გადაწყვეტილება №20757/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.12.2023
№ დოკუმენტი 20757/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20757/2/2023

15 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20757/2/2023).

 

დავის საგანი:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება;

2. შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №081-452 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №081-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20221 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 880 763 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 412 587

აქციზის გადასახადი - 49 010

დღგ - 129 387

საშემოსავლო გადასახადი - 237 430

ქონების გადასახადი - (-3 240)

ჯარიმა - 210 466

საურავი - 257 710

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს დისტილატებით ვაჭრობა, ერთ-ერთი საქმიანობაა თხევადი გაზის რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- ბენზინ გასამართი სადგური (საბითუმო, საცალო) მდებარეობს -------. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალები და ბუღალტრული პროგრამა, ასევე არასრულად (დოკუმენტები) დღის განმავლობაში რეალიზებული დისტილატების შესახებ ინფორმაცია. კომპანია ასევე იყენებს ტალონურ სისტემას საწვავის რეალიზაციისთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ტალონური აღრიცხვის სისტემის შესახებ რაიმე ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა იდენტიფიცირება, თუ როგორ ახდენს კომპანია საქონლის გარჩევას გაყიდული ტალონების შესაბამისად (როგორ ჩამოწერს, რას და რამდენს). ასევე, შემოწმებისთვის უცნობია როგორ ანსხვავებს დიზელს, ევრო დიზელისგან, როდესაც ერთიდაიმავე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით არის შეძენილი. ბუღალტრულ აღრიცხვაში ასევე, ბენზინი რეგულარი გატარებულია, როგორც ბენზინი პრემიუმი. გაუგებარია ფასდაკლების სისტემა (ვის ეკუთვნის ფასდაკლება, რა პრინციპს ეყრდნობა, როგორ ანგარიშდება და ა.შ.). შემოწმების მიერ გაანალიზდა წარდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც შედარდა დღგ-ის დანართებთან. გამოვლინდა, რომ ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალი არ არის თანხვედრაში ბუღალტრულ აღრიცხვასთან და არც დღგ-ის დეკლარაციის დანართებთან. გამოწერილ სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში რიგ შემთხვევებში არის საწვავის რაოდენობის (რიგ შემთხვევებში 1 ლიტრი საწვავის ღირებულება გამოდის 2 თეთრი) უზუსტობა. საწვავის საცალო რეალიზაციის თაობაზე არსებული სამივე ინფორმაცია (ჟურნალი/ბუღალტრული აღრიცხვა/დღგ-ის დეკლარაციის დანართი) არ არის თანხვედრაში. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, რეესტრებში გამოვლენილი ხარვეზები განპირობებულია მოცემული პერიოდისათვის კომპანიაში დასაქმებული არაკვალიფიციური თანამშრომლების მიერ დაშვებული შეცდომებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან ელექტრონული აღრიცხვის ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან თანხვედრა და შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. ამასთან, ვერ ხერხდება კომპანიის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის და ტერმინალების მიხედვით მიღებული ფულადი შემოსავლების იდენტიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 43-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 136-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად (ადგილმდებარეობის გათვალისწინებით) დადგენილი, სხვა ანალოგიური კომპანიის საცალო სარეალიზაციო ფასები, გავრცელდა არაიდენტიფიცირებად რეალიზაციაზე (საცალო). შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმებით დადგენილი მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ თანხებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;

- კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ყიდულობს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალებს, მცირე რაოდენობით კვების პროდუქტებს, ასევე სხვადასხვა მომსახურებებს (რესტორნები, სასტუმრო და ა.შ.). კომპანიას ფიზიკური პირისგან იჯარით აქვს აღებული მიწა, რომელზეც სავარაუდოდ აშენებს ბენზინ და გაზ-გასამართ სადგურებს და ასევე ოფისს. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა რაიმე სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდებოდა აღნიშნული მშენებლობის მიზნობრიობა. გადასახადის გადამხდელი იწყებს 2018 წლის თებერვლიდან თხევადი გაზის და 2018 წლის მარტიდან საწვავის რეალიზაციას (ანუ უკვე ობიექტი ექსპლუატაციაში იყო შესული და მზად იყო მომხმარებლის მისაღებად), ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში სამშენებლო მასალა „სასაქონლომატერიალური მარაგი“-დან (რომლის შეძენაც ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში და ზოგ შემთხვევაში მასალა მიტანილია არა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელების ადგილზე) გადატანილია „იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა“-ში 2018 წლის 30 დეკემბერს. ამავე დროს, სხვა რაიმე სახის პირველადი დოკუმენტაცია მაგ.: ფორმა 2 ან ხარჯთაღრიცხვა წარდგენილი არ იქნა შესამოწმებელ პერიოდზე. შემოწმების ჯგუფისათვის გაურკვეველი გახდა კონკრეტულად, რომელი ფართი რემონტდებოდა კაპიტალურად, თუ მიმდინარედ და როდის. შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნულ მისამართზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა კომპანიები. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ხარჯი ჩაითვალა მიწოდებად და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებით დადგენილი მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ თანხებად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც დაიხარჯა „იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობაზე“ დაკვალიფიცირდა მიწოდებად, ხოლო ქონების გადასახადი შემცირდა აღნიშნული ხარჯით;

