გადაწყვეტილება №22744/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22744/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22744/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დამფუძნებლის სახელზე გაფორმებული სესხის დასაფარად გადახდილი თანხების დირექტორზე
გადახდილ ხელფასად ჩათვლა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №001-279 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5203 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 226 023,94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 133 023
დღგ - 63 635
საშემოსავლო გადასახადი - 69 388
ჯარიმა - 66 512
საურავი - 26 488,94
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ცხოველების საკვებითა და აქსესუარებით.
აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №001-279 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5203 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია რეგისტრირებულია 28.12.2017 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 22.11.2018 წლიდან. საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 392 113 ლარს, ხოლო ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა - 7 915 ლარს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების/ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზით გაირკვა, რომ კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების ხელთ არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე და 49-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ:
შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი ნაშთი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი.
შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე, ჯგუფების მიხედვით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 37%-ს (აღნიშნული ფასნამატი შესაბამისობაშია მსგავსი პროფილის მქონე აუდირებულ კომპანიების ფასნამატთან). შემოწმებით გაიზარდა 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს დღგ-ის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 50 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-100 და 101-ე მუხლების, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთან დაკავშირებით მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. საწარმოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე და მე-2 მუხლებზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 159-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ჩართული იყო შემოწმების პროცესში, მასთან გაგზავნილია გაანგარიშების ცხრილები და შემოწმების პროცესში გამოვლენილი საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი ნაშთი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით და გადამხდელის მონაწილეობით განისაზღვრა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი. კერძოდ, საქონელი დაჯგუფდა 9 სასაქონლო ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გამოყენებულ იქნა შესაბამისი ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე, ჯგუფების მიხედვით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 37%, რაც შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული კომპანიების ფასნამატთან. ამასთან, გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის საკითხი სრულყოფილად შესწავლილი.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველიმე-3 ნაწილებზე, 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს თან ის გაანგარიშების ცხრილები, რომელთა საფუძველზეც მოხდა დამატებით გადასახადების დარიცხვა, მათ შორის არც ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და არც მისი გავრცელების, შესაბამისად შემოსავლის გაანგარიშების ცხრილიც.
აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების მიერ (გადამხდელის მონაწილეობით) გაანგარიშებულ იქნა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე, აღსანიშნავია რომ ეს ჩანაწერი არ შეესაბამება სიმართლეს და არც გადასახადის გადამხდელი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი პირები არ არიან საქმის კურსში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის არც არანაირი გაანგარიშების ან გამოანგარიშების ცხრილი არ მიუწოდებიათ და არც გაუცვნიათ შემოწმების მიმდინარეობისას. ითხოვს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას, რის შემდგომაც წარმოადგენს გაანგარიშების ცხრილებს, მათ შორის ფასნამატის და შემოსავლის გაანგარიშებისას.
არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს №20212 ბრძანების საფუძველზე დანიშნული და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და შესრულება არ მოხდა სწორად აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
შემოწმების მიერ საკითხი არ არის შესწავლილი სრულყოფილად კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ:
ა) აქტში მოხსენიებული არის, რომ გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქონლის ნაშთი (საწყისი), ასევე ამავე აქტში ვკითხულობთ, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, მაშინ როგორ იქნა მიწოდებული ნაშთი და რატომ მიიღო მხედველობაში ეს ინფორმაცია შემმოწმებელმა.
ბ) აქტში არ იკვეთება გაანგარიშების ცხრილი, რის მიხედვითაც მოხდა ინვენტარიზაციის შემდგომ საქონლის საბოლოო ნაშთის მიხედვით რეალიზაციისა და ფასნამატის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც მოხდა გადასახადის დაკისრება.
შემმოწმებელს გაანგარიშების ცხრილების მიხედვით უნდა მოეხდინა ყველა საქონლისა და რეალიზაციის იდენტიფიცირება და დაკავშირება ერთმანეთთან, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ყველა იდენტიფიცირებულ საქონელზე გავრცელდეს იდენტიფიცირებული ფასნამატი.
