ბრძანება № 29524

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.11.2023
№ დოკუმენტი 29524
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 29524

29 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 31 ოქტომბრის, 2 ნოემბრის და 8 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 31 ოქტომბრის №84531/1/2023, 2 ნოემბრის №84626/1/2023 და 8 ნოემბრის №84804/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №081-194 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ დარიცხვა არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 აგვისტოს №21260 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 21 ივლისიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 სექტემბრის №23599 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 27 სექტემბრის №081-194 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 483 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 341 ლარი, ჯარიმა 50 671 ლარი და საურავი 5 471 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით, ქ. ---------. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 11 აგვისტოს, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა 0 ლარით. კომპანიის დირექტორის ---------- მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, კომპანია საქმიანობას აღარ ახორციელებდა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად იხელმძღვანელა დირექტორის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასნამატით და ქ. --------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატით, რომელმაც შეადგინა 8%, ხოლო, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის შემთხვევაში დადგინდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 1.64%, რომელიც გამოყენებულ იქნა საბითუმო რეალიზაციისთვის. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესს, შესაბამისი პერიოდების ცვლილებებისა და სახეობების გათვალისწინებით. ამდენად, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად, აგრეთვე, გამოსაქვითი ხარჯების ანალიზით და კომპანიის შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებით დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 11 აგვისტოს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც ნაღდი ფულის რაოდენობამ შეადგინა 0 ლარი. კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტების თანახმად, კომპანია საქმიანობას აღარ ახორციელებდა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. ამდენად, შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე კომპანიის დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასნამატისა და ქ. --------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატის 8%-ის გამოყენება, ხოლო, საბითუმო რეალიზაციის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატის 1.64%-ის გამოყენება და აღნიშნულის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების დადგენა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბერს წარმოდგენილ საჩივარზე გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ნოემბრის №-------- წერილით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე, დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) დღე. აღნიშნული წერილის პასუხად გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში 2023 წლის 2 და 8 ნოემბერს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივრები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში არ იყო მითითებული კონკრეტული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

ამგვარად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად, აგრეთვე, გამოსაქვითი ხარჯების ანალიზით და კომპანიის შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებით დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);101(1);154(1);