- კომპანია ფლობს მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. აღნიშნული მანქანების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შიდა კონტროლის მექანიზმის რაიმე სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მანქანების გადაადგილების მარშრუტის, მიზნობრიობის დადგენა, საწვავის ჩამოწერის სრულყოფილი დოკუმენტი და სხვა რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ კომპანია აღნიშნულ ავტომობილებს მუდმივად იყენებს მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, მიღებული სარგებელი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

- კომპანიას იმპორტირებული აქვს სამშენებლო მასალები, სხვადასხვა დანადგარები, ხის მორი, მანგანუმი და სხვადასხვა საქონელი. აღნიშნულ კომპანიებთან რიგ შემთხვევებში თანხა ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით ანგარიშვალდებული პირის მიერ. აღნიშნული თანხები გაცემულია სალაროდან. გადახდის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელის მიერ. შემოწმებით, ანგარიშვალდებული პირის მიერ ანაზღაურებული თანხის 75% ჩაითვალა გადახდილად, ხოლო სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ თანხად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზისას გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადსა და წარდგენილ დოკუმენტაციას შორის. აღნიშნული სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №42404 ბრძანება და №081-452 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევა, დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს, კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის საფუძვლით, დარიცხული თანხების შემცირება;

- მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არარეზიდენტი მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად/სარგებლად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 213 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20221 ბრძანებით საჩივრები:

- აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

- აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20221 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081- 452 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №42404 ბრძანება და №081-452 საგადასახადო მოთხოვნა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2022 წლის 31 იანვარს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 28 ივნისის საჩივარი, 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება საჩივრის განუხილველად დატოვებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ, 2022 წლის 31 იანვარს წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 213 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნაში მითითებულ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელი იყო საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით ფიქსირდება რეალიზაციის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულზე მაღალი ფასი, რითიც დასტურდება, რომ საცალო რეალიზაციის ფასი აღემატება დოკუმენტური რეალიზაციის ფასს, რის გამოც საცალო რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნა ტერიტორიის პრინციპით აუდირებული კომპანიის ფასი. საიჯარო ქონების კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯების და ამ მიზნით შეძენილი მასალების მიწოდებად განხილვას საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, საჯარო რეესტრსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების/ინფორმაციის შეჯამებით და შერჩევითი გადამოწმებით დადგინდა, რომ ფაქტობრივად გაწეული სამუშაოები წინ უსწრებს მასალების შეძენას. ასევე, ფორმა 2-ებით ჩამოწერილია სამშენებლო მასალები, რომელიც სასაქონლო ზედნადებებით ფაქტობრივად წაღებულია სხვა მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის წარდგენილი ფორმა 2-ები არ წარმოადგენს შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებას. აგრეთვე, იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%-ის ანაზღაურებულად განხილვასთან, ხოლო 25%-ის დირექტორზე გაცემულ თანხებად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი საბაჟო დეკლარაცია (სავალუტო დეკლარაცია), რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ასევე არ არის წარდგენილი სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის თაობაზე. შემცირებას დაექვემდებარა კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შემდეგ მომსახურების გამწევი ორი პირი აღმოჩნდა ინდ. მეწარმე, რომლებზე გადახდილი მომსახურების თანხა აღარ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

- კომპანიის შემოსავლები შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და კომპანიის მიერ, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გარეშე რეალიზებულ ნავთობპროდუქტებზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასები. გასაჩივრების გზით მოთხოვნილი იქნა, რომ დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ ნავთობპროდუქტებზე გავრცელებულიყო კომპანიის მიერ გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ფასები. აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ მიუხედავად წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციისა, რომლითაც შესაძლებელი იყო სრულყოფილად, კომპანიის სარეალიზაციო ფასების განსაზღვრა, შემოწმების მიერ უარი ეთქვა აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებაზე და სარეალიზაციო ფასები დარჩა უცვლელი.

