გადაწყვეტილება №24055/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.11.2024
№ დოკუმენტი 24055/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24055/2/2024

26 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 4.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24055/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №249-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20549 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 028,56 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 53 702

ჯარიმა - 26 851

საურავი - 3 475,56

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით.

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 7.10.2020 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 25.03.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №249-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20549 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ჩინეთიდან შემოტანილი აქვს 907 632 ლარის ღირებულების მცირე ტექნიკა. აღნიშნული საქონლის რეალიზაციას კი ახორციელებს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების (ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა) შედეგად პირთან სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც არსებითად განსხვავდება ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად დადგენილი ნაშთისაგან. ამავდროულად გაანგარიშებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი, რომელიც შეადგენს 18%-ს. ასევე დამუშავდა გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია რეალიზებული პროდუქციის გაშიფვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა საქონლის ნაშთი, რომელიც შეუდარდა ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს. სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების (ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა) შედეგად პირთან სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც არსებითად განსხვავდება ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად დადგენილი ნაშთისგან. ამავდროულად გაანგარიშებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი, რომელიც შეადგენს 18%-ს. შემოწმების მიერ ასევე დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია რეალიზებული პროდუქციის გაშიფვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილ იქნა გადასახადის გადამხდელის საქონლის ნაშთი, რომელიც შედარებულ იქნა ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთთან და სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მითითებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძვლებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.12.2020 წლის №ბს-421 (2კ-20) გადაწყვეტილებით განმარტებულია საგადასახდო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებები უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანოს ვალდებული იყო საგადასახადო ვალდებულებების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძვლებზე განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არა არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში კი საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს მითითებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივ ნორმებზე, არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად. მომჩივანი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა გამოუკვლეველად განხორციელდა პირის საგადასახადო ტვირთის დამძიმება ადმინისტარციული ორგანოს მხრიდან. საგადახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-9 ნაწილი განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულს სანქციას და ადგენს, რომ თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახდო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზროს ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, ხოლო აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვის ვალდებულება ეკისრება პრის დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში შემმოწმებლების მიერ უნდა განხორციელებულიყო შემოწმების ფარგლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლენილ დანაკლისთან მიმართებაში გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით სანქციის განსაზღვრა, ხოლო აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვის ვალდებულება ეკისრება პირს მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება გამოვლენილი დანაკლისის თაობაზე. ამასთან საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად დადგენილი, რომ ამ მუხლის გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისი ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლომატერილური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება. აღნიშნულის შესაბამისად შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგები გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლად, რასაც არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ინვენტარიზაციას უნდა მოჰყოლოდა კონკრეტული შედეგი და პირს საგადასახადო ვალდებულებები უნდა განსაზღვროდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 15.07.2024 წლის №249-26 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 84 028,56 ლარი, მათ შორის, გადასახადი 53 702ლარი, ჯარიმა 26 851 ლარი და საურავი 3 475,56 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლებას. აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნიათ, რომ პირი წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადი გადამხდელს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილ იქნა გადასახადის გადამხდელის საქონლის ნაშთი, რომელიც შედარებულ იქნა ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთთან და სხვაობა დაიბეგრა დღგით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივნის განმარტებით, გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მითითებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძვლებზე. მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.12.2020 წლის №ბს-421 (2კ-20) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგები გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლად, რასაც არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ინვენტარიზაციას უნდა მოჰყოლოდა კონკრეტული შედეგი და პირს საგადასახადო ვალდებულებები უნდა განსაზღვროდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20549 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

2.გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.დადგინდა საქონლის ნაშთი, რომელიც შეუდარდა ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს. სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 84 028,56 ლარი, მათ შორის, გადასახადი 53 702ლარი, ჯარიმა 26 851 ლარი და საურავი 3 475,56 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),269(7).