დასკვნაში მოყვანილი აქვს საშუალო შეწონილი ფასნამატი დაახლოებით 37%-ის ოდენობით. ორგანიზაცია აწარმოებს საქონლის აღრიცხვას, როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ ჭრილში და ყოველთვიურად შიდა ინვენტარიზაციას ატარებს, გადამხდელის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი დაახლოებით 20%-ს შეადგენს (ინვენტარიზაციის დროს დაშვებულია რიგი უზუსტობები, მათ შორის ზომის ერთეულია არეული შეძენის და რეალიზაციის, ასევე სარეალიზაციო ფასებია არეული რამდენიმე საქონელზე, რაც იწვევს საშუალო ფასნამატის 31%-დან 37%-მდე გაზრდას. ისიც სადავოა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის ფასის გაანგარიშებისას არ არის ანომალური ფასნამატები უგულვებელყოფილი, მაგალითად არის საქონელი, რომელზეც ფასნამატი არის 300%-ზე მეტი და ასევე არის ისეთი საქონელიც, რომელზეც ფასნამატი არის -90% ინვენტარიზაციაში). საქონელი დაყოფილია კატეგორიების მიხედვით, „საკვების“ კატეგორიის ფასნამატი 19 %-ს შეადგენს, ხოლო „აქსესუარის“ კატეგორიის ფასნამატი 56 %-ს, „სხვა“ კატეგორიის (რომელშიც შედის სამკურნალო წვეთები, სუნამოები, შამპუნი და ა.შ.) ფასნამატი 19 %- ს, გამომდინარე იქედან, რომ საკვები კატეგორიის ბრუნვა დაახლოებით 90%-ია, არ არის სამართლიანი, რომ აქსესუარის კატეგორიის მაღალი ფასნამატის გამო საშუალო შეწონილ ფასნამატი იქნას გავრცელებული მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების გამოსაყვანად ინვენტარიზაციის მონაცემები გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტისათვის. აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულვებელყოფილ იქნა აღნიშნული 2023 წლის 16 აგვისტოს №20212 ბრძანების აღსრულება, კერძოდ არ მომხდარა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ან/და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახვა. აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყვანა შესაბამისი დანაკლისი ან/და ზედმეტობა და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების მიხედვით დაერიცხა ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შეფარებულია ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად და საურავი სსკ-ის 272-ე მუხლის მიხედვით.
დანაკლისის თანხა დაუმატა საწარმოში ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოანგარიშებულ განკარგვად თანხას და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩათვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, შესაბამისად, დააკისრა საშემოსავლო გადასახადში ძირითადი გადასახადი, ჯარიმა სსკის 275-ე მუხლის შესაბამისად და საურავი სსკ-ის 272-ე მუხლის მიხედვით.
დღგ-ის და მოგების გადასახადში ძირითადი გადასახადი საწარმოს უნდა ეღიარებინა თანახმად შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №2611, №1729 და №1727 სიტუაციური სახელმძღვანელოების შესაბამისად. ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისზე, რომელიც გამოვლენილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს №20212 ბრძანების საფუძველზე დანიშნული და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დაეკისროს ჯარიმა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად და შემცირდეს შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადი, სსკ-ის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა და სსკ-ის 272-ე მუხლით დაკისრებული საურავი. თავად მოახდენს დანაკლისზე ძირითადი გადასახადის დარიცხვას, როგორც დამატებული ღირებულების, ასევე მოგების გადასახადებში.
ზემოაღნიშნული საკითხები გასაჩივრებული ქონდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 11.03.2024 წელს გამოცემულ იქნა №5203 ბრძანება (გადაწყვეტილება), 2024 წლის 15 იანვრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჩივარი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც არ ეთანხმება.
საჩივარში დეტალურად იყო მითითებული არგუმენტაცია, ამასთანავე საჩივრის განხილვა მოხდა გადასახადის გადამხდელის, ასევე მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად და არ მიეცა საშუალება პოზიციის და არგუმენტაციის დაცვის. ცხრილებში დეტალურად ჩანს და ირკვევა, რომ ფასნამატი გაანგარიშებულია არასწორად, კერძოდ არასწორად არის საქონელი დაიდენტიფიცირებული და შედეგად გაანგარიშებული ფასნამატიც არასწორია, რომელიც ამასთანავე გავრცელებულია არა უშუალოდ იდენტიფიცირებულ საქონელზე არამედ მთლიან შეძენაზე შემოსავლის დაანგარიშების მიზნით (ფასნამატი არ არის გაანგარიშებული კატეგორიების და იდენტიფიცირებული საქონლის მიხედვით არამედ გამოანგარიშებულია ზოგადად ინვენტარიზაციის ფასნამატი), რაც არასწორ შედეგს იძლევა.
