ბრძანება N 23581

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 23581
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23581

26 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 28 ივლისის №82691/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №077-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, საბუღალტრო ჩანაწერებით და გაანგარიშებით შემოწმების მონაცემები შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და ითხოვს დღგ-ში დამატებით დარიცხული თანხების დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ ------- ქონების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემმოწმებლის მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული თანხის მიღების ფაქტი და აღნიშნული თანხა უპირობოდ მიჩნეულ იქნა მიღებულად და გაცემულად. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ ------- გადაცემული ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა სადავოდ მიიჩნია გაწეული მომსახურების სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე განახორციელა ვალდებულებების განსაზღვრა. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების სრულად შემცირებას.

4. გადამხდელი ეთანხმება რეალიზებული ქონების ღირებულებების მიღებულად ჩათვლას და ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების გარეშე იქნა სადავო საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილება მიღებული და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ამასთან, შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითება ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრის შესახებ, რომლითაც განიმარტა, რომ დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე სესხად კვალიფიკაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შემოწმების შედეგად დგინდება საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ დავალიანების ანაზღაურების ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხები სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №7170 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 13 ივლისის №16990 ბრძანება და ამავე თარიღის №077-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 886 662 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 715 059 ლარი, ჯარიმა 851 988 ლარი, საურავი 319 615 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს ძირითადი საქმიანობის ფარგლებში აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი -------. აღნიშნული მშენებლობის დასკვნით ეტაპზე, ბინების გარკვეული ნაწილი რეალიზებულია, ხოლო ნაწილზე ფიქსირდება მომავალი მესაკუთრეები. შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის და საჯარო რეესტრის მონაცემებით საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით ავანსების მიღება ბინების შემდგომი რეალიზაციისთვის, ავანსების ძირითადი ნაწილი ირიცხება ფიზიკური პირებისგან. გამომდინარე იქედან, რომ გადამხდელის მიერ აღნიშნული ავანსების მიღება არაა დაბეგრილი დღგ-ით, შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს მიერ მიღებულ ავანსებზე დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინები (ისეთი ბინები, რომელზეც საკუთრება რეგისტრირებულია), რომლის საფუძველზეც გამოვლინდა ფიზიკური პირი, ვისზეც საწარმოს მიერ რეალიზებულია ფართი, თუმცა არაა ასახული საბუღალტრო მონაცემებში და შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში, კერძოდ 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ბინა ფ/პ ------- (-------), რომელიც არაა დაბეგრილი დღგ-ით და შემოსავალი არაა ასახული საბუღალტრო მონაცემებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ ბინის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით, ასევე ბინის ღირებულება განხილულ იქნა მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინები (ისეთი ბინები, რომელზეც საკუთრება რეგისტრირებულია), რომლის საფუძველზეც გამოვლინდა ფიზიკური პირი, ვისზეც საწარმოს მიერ რეალიზებულია ფართი, ხოლო რეალიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ გარკვეული მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ გადაეცა აღნიშნული ქონება. შემოწმების მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული აღნიშნული ქონების მიმღების (ფ/პ -------) მიერ საწარმოსთვის მომსახურების გაწევის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ფ/პ ------- მიწოდებული უძრავი ქონება (-------) განხილულ იქნა უსასყიდლოდ მიწოდებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ფართები (ისეთი ბინები, რომლებზეც საკუთრება რეგისტრირებულია). გამოვლინდა რეალიზებული ქონება, რომლის საფუძველზეც მიღებული/მისაღები თანხაა არაა ასახული საბუღალტრო მონაცემებში. ამასთან, საწარმოს მიერ რეალიზებულ ფართებზე (-------) გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია შესაბამის დეკლარაციაზე. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირებულია, რომ მყიდველის მიერ ფართის ღირებულება სრულადაა ანაზღაურებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ ქონების ღირებულება განხილულ იქნა მიღებულად და ანგარიშვალდებული პირისთვის ხელფასის სახით განაცემად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის 14 სექტემბერს 11:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა)პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს ძირითადი საქმიანობის ფარგლებში აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი. საწარმოს მიერ ბინების გარკვეული ნაწილი რეალიზებულია, ხოლო ნაწილზე ფიქსირდება მომავალი მესაკუთრეები. შემოწმებისთვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის და საჯარო რეესტრის მონაცემებით საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით ავანსების მიღება ბინების შემდგომი რეალიზაციისთვის, ავანსების ძირითადი ნაწილი ირიცხება ფიზიკური პირებისგან. შემოსავლების სამსახური განმარტავს, გამომდინარე იქედან, რომ გადამხდელის მიერ აღნიშნულ ავანსებზე არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება, შემოწმებით, საწარმოს მიერ მიღებული ავანსების დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულია ბინა ფ/პ ------- (-------), რომელიც არაა დაბეგრილი დღგ-ით და შემოსავალი არაა ასახული საბუღალტრო მონაცემებში. შემოწმების მიერ ბინის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით, ასევე ბინის ღირებულება განხილულ იქნა მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულია ფართი, ხოლო რეალიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ გარკვეული მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ გადაეცა აღნიშნული ქონება. შემოწმების მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული აღნიშნული ქონების მიმღების (ფ/პ -------) მიერ საწარმოსთვის მომსახურების გაწევის ფაქტი. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფ/პ ------- მიწოდებული უძრავი ქონების (-------) უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და დღგ/საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულია ქონება, რომლის საფუძველზეც მიღებული/მისაღები თანხა არაა ასახული საბუღალტრო მონაცემებში. ამასთან, საწარმოს მიერ რეალიზებულ ფართებზე (-------) გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია შესაბამის დეკლარაციაზე. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირებულია, რომ მყიდველის მიერ ფართის ღირებულება სრულადაა ანაზღაურებული. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების ღირებულების მიღებულად ჩათვლა და ანგარიშვალდებული პირისთვის ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება

