ბრძანება N 32682
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32682
25 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 14 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №85051/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №081-266 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური მარაგების დოკუმენტები, საბანკო ანგარიშის ამონაწერები და სხვა ინფორმაცია. აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ გაანგარიშდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც 2023 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 119 700 ლარს, ხოლო 2023 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ იყო. მომჩივანი მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დირექტორს საკუთარი თანხა აქვს გადახდილი მომწოდებლებზე, რომელიც შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავლებით აქვს დაბალანსებული. მომჩივანი ითხოვს, რომ შემოწმებამ გაითვალისწინოს მის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი სალაროში თანხების მოძრაობის უწყისი და შესაბამისად მოახდინოს საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის №21845 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 16 ოქტომბრის №25595 ბრძანება და ამავე თარიღის №081-266 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 63 664 ლარი, მათ შორის გადასახადი 40 328 ლარი, ჯარიმა 21 201 ლარი და საურავი 2 135 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული იყო საქონლის/მომსახურების შეძენა. ამასთან, რიგ შემთხვევებში ფიქსირდებოდა დამკვეთებისთვის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესაბამისი თანხები არ იძებნებოდა საბანკო ამონაწერებში. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებდა, შემოწმებისათვის არ იყო წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, ასევე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გახარჯული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს. 2023 წლის 8 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი, სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული და ბანკში ჩაურიცხავი გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული იყო საქონლის/მომსახურების შეძენა. ამასთან, რიგ შემთხვევებში ფიქსირდებოდა დამკვეთებისთვის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესაბამისი თანხები არ იძებნებოდა საბანკო ამონაწერებში. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებდა, შემოწმებისათვის არ იყო წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, ასევე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გახარჯული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი, სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული და ბანკში ჩაურიცხავი გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდებოდა საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული იყო საქონლის/მომსახურების შეძენა. ამასთან, რიგ შემთხვევებში ფიქსირდებოდა დამკვეთებისთვის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა შესაბამისი თანხები არ იძებნებოდა საბანკო ამონაწერებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი, სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული და ბანკში ჩაურიცხავი გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154 ;