმა მოცემული პერიოდის ანალიზისას არ გაითვალისწინეს საწარმოს მიერ გაწეული მთელი რიგი ხარჯები, როგორიცაა: ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯი, ფ/პ-ის მიერ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები, საიჯარო ქირა და სხვა. ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №8330 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №15929 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 419 126 ლარი, მათ შორის, გადასახადი 236 857 ლარი, ჯარიმა 118 616 ლარი და საურავი 63 653 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 15 აგვისტოს №18824 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 26 ნოემბრის №23855/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აგვისტოს №18824 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ნოემბრის №23855/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ გამოვლინდა ახალი გარემოებები, კერძოდ, საწარმოს ბუღალტერიაში წარმოდგენილი იქნა გამორჩენილი დოკუმენტები საერთო თანხით 176 500 ლარის (---- ----თან და -------თან გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სალაროს გასავლის ორდერები), რომლებიც შემმოწმებლებზე მიწოდებულ საბუღალტრო დოკუმენტაციაში და საბუღალტრო ბაზებში არ იყო ასახული, რომლის ასახვაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა დასაბეგრ ბაზას. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პერიოდში სალაროს ოპერაციებში ჩათვლილი იქნა, როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი, თუმცა ჩათვლილი უნდა იყოს როგორც კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გადახდილი თანხები. გამომდინარე აქედან, მოითხოვა აღნიშნულის გათვალისწინება და 176 500 ლარი განხილული იქნას, როგორც მომწოდებლების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ანაზღაურება.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და სადავო საქმეზე მის მიერ 17.10.2024 წელს დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლის შესწავლა და შესაბამისად, შეფასება შემოსავლების სამსახურს არ მოუხდენია, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტები/მასალები წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანების გამოცემის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი (17.10.2024 წელს №24126/2/2024 საჩივრით დამატებით წარმოდგენილი არგუმენტების და მტკიცებულებების ნაწილში), მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის წარდგენილი აღრიცხვის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა თანხები, რომელიც არ იყო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგრილი. შემოწმების მიერ, გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი წინა პერიოდების მონაცემების ანალიზით და დაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე პირს დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა დივიდენდი, რომელიც არ იყო დაბეგრილი. ამასთან, შემოწმების მიერ, წინა პერიოდების მონაცემების გათვალისწინებით, გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და დაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე/დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს ბუღალტერიაში გამორჩენილი იყო 176 500 ლარის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (-------თან და ------თან გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სალაროს გასავლის ორდერები), რაც შემოწმებისთვის მიწოდებულ საბუღალტრო დოკუმენტაციასა და საბუღალტრო ბაზებში არ იყო ასახული და რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დასაბეგრ ბაზას. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა სხვადასხვა პერიოდში სალაროს ოპერაციებში ჩათვლილი იყო, როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი, თუმცა წარმოადგენდა კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გადახდილ თანხებს.
საქმის განხილვისას, გადასახადის გადამხდელმა მიუთითა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში (-------თან და -------თან გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სალაროს გასავლის ორდერები) მითითებული პირები წარმოადგენენ მცირე მეწარმეებს, რომლებიც კომპანიას უწევდნენ კონკრეტულ მომსახურებებს, შესაბამისად, მათზე გაცემული მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არ ხდებოდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, რომ ზემოხსენებულ პირებზე გაცემული თანხები არ დაკვალიფიცირდეს გაცემულ დივიდენდად და ჩაითვალოს ამ პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს,შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევა, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------ს“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევა, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8330 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა დივიდენდი,რომელიც არ იყო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგრილი. გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი წინა პერიოდების მონაცემების მიხედვით და დაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე,გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15929 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 419 126 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18824 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №23855/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №18824 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს,შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევა, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ა“); 981(1) ; 130(1); 154(1 „დ“ . „ზ“ .2 „ა“ . „ბ“);