ბრძანება N 21448
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21448
31 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 23 იანვრის და 20 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისს და 17 აგვისტოს გამართულ სხდომებზე (ოქმები №76 და №85) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №78322/1/2023 და N458720 (რეგ. №30989/21) საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №227-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას და მიუთითებს, რომ იგი დაუსაბუთებელია, რადგან არ გამოვლენილა/არ ფიქსირდება არცერთი დამატებითი მასალის შეძენისა და გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამატებითი ხელფასის გაცემის ფაქტი ან/და დამატებითი პროდუქციის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ერთმანეთს არ დააკავშირა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებსა და სარეალიზაციო სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემები, რადგან ტრანსპორტირების დასრულების ადგილიდან საქონელი რეალიზდებოდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო დანარჩენი საქონელი ბრუნდებოდა საწარმოში და შემდგომ გადაიზიდებოდა სხვა შიდა გადაზიდვის ზედნადებით ან რეალიზდებოდა სასაქონლო ზედნადებით. მომჩივანი ითხოვს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივნისის №15869 და 14 დეკემბრის №31454 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32852 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №227-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 235 329 ლარი, მათ შორის გადასახადი 127 142 ლარი, ჯარიმა 63 670 ლარი და საურავი 44 517 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------" ახორციელებს გაურჩეველი თხილის შეძენას ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით, ახდენს მის გადამუშავებას და მზა პროდუქციის სახით (თხილის კალიბრირებული გული, დაბალი ხარისხის თხილის გული, ნაჭუჭი) მიწოდებას ადგილობრივ მსხვილ შემძენებზე. საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №9983/15-04-10 წერილის და დადგენილების მიხედვით, შემოწმებას ეცნობა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შპს „-------“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით გადასახადის თავიდან არიდების ფაქტზე. კერძოდ, დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „-------“ შიდა გადაზიდვის ზედნადებებით ------- (მისი საწარმოდან) -------, ------- არსებულ შპს „-------“ ქარხნის ტერიტორიაზე მიტანილი ჰქონდა 74 680 კგ. თხილის გული, რაც დასაწყობებული უნდა ყოფილიყო ამ ტერიტორიაზე. შემდგომში დანიშნული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით აღნიშნული მარაგების არსებობა არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები საწარმოს მიერ გამოწერილი ამ და სხვა შიდა გადაზიდვის ზედნადებებთან დაკავშირებით. კერძოდ, თხილის გულის გადაზიდვები ამ ზედნადებებში დაფიქსირებული საბოლოო მისამართებიდან აღარ გრძელდებოდა რეალიზაციის ზედნადებებით და შესაბამისად, არ იყო ასახული საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებში. ვინაიდან, საწარმოს მიერ წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არ იყო აღრიცხული აღნიშნული ოპერაციები, გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნულ შიდა გადაზიდვის ზედნადებში მითითებული რაოდენობები მიჩნეულ იქნა რეალიზებულად (საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული საშუალო სარეალიზაციო ფასებით). ამასთან, გათვალისწინებულ იქნა დამატებითი შემოსავლები კალიბრირებული თხილის გულის თანმხლები დაბალხარისხიანი/მეორადი პროდუქტების დამატებითი რეალიზაციის გამოც, ასევე დამატებითი ხარჯები დამატებით რეალიზებული პროდუქციის ნედლეულის შეძენის გამო (საწარმოს მიერ პერიოდების მიხედვით დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასებით), ასევე სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის შედეგებით. ანგარიშის მიხედვით, სალაროში დარჩენილი ფულადი ნაშთი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენება არ დადასტურდა, შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2023 წლის 17 აგვისტოს 12:00 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს განაცხადა თანხმობა, რომ დავის განხილვა მომხდარიყო მისი მონაწილეობის გარეშე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები საწარმოს მიერ გამოწერილ სხვადასხვა შიდა გადაზიდვის ზედნადებებთან დაკავშირებით. კერძოდ, თხილის გულის გადაზიდვები ამ ზედნადებებში დაფიქსირებული საბოლოო მისამართებიდან აღარ გრძელდებოდა რეალიზაციის ზედნადებებით, არ ფიქსირდებოდა არც უკან დაბრუნება საწარმოს საწყობში, არც სარეალიზაციოდ გატანა და არც სასაქონლო ზედნადების გაუქმება და შესაბამისად, არ იყო ასახული კომპანიის მიერ წარდგენილ დეკლარირებულ შემოსავლებში. ამდენად, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნულ შიდა გადაზიდვის ზედნადებში მითითებული რაოდენობების რეალიზებულად მიჩნევა შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული საშუალო სარეალიზაციო ფასებით. აგრეთვე, მართლზომიერია დამატებითი შემოსავლებისა და დამატებითი ხარჯების გათვალისწინება (დამატებით რეალიზებული პროდუქციის ნედლეულის შეძენის გამო) პერიოდების მიხედვით დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასებით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებას არ გამოუვლენია არცერთი დამატებითი ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიმწოდებელი პირი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ფიზიკური პირებისაგან გაურჩეველი თხილის შესყიდვის გამარტივებული აქტები იმ რაოდენობით, რაც გადამუშავების ნორმების მიხედვით დაახლოებით შეესაბამებოდა საწარმოს მიერ დოკუმენტურად მიწოდებული და დეკლარირებული პროდუქციის მოცულობებს. ამასთან, შიდა გადაზიდვის ზედნადებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა დამატებით შეძენილი სხვა სმფ-ების შეძენაც, რაც შემოწმებისათვის წარდგენილ შესყიდვის აქტებში არ ფიგურირებდა. აგრეთვე, შიდა გადაზიდვის ზედნადებებით ------- -------, ------- გადაზიდული იყო 12 500 კგ. კალიბრირებული თხილი, რომელიც ასევე არ იყო ასახული გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებში. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ კომპანიას ნამდვილად ჰქონდა სმფ-ების აღურიცხავი შეძენებიც, რაც დამატებითი ხარჯების სახით გათვალისწინებულ იქნა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშის პროცესში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ახორციელებს გაურჩეველი თხილის შეძენას ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით, ახდენს მის გადამუშავებას და მზა პროდუქციის სახით მიწოდებას ადგილობრივ მსხვილ შემძენებზე. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები საწარმოს მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადებებთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სალაროში დარჩენილი ფულადი ნაშთი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენება არ დადასტურდა, შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 275;