გადაწყვეტილება №19917/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19917/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19917/2/2023

04 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 8.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19917/2/2023).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №EL206897 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11144 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

20.04.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა ---------- რეგისტრირებული №---------- (VIN: ----------) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე (საქართველოს და ----------) პირი „----------“ (პ/ნ ----------; პასპ. № ----------).

საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (№----------) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო თავად „----------“ (პ/ნ ----------) მიერ 18.12.2022 წელს და მას შემდეგ არ დაუტოვებია ქვეყნის საზღვარი.

ვინაიდან, ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული 20 დღეზე მეტი კალენდარული დღით, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №EL206897 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ იქნა სამართალდამრღვევის მიერ.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.05.2023 წლის №11144 წლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 165-ე მუხლზე. დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულში არაერთხელ არის დაჯარიმებული. შესაბამისად, მისთვის ცნობილია სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისა და გამოცხადების ვადები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმის გამო, რომ მოძრაობდა ---------- ავტომობილით ---------- ვერ მოასწრო დროზე გაეყვანა საქართველოდან. იმის გამო, რომ მანქანა ტექნიკურად არ იყო გამართული პლიუს ჰქონდა ვირუსი, მოხდა მისი დაჯარიმება. ითხოვს აღნიშნული სიტუაციის გათვალიწინებას და შეუმცირდეს ან აღნიშნული ჯარიმისგან გათავისუფლდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

დადგენილია, რომ მომჩივანს 18.12.2022 წელს საქართველოში შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება და მას შემდეგ არ დაუტოვებია ქვეყნის საზღვარი. თუმცა აღნიშნული ავტომობილი „----------“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა აღნიშნული ვადის დარღვევით, 20.04.2023 წელს.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11144 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №EL206897 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №EL206897 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

იმის გამო, რომ მოძრაობდა სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილით ვერ მოასწრო დროზე გაეყვანა საქართველოდან. იმის გამო, რომ მანქანა ტექნიკურად არ იყო გამართული პლიუს ჰქონდა ვირუსი, მოხდა მისი დაჯარიმება. ითხოვს აღნიშნული სიტუაციის გათვალიწინებას და შეუმცირდეს ან აღნიშნული ჯარიმისგან გათავისუფლდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს 18.12.2022 წელს საქართველოში შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება და მას შემდეგ არ დაუტოვებია ქვეყნის საზღვარი. თუმცა აღნიშნული ავტომობილი საბაჟ კონტროლის ზონაში გამოცხადდა აღნიშნული ვადის დარღვევით, 20.04.2023 წელს. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(15); 165.