გადაწყვეტილება №27726/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27726/2/2026
30 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27726/2/2026).
დავის საგანი:
1. საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილების ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის, მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება;
2. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია;
3. სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №061-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №12464 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 184 718,81 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 115 093,57
დღგ 18 776,06
საშემოსავლო გადასახადი - 89 260,48
მოგების გადასახადი - 4 213,25
ქონების გადასახადი - 2 843,78
ჯარიმა - 55 826,20
საურავი - 13 799,04
პროცედურული გარემოებები
საწარმოს ეკონომიკური საქმიანობაა ტენდერების საფუძველზე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა. 2023 წლის ბოლოდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის №7456 ბრძანება და ამავე თარიღის №061-1 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №12464 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილების ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის, მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე ფიქსირდებოდა ორი ავტომობილი: FIAT FB90/2-4PT (2003) და MERCEDESBENZ ATEGO 1217 (1998). გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ავტომობილები არ გამოიყენებოდა არანაირ საქმიანობაში, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მასალების შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მერსედესის მარკის ავტომობილი, კომპანიის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც კერძოდ, 2023, 2024 და 2025 წლებში, აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციების ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებში. ამასთან, აღნიშნული გადაზიდვის ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდებოდა საწარმოს. შემოწმების ფარგლებში საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილის ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა დაკვალიფიცირდა მომსახურების გაწევად, რის გამოც აღნიშნული ოპერაცია საგადასახადო მიზნებისთვის შეფასდა საბაზრო ღირებულების მიხედვით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ვინაიდან მომსახურების გაწევა ხორციელდებოდა უსასყიდლოდ, შემმოწმებელმა მოიკვლია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სატვირთო ავტომობილის გაქირავების შედეგად მიღებული ყოველთვიური იჯარის თანხა, რომელმაც შეადგინა 2 500 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა განისაზღვრა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მისაღებ ყოველთვიურ ღირებულებად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა გადამხდელის მონაწილეობით, რომელსაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის მე-7 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის მე3 ნაწილზე, 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმის გარემოებების სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას, რის გამოც იგი ექვემდებარება ნაწილობრივ კორექტირებას, ხოლო საგადასახადო ვალდებულებები – გადახედვას.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი გასაჩივრებული იყო იმ საფუძვლით, რომ კომპანიას გააჩნდა დამატებითი განმარტებები და მტკიცებულებები, რომლებიც არსებით გავლენას მოახდენდა საქმის გადაწყვეტაზე. თუმცა აღნიშნული გარემოებების სრულყოფილად წარმოდგენა და განხილვაში მონაწილეობა ვერ მოხერხდა კომპანიის წარმომადგენლის გარდაცვალების გამო, რაც წარმოადგენდა კომპანიის ნებისგან დამოუკიდებელ, ობიექტურ გარემოებას. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი არ იყო საკმარისი არგუმენტები, წარმოადგენს დამატებით არგუმენტაციას.
შემოწმების აქტით დადგენილია, რომ კომპანიის ბალანსზე რიცხული MERCEDES BENZ ATEGO 1217-ის მარკის ავტომობილი 2023–2025 წლებში ფიქსირდებოდა სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებში, რის საფუძველზეც შემოწმებამ მიიჩნია, რომ ავტომობილი ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ ჰქონდა გადაცემული სარგებლობაში. აღნიშნული ოპერაცია შეფასდა მომსახურების გაწევად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601, 164-ე და შესაბამისი ნორმების საფუძველზე დაბეგრილ იქნა დღგ-ით.
ამასთან, შემოწმებამ ავტომობილის საბაზრო ღირებულებად ყოველთვიურად განსაზღვრა 2 500 ლარი, იმ მოტივით, რომ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სატვირთო ავტომობილის გაქირავების საფასური ასეთ ოდენობას შეადგენდა.
აღნიშნულ შეფასებას ვერ დაეთანხმება, რადგან იგი არ ეფუძნება სადავო ოპერაციების რეალურ ეკონომიკურ შინაარსსა და ფაქტობრივ გარემოებებს.