1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. ქონების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. ფიზიკური პირისთვის გადაცემული ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას.

4. დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე სესხად კვალიფიკაციას

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს ძირითადი საქმიანობის ფარგლებში აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი. აღნიშნული მშენებლობის დასკვნით ეტაპზე, ბინების გარკვეული ნაწილი რეალიზებულია, ხოლო ნაწილზე ფიქსირდება მომავალი მესაკუთრეები. შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის და საჯარო რეესტრის მონაცემებით საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით ავანსების მიღება ბინების შემდგომი რეალიზაციისთვის, რომელიც არ არის დაბეგრილი დღგ-თი;

2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინები (ისეთი ბინები, რომელზეც საკუთრება რეგისტრირებულია), რომლის საფუძველზეც გამოვლინდა ფიზიკური პირი, ვისზეც საწარმოს მიერ რეალიზებულია ფართი, თუმცა არაა ასახული საბუღალტრო მონაცემებში და შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში, რომელიც არაა დაბეგრილი დღგ-ით და შემოსავალი არაა ასახული საბუღალტრო მონაცემებში. შემოწმების მიერ ბინის ღირებულება განხილულ იქნა მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად.

3. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური პირი, ვისზეც საწარმოს მიერ რეალიზებულია ფართი, ხოლო რეალიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ გარკვეული მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ გადაეცა აღნიშნული ქონება. შემოწმების მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული აღნიშნული ქონების მიმღების მიერ საწარმოსთვის მომსახურების გაწევის ფაქტი. ფიზიკური პირისთვის მიწოდებული უძრავი ქონება განხილულ იქნა უსასყიდლოდ მიწოდებად და საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

4. შემოწმების მიერ გამოვლინდა რეალიზებული ქონება, რომლის საფუძველზეც მიღებული/მისაღები თანხა არ არის ასახული საბუღალტრო მონაცემებში. საწარმოს მიერ აღნიშნულ რეალიზებულ ფართებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია შესაბამის დეკლარაციაზე. შემოწმების მიერ ქონების ღირებულება განხილულ იქნა მიღებულად და ანგარიშვალდებული პირისთვის ხელფასის სახით განაცემად.

გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154; 159; 163;164; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161