გადაწყვეტილება №19924/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19924/2/2023
04 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 8.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19924/2/2023).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №ELC18612 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8176 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით №----------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით №----------) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 12.09.2019 წელს მომჩივნის მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 11.11.2019 წელი.
აღნიშნულ ვადაში, ხსენებული სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა. გამოვლენილი ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №ELC18612 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2023 წლის №8176 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 165-ე მუხლზე, დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ №---------- ს/ს №----------) გადაყვანილ და შემდეგ ჩამოცლილ იქნა ---------- ში, ვინმე ---------- ოჯახში. აღნიშნულის შემდეგ, მათთან არ ჰქონია რაიმე სახის კომუნიკაცია, ვინაიდან ბოლომდე იქნა შესრულებული მოვალეობა და დამკვეთის მისამართზე მიუტანა მას კუთვნილი ავტომობილი. არ იცოდა თუ შეიძლებოდა პასუხისმგებელი ყოფილიყო სხვისი ავტომობილის დეკლარირებისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავს საქმიანობას ეწეოდა მანამდეც, თუმცა მსგავს პრობლემა არასდროს ჰქონია. შემდგომში კი როგორც გაირკვა აღნიშნული კანონი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია, მიღებული ყოფილა 29.08.2019 წელს, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა მოხდა 12.09.2019 წელს, ანუ ბრძანება ყოფილა ორი კვირის ამოქმედებული. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის განმარტება ან/და გაფრთხილება საბაჟოზე არავისგან მიუღია.
გარდა ამისა საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2019 წლის ბოლოდან საქართველოში, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებდა COVID 19, რის გამოც ქვეყანაში იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა, კომენდანტის საათი, რის გამოც არავისგან (არცერთი კოლეგისგან) არ მიუღია ან/და არ სმენია კანონში მსგავსი ცვლილების შესახებ. ასევე ითხოვს იმის გათვალიწინება, რომ აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის და საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვს გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის №8176 ბრძანება და გაუქმდეს 28.11.2022 წლის №ELC18612 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია 1 000 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საქმის მასალებით დგინდება, ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 12.09.2019 წელს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 11.11.2019 წელი.
საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის და დეკლარირების ვადის დარღვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 12.09.2019 წელს მომჩივნის მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 11.11.2019 წელი. აღნიშნულ ვადაში, ხსენებული სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა. გამოვლენილი ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.