კერძოდ, თავად შემოწმების აქტითაც დადგენილია, რომ კომპანიის აქტიური ეკონომიკური საქმიანობა 2023 წლის ბოლოდან შეჩერებულია. ამავე დროს, შემოწმების მიერ მითითებულ პერიოდში ავტომობილი გამოყენებული იყო დაახლოებით 500 გადაზიდვის განსახორციელებლად. შესაბამისად, შეფასების საგანს წარმოადგენს არა ავტომობილის უწყვეტი, ყოველთვიური იჯარით სარგებლობა, არამედ ცალკეული გადაზიდვის ოპერაციები.
მსგავსი გადაზიდვის მომსახურების საბაზრო ღირებულება ერთ ოპერაციაზე საშუალოდ 50–70 ლარის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად ამისა, შემოწმებამ ყოველგვარი ეკონომიკური ანალიზისა და კონკრეტული ოპერაციების შეფასების გარეშე გამოიყენა ავტომობილის სრული თვის საიჯარო ღირებულება, რაც ფაქტობრივად უტოლდება მუდმივ კომერციულ გაქირავებას და აშკარად არ შეესაბამება მოცემულ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
შესაბამისად, როგორც დღგ-ის, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საგადასახადო ორგანოს დასკვნები ეფუძნება ვარაუდებსა და არასაკმარის მტკიცებულებებს, ხოლო საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი შეფასების საფუძველზე, რის გამოც არსებობს მათი გაუქმების ან, სულ მცირე, ხელახალი შეფასებისა და გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ბალანსზე ფიქსირდება ორი ავტომობილი FIAT FB90/2-4PT (2003) და MERCEDES-BENZ ATEGO 1217 (1998) სახელმწიფო ნომრით -------. გადამხდელის განმარტების თანახმად, მას შემდეგ რაც საწარმომ ეკონომიკური საქმიანობა შეწყვიტა (2023 წელს) აღნიშნული ავტომობილები არ გამოიყენებოდა არანაირ საქმიანობაში და გაჩერებული უნდა ყოფილიყო მეზობლის ეზოში. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების შესწავლისა და დამუშავების შედეგად ამოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადები მანქანის ნომრის ჭრილში და დადგინდა, რომ მერსედესის მარკის ავტომობილი, მომჩივნის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც კერძოდ, 2023, 2024 და 2025 წლებში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კომპანიებსა თუ ფიზიკური პირებს შორის განხორციელებული ოპერაციების ტრანსპორტირების ზედნადებებში.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემოწმების პროცესში ჩატარდა გასაუბრება, იმ კომპანიებთან და ფიზიკური პირებთან, რომელთა შორის განხორციელებული ოპერაციების ტრანსპორტირების ზედნადებებში ფიქსირდებოდა გადამხდელის კუთვნილ ბალანსზე არსებული ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და დადგინდა, რომ აღნიშნულ ავტომობილს ისინი ქირაობდნენ ------- ტერიტორიაზე ერთჯერადი გადაზიდვის მიზნით, ხოლო ავტომობილის მძღოლი იყო გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტებაში დასახელებული მეზობელი (-------), რომლის ეზოშიც გადამხდელის მტკიცებით უძრავად უნდა ყოფილიყო გაჩერებული აღნიშნული ავტომობილი. ამასთან კომპანიებს მძღოლზე (-------) გადახდილი მომსახურების ანაზღაურება დაკავებული ჰქონდათ წყაროსთან, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ მანქანას განკარგავდა და შემოსავალს იღებდა მანქანის მძღოლი და არა მომჩივანი, რის გამოც ოპერაცია დაკვალიფიცირდა, როგორც უსასყიდლო იჯარა.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომობილის ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა წარმოადგენს მომსახურების გაწევას, რის გამოც აღნიშნული ოპერაცია საგადასახადო მიზნებისთვის შეფასდა საბაზრო ღირებულების მიხედვით. რადგან მომსახურების გაწევა ხორციელდებოდა უსასყიდლოდ, შემმოწმებლის მიერ მოძიებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სატვირთო ავტომობილის გაქირავების შედეგად მიღებული ყოველთვიური იჯარის თანხა, რომელიც შეადგენდა 2500 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებს, რომელიც შეცვლიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა მართებულია, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
2. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები, ხარჯებში გათვალისწინებული იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო და დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული ხელფასი არ მოდიოდა შესაბამისობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მონაცემებთან. კერძოდ, 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე, დეკლარირებული ხელფასი შეადგენდა 1 531 ლარს, ხოლო ბანკით გაცემული ხელფასის შესაბამისად დასადეკლარირებელი თანხა იყო 1 786 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებამ გაიანგარიშა გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო და დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები (ფულის მოძრაობის ცხრილი გადაგზავნილი და გავლილია გადასახადის გადამხდელთან). შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას, ვინაიდან იგი არ ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას.