ითხოვს შემმოწმებელ აუდიტორებთან ერთად გაანგარიშების ცხრილების და საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის და მტკიცებულებების გავლას, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადის და ჯარიმის შემცირება, როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო გადასახადში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი ნაშთი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი. დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს თან ის გაანგარიშების ცხრილები, რომელთა საფუძველზეც მოხდა დამატებით გადასახადების დარიცხვა. ის, რომ შემოწმების მიერ (გადამხდელის მონაწილეობით) გაანგარიშებულ იქნა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი, არ შეესაბამება სიმართლეს. არ არიან საქმის კურსში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის გაანგარიშების ცხრილი არ მიუწოდებიათ და არც გაუცვნიათ შემოწმების მიმდინარეობისას. ინვენტარიზაციის დროს დაშვებულია რიგი უზუსტობები, მათ შორის ზომის ერთეულია არეული შეძენის და რეალიზაციის, ასევე სარეალიზაციო ფასებია არეული რამდენიმე საქონელზე, რაც იწვევს საშუალო ფასნამატის 31%-დან 37%-მდე გაზრდას. ცხრილებში დეტალურად ჩანს, რომ ფასნამატი გაანგარიშებულია არასწორად, კერძოდ არასწორად არის საქონელი დაიდენტიფიცირებული და შედეგად გაანგარიშებული ფასნამატიც არასწორია, რომელიც ამასთანავე გავრცელებულია არა უშუალოდ იდენტიფიცირებულ საქონელზე არამედ მთლიან შეძენაზე შემოსავლის დაანგარიშების მიზნით, რაც არასწორ შედეგს იძლევა.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ინვენტარიზაციის მასალებში დაშვებულია რიგი ხარვეზები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტსაც ეცნობა, თუმცა არ გაითვალისწინეს. შემოწმების პროცესში კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ აღნიშნული გავლენას ახდენდა ფასნამატის გაანგარიშებაზე. დავის პროცესში აღნიშნულზე მომზადდა ცხრილი, რაც საბჭოს სხდომის წინა დღეს გაეგზავნა აუდიტორს.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია.
ამასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირება.
2. დამფუძნებლის სახელზე გაფორმებული სესხის დასაფარად გადახდილი თანხების დირექტორზე გადახდილ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიას 2019 წელს აღებული აქვს სესხი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენს კომერციული ფართის შეძენა (ს/კ ---------), აღნიშნული კომერციული ფართი შეძენის მომენტიდანვე დარეგისტრირდა საწარმოს დამფუძნებლის --------- (პ/ნ ----------) სახელზე და მესაკუთრე არ შეცვლილა, ხოლო სესხის/პროცენტის გადახდას ახორციელებს შპს ----------- თავის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილი თანხები, სესხის ძირი და პროცენტი შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით (ოპერაციის ფორმა-შინაარსის გათვალისწინებით) დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დამფუძნებელზე/დირექტორზე გადახდილი ხელფასი, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას 2019 წელს აღებული აქვს სესხი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენს კომერციული ფართის შეძენა. აღნიშნული კომერციული ფართი შეძენის მომენტიდანვე დარეგისტრირდა საწარმოს დამფუძნებლის სახელზე, ხოლო სესხის/პროცენტის გადახდას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი. აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილი თანხები (ძირი და პროცენტი) შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ კომერციული ფართის შესაძენად აღებული სესხის დასაფარად (ძირი და პროცენტი) გადახდილი თანხები ხმარდება ფიზიკური პირის ინტერესებს, ვინაიდან კომერციული ფართი რეგისტრირებულია ფიზიკური პირის საკუთრებად, შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და გადახდილი თანხების ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება უძრავი ქონების შესაძენად საპროცენტო ხარჯის და სესხის ძირითადი გადასახადის ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად განხილვას, ვინაიდან ელოდებოდა სესხის დაფარვას, რომ მომხდარიყო შემდგომ გადაფორმება შპს-ზე, რაზეც ჰქონდათ წინასწარი შეთანხმება მხარეებს. სხვანაირად ვერ გააკეთეს ვინაიდან იყო ბანკის მოთხოვნა თავდებობის და ისიც, რომ ყოფილიყო ფიზიკურ პირზე გაფორმებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას 2019 წელს აღებული აქვს სესხი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენს კომერციული ფართის შეძენა. აღნიშნული კომერციული ფართი შეძენის მომენტიდანვე დარეგისტრირდა საწარმოს დამფუძნებლის სახელზე და მესაკუთრე არ შეცვლილა. სესხის/პროცენტის გადახდას ახორციელებს კომპანია თავის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ დაფარულია კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების გადახდის მიზნობრიობით აღებული სესხი, აღნიშნული გადახდების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 66 512 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №001-279 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 26 488,94 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ამასთანავე ითხოვს საბჭომ გამოიყენოს მასზე დელეგირებული უფლებამოსილება და სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გაათავისუფლოს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5203 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:
ა) პირველ დავის საგანთან (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით;
ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დამფუძნებლის სახელზე გაფორმებული სესხის დასაფარად გადახდილი თანხების დირექტორზე გადახდილ ხელფასად ჩათვლა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. განისაზღვრა სალაროს ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ასევე, ირკვევა, რომ კომპანიას 2019 წელს აღებული აქვს სესხი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენს კომერციული ფართის შეძენა. აღნიშნული კომერციული ფართი შეძენის მომენტიდანვე დარეგისტრირდა საწარმოს დამფუძნებლის სახელზე და მესაკუთრე არ შეცვლილა, ხოლო სესხის/პროცენტის გადახდას ახორციელებს შპს თავის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილი თანხები, სესხის ძირი და პროცენტი შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დამფუძნებელზე/დირექტორზე გადახდილი ხელფასი. შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5,9);161(1);159(1);101(1);154(1);275