გადაწყვეტილება №26032/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 26032/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26032/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 15.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26032/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი განკარგვადი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 01.07.2025 წლის N 071-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2025 წლის N 20282 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 133 428,94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 85 734,94 ლარი;

დღგ - 7 690,19 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 78 044,75 ლარი;

ჯარიმა - 44 610,8 ლარი;

საურავი - 3 083,2 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 01.01.2022 წლიდან 01.05.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 01.05.2025 წლის N 8311 ბრძანების საფუძველზე, 02.05.025 წელს ჩატარდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის მონიტორინგი, რომლის შედეგებზე შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, ა/ფაქტურები), სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა (ხელშეკრულებები, მიღება - ჩაბარებები) და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გაანგარიშდა განკარგვადი თანხა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების (სარემონტო მომსახურება) ხელშეკრულებების და მიღება - ჩაბარების აქტების შესწავლის/ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებათ მსგავსი მომსახურების გაწევა, საგადასახადო ორგანოში არ არის წარდგენილი სარემონტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ასევე, საქმიანობის კოდში მითითებულია განსხვავებული საქმიანობები. კერძოდ, ,,საბითუმო ვაჭრობა ხე - ტყის მასალით" და ,,საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო - სახმელეთო ტრანსპორტი". შესაბამისად, აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში.

გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 01.07.2025 წლის N 071-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.09.2025 წლის N 20282 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

დარიცხულია 390 000 ლარის საშემოსავლო გადასახადი, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხების გაცემა მოხდა ხელზე, სარემონტო მომსახურების ანაზღაურების სანაცვლოდ, გარდა ამისა, თანხის დიდი ნაწილი გახარჯული გვაქვს საწვავების შესაძენად. თანხის დიდი ნაწილი გადახდილია მეწარმეებისთვის მომსახურების სანაცვლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია და შესაბამისი ოქმის (დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი), პირველადი დოკუმენტების, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებები, მიღება/ჩაბარების აქტები) გათვალისწინებით გაიანგარიშა საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტორის განმარტებით, ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულია მომჩივნის მიერ ხსენებული ხარჯები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოწმებით დადგენილი განკარგვადი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია და შესაბამისი ოქმის (დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი), პირველადი დოკუმენტების, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებები, მიღება/ჩაბარების აქტები) გათვალისწინებით გაიანგარიშა საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73 (9 ნაწილის ,,ბ"); 101 (1); 154;.