მართალია, შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განახორციელა გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების გადაანგარიშება, თუმცა აღნიშნული გადაანგარიშება დაეფუძნა არასრულ მონაცემებს. კერძოდ, როგორც კრედიტორული დავალიანებების საწყისი ნაშთები, ისე შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ცალკეული გადახდები სრულად არ იქნა ასახული.
შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ ზეპირსიტყვიერად იყო მიწოდებული ინფორმაცია რამდენიმე კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა იმ დროისათვის ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა, რის გამოც ისინი არ აისახა შემოწმების მიერ გამოყენებულ საანგარიშო მონაცემებში.
აღნიშნული გაუთვალისწინებელი ოპერაციების ჯამური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 41 000 ლარს. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც რამდენიმე მეწარმის, ასევე კომპანია „-------“ მიმართ ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ გადახდებს, აგრეთვე ტენდერის ------- ფარგლებში საგარანტიო უზრუნველყოფისა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით განხორციელებულ გადახდებს. ყველა აღნიშნული გადახდა წარმოადგენს საწარმოს რეალურად გაწეულ ფინანსურ ვალდებულებებსა და ეკონომიკურ ხარჯებს, რომლებიც გავლენას ახდენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრაზე.
შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის არასწორად განსაზღვრა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო აღნიშნული სხვაობის საწარმოს დირექტორისათვის გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიგვაჩნია, რომ დასაბეგრი ბაზა უნდა განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის რეალური ფინანსური მდგომარეობისა და სრულყოფილი მონაცემების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, განხილვის პროცესში შეფასებულ იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები, სრულყოფილად აისახოს საწარმოს მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, დაკორექტირდეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად, გადაიხედოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები, ამასთან ხარჯებში გათვალისწინებული იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო და დაზღვევის ხარჯები, (კერძოდ საბანკო გარანტია 148 262 ლარი და დაზღვევის გარანტია 15 846 ლარის ოდენობით გათვალისწინებული იქნა გადამხდელის ხარჯებში), გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები (ფულის მოძრაობის ცხრილი გადაგზავნილი და გავლილია გადასახადის გადამხდელთან). ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტს ან შესაბამის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №061-1 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 55 826,20 და საურავი - 13 799,04 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, შესაბამისად, დარიცხული სანქციის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, კომპანიამ სრულად ითანამშრომლა შემოწმების პროცესში, რაც ადასტურებს კომპანიის კეთილსინდისიერ მიდგომას. ამასთან, არსებობს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებული დარიცხვა რომელიც ტექნიკურად გამორჩენილია ან გამოწვეულია მეწარმის მიერ საკითხის დეტალების არცოდნით. მაგალითისთვის აღვნიშნოთ,• მიკრო მეწარმის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით;
• ტექნიკურად გამორჩენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობას, რომელზე გამოწერილი არ იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ იყო დაბეგრილი.
• ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა უმნიშვნელო სხვაობით იყო არაზუსტად განსაზღვრული.
ზემოაღნიშნულ საკითხებში გადამხდელი ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას და ითხოვს, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანია გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.