გადაწყვეტილება №24199/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 24199/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24199/2/2024

27 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 27.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24199/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს №064-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21528 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 625 021 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 410 290

დღგ - 53 377

მოგების გადასახადი - 356 688

საშემოსავლო გადასახადი - 225

ჯარიმა - 206 977

საურავი - 7 754

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული თეთრეულის კომპლექტით და ტანსაცმლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9111 და 16 ივლისის №16796 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე. შედეგები აისახა 2024 წლის 29 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 აგვისტოს №18211 ბრძანება და 7 აგვისტოს №064-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 625 021 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 ოქტომბრის №21528 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ); - მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21528 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, საწარმოს ბალანსზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 413 067 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №13781 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 14.06.2024 წლის მდგომარეობით, გამოვლინდა საქონლის ნაშთი 52 410 ლარის ოდენობით.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავლები და ხარჯები დაითვალა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კომპანიას უფიქსირდება საქონლის შეძენა როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებამ განსაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე (თეთრეული, ტანსაცმელი, სხვა). უდოკუმენტოდ რეალიზებულად განხილული შესაბამისი სახეობის/კატეგორიის (თეთრეული/ტანსაცმელი) საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) საშუალო შეწონილი ფასნამატი 38.8%- ის ოდენობით. სხვა დაუიდენტიფიცირებელი კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი 43,7%-ის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად არის დადგენილი ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ გადასახადის გადამხდელმა გამოუცდელობის შედეგად სათანადოდ ვერ ითანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტთან, ვერ მიიღო სრულყოფილი მონაწილეობა უპირველესად ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანაში, რის შედეგიც არის ფაქტიური ნაშთის არასწორი მონაცემების დადგენა, რამაც გავლენა იქონია ფასნამატის ფორმირებაზე. ასევე, გაურკვეველია რა შესადარისი ინფორმაცია გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტმა „მსგავსი ობიექტის“ მოძიებისას და მისი ფასნამატის გავრცელებისას.

შესაძლებელია თანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთოს განსხვავებული გარემოებები, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს დარიცხვაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს №064-5 საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

2. არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულის მონაცემების, საბაჟო დოკუმენტაციის, ინვოისების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ჩინეთიდან შეძენილი აქვს საქონელი 403 851 ლარის საინვოისო ღირებულებით (ტრანსპორტირების ჩათვლით), ხოლო მოწოდებული სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, საბანკო ამონაწერის მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული აქვს თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 2 021 232 ლარის ეკვივალენტით მეტი. მოწოდებული ამონაწერების მიხედვით, ბოლო საბანკო გადარიცხვა ფიქსირდება 28.03.2024 წელს (მოწოდებულია 2024 წლის აპრილამდე პერიოდის საბანკო ამონაწერები). გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ განმარტა, ასევე არ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც „ზედმეტად“ გადარიცხული თანხის მიზნობრიობას დაადასტურებდა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით „ზედმეტად“ გადარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 982 , 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენდზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვას. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა განხილულ უნდა იქნეს კაპიტალის შემცირების ხარჯზე კომპანიიდან ფინანსური სახსრების ამოღებად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ, შორის მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოგების გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომჩივანს დაევალა ინფორმაციის წარდგენა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საკითხის გადაანგარიშება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის ან არასათანადოდ შეფასების შემთხვევაში, მომჩივანი უფლებას იტოვებს დავების განხილვის საბჭოზე ხელახალი განხილვის.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს №064-5 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 625 021 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 410 290 ლარი, ჯარიმა - 206 977 ლარი და საურავი - 7 754 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი). გადასახადის გადამხდელი ითხოვს საჩივარი განხილულ იქნას მომჩივნის მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო :

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21528 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არარეზიდენტზე ზედმეტად გადარიცხული თანხის არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განსაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე (თეთრეული, ტანსაცმელი, სხვა). უდოკუმენტოდ რეალიზებულად განხილული შესაბამისი სახეობის/კატეგორიის (თეთრეული/ტანსაცმელი) საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) საშუალო შეწონილი ფასნამატი 38.8%- ის ოდენობით. სხვა დაუიდენტიფიცირებელი კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატი 43,7%-ის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

შემოწმების მასალების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ჩინეთიდან შეძენილი აქვს საქონელი 403 851 ლარის საინვოისო ღირებულებით (ტრანსპორტირების ჩათვლით), ხოლო მოწოდებული სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, საბანკო ამონაწერის მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული აქვს თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 2 021 232 ლარის ეკვივალენტით მეტი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ განმარტა, ასევე არ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც „ზედმეტად“ გადარიცხული თანხის მიზნობრიობას დაადასტურებდა. შემოწმებით „ზედმეტად“ გადარიცხული თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ მომწოდებელზე გაცემულ სესხად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: (304 1, ბ).