ბრძანება N 11090
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11090
30 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 28 აპრილის და 6 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 და 15 მაისის სხდომებზე (ოქმი №36 და №39) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ----) 2025 წლის 28 აპრილის №95325/1/2025 და 6 მაისის №95503/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 აპრილის №024-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით და აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული, რომ ჯართი შეძენილია ფიზიკური პირებისგან. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს არ აქვს შესწავლილი შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები. მისი განმარტებით, არასწორია დოკუმენტური შეძენებიდან მინიმალური ფასის აღება და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენება.
2. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების ოდენობას და აღნიშნავს, რომ შემოწმებით დადგენილი თანხა არარეალურია.
3. გადასახადის გადამხდელი დაზუსტებული საჩივრით ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას და დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №2968 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 აპრილის №6473 ბრძანება და ამავე თარიღის №024-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 10 104 832 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 538 624 ლარი, ჯარიმა 3 286 768 ლარი და საურავი 279 440 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენარეალიზაცია. შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებულია ელექტრონულად სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. გადამხდელმა ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ შესყიდული ჯართი აღრიცხულია ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში, მაგრამ არ წარმოუდგენია შემოწმების დროს (წარმოადგინა ჟურნალების ქსეროასლის მცირე ნაწილი, რომლის მიხედვით მოქალაქეებიდან ჯართის შეძენა შეადგენს 103 659 ლარს). ასევე, არ წარმოუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ანალიზით დგიდება, რომ გადამხდელს გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები არ აქვს დეკლარირებული. ვინაიდან გადამხდელის მიერ არაა წარმოდგენილი გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია, შემოწმება შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი, შემოწმებამ ისარგებლა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ით და ხარჯები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. ამდენად, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) განისაზღვრა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით. აღნიშნული მეთოდით გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართმა შეადგინა 24 439 780 ლარი, რომელსაც დაემატა 103 659 ლარი (წარმოდგენილი) და 24 543 439 ლარი დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. საწარმოს საქმიანობის შედეგად მიღებულმა თანხამ სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით შეადგინა 23 257 847 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდში. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში თავდაპირველად ჩანიშნული იყო მ/წლის 7 მაისს 13:20 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე განხილვა გადაიდო და ჩაინიშნა მ/წლის 15 მაისს 15:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას განაცხადა თანხმობა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ჯართის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რაზეც შედგა სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. შემოწმება შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ოდენობა, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელმა ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ შეძენების ნაწილი განხორციელებული აქვს ფიზიკური პირებისგან (აქვს ჯართის შეძენის ათეულობით პუნქტი, სადაც ხდება ფიზკური პირებისგან ჯართის მიღება) და განაცხადა, რომ მათ აღრიცხვას აწარმოებს სპეციალურ ჟურნალებში, თუმცა აღნიშნული მასალები არ წარმოუდგენია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე. კერძოდ, მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი შედგა 2025 წლის 10 მარტს (№188612). საწარმოს ასევე არ წარმოუდგენია საბუღალტრო აღრიცხვის ამსახველი დოკუმენტაცია (არ იყო წარდგენილი წინა საგადასახადო შემოწმების დროსაც). 2025 წლის 17 მარტს გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ჯართის შეძენის ჟურნალების ნაწილის ქსეროასლები. აღნიშნულ განცხადებაში გადამხდელს არ დაუფიქსირებია, რომ ჟურნალები ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს მიერ. ჟურნალების მიხედვით, ყველა შეძენა განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან.
გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ფიქსირდება იმაზე მეტი ჯართის რეალიზაცია, რაც შეძენილია სასაქონლო ზედნადებებით, შესაბამისად, სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილ ჯართად და ვინაიდან, არ იყო წარმოდგენილი მათი შეძენის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად (აღსანიშნავია, რომ შემოწმების დროს წარმოდგენილი ჯართის შეძენების ჟურნალების ასლებში არსებული ინფორმაცია გათვალისწინებულია შემოწმების მიერ), ამიტომ მათი შეძენის ღირებულების დასადგენად შემოწმებამ იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ით და ხარჯი განსაზღვრული იქნა დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.
რაც შეეხება სალაროს ნაშთს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთირთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. გაანგარიშებული თანხ, სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდებოდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და არც შესყიდვის აქტებში და ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალში არ იყო შეტანილი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით ;
2. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების ოდენობას;
3. გადასახადის გადამხდელი დაზუსტებული საჩივრით ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას და დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმება შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ოდენობა, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ამასთან, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 133 3; 269 (7).