მიაჩნია, რომ შემოწმების აქტის და შემდგომ დასკვნის მიხედვით დარიცხული თანხები არამართლზომიერია და მოითხოვს გადაანგარიშებას, ვინაიდან კომპანიის მიერ ნავთობპროდუქტების 20%-ზე მეტი რეალიზებულია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. ითხოვს, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საწვავზე მათთვის უცნობი კომპანიის ფასების ნაცვლად, გავრცელდეს მათი კომპანიის დოკუმენტური ფასები. დანართის სახით წარმოადგენს რეესტრს, სადაც თვეების და საწვავის სახეობების მიხედვით, ასახულია დადგენილი დოკუმენტური ფასები. სულ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 9 000-ზე მეტი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საიდანაც 44 ცალ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა და ფასი არასწორადაა დაფიქსირებული წარდგენილ დანართში. დოკუმენტური ფასის გამოთვლისას, შეცდომით გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ მონაწილეობს. ასევე, მტკიცებულების სახით წარმოადგენს 2019 წლის 3 ივლისის საკონტროლო შესყიდვის ოქმს და გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რითაც დასტურდება, რომ ერთიდაიგივე თარიღში სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ფასი ერთმანეთის იდენტურია და ორივე შემთხვევაში ბენზინი რეგულარის ფასი შეადგენს 2.20 ლარს. ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად დღგ-ში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას კომპანიის დოკუმენტური ფასების შესაბამისად.

შემოწმების აქტიდან გახდა ცნობილი, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისა და თანხების დარიცხვისას, შემმოწმებელმა დირექტორის სარგებლად განიხილა შემოწმებით განსაზღვრული და დეკლარაციებით დაფიქსირებული დღგ-ის ბრუნვის სხვაობის თანხა დღგ-ის ჩათვლით. თუმცა, შემმოწმებლის მიერ მიწოდებულ ცხრილებში (საშემოსავლო გადასახადის შესახებ) ვერ ირკვევა, თუ საიდან იღებს შემმოწმებელი არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებს. თვეების მიხედვით, არსებითი სხვაობებია აქტის დღგ-ის დანართსა და საშემოსავლო გადასახადის დანართში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებსა და მისი სარგებლად განხილვის ნაწილში. აქედან გამომდინარე, ვერ არკვევს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის სარგებლად განხილვის ნაწილში რა თანხები იქნა დაბეგრილი.

აღნიშნულ ნაწილში მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი (კომპანიის დოკუმენტური ფასებით გაანგარიშებული) უნდა შეუდარდეს ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს მათ შორის სხვაობა, ვინაიდან, შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც გატარებულია ბუღალტრულ პროგრამაში, აღრიცხულია შესაბამის ანგარიშებზე და ჩანს მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა;

- შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას იჯარით აღებულ ფართზე, კერძოდ აშენდა და გარემონტდა როგორც ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, ისე საოფისე ფართი, რომელიც გამოიყენება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში, შემმოწმებელი შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ არ დასტურდებოდა აღნიშნული მშენებლობის მიზნობრიობა და არ იქნა წარდგენილი ფორმა 2 ან ხარჯთაღრიცხვა. შესაბამისად, მშენებლობის ხარჯები ჩაითვალა მიწოდებად, რაზეც დაერიცხა დღგ, ხოლო ნამეტი შემოსავალი განიხილა დირექტორის სარგებლად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

აღნიშნული გასაჩივრდა და მოითხოვეს, რომ იჯარით აღებულ ფართზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხილული ყოფილიყო კაპიტალიზებად ხარჯად „იჯარით აღებული ფართების კეთილმოწყობის“ შესაბამისად. აღნიშნულ ნაწილში საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კომპანიის მიერ შემოწმების და შემდეგ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ ფორმა 2 და ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ რეალურად ჩატარებული იქნა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები იჯარით აღებულ ფართში. მიუხედავად ამისა, შემმოწმებლის მიერ არ მოხდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშება. შემმოწმებელი, გადაანგარიშებაზე უარის მიზეზად დასკვნაში აღნიშნავს შემდეგ ძირითად გარემოებებს:

I - 2018 წლის მარტიდან გადასახადის გადამხდელი უკვე საქმიანობდა აღნიშნულ ობიექტზე;

II - ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში სამშენებლო მასალა „სასაქონლო-მატერიალური მარაგებიდან“ გადატანილია „იჯარით აღებული ქონების“ კეთილმოწყობაზე 2018 წლის 30 დეკემბერს;

III - სამშენებლო მასალების შეძენა ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში და ზოგ შემთხვევაში მასალები მიტანილია სხვა მისამართზე.

უსამართლოდ მიაჩნია ზემოაღნიშნული მიზეზებით გადაანგარიშებაზე უარი და მოითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას შემდეგი მიზეზების გამო:

I – 2018 წლის მარტიდან კომპანია მართლაც საქმიანობდა იჯარით აღებულ ზემოაღნიშნულ ფართში, თუმცა საწყის ეტაპზე აშენებული იყო მხოლოდ რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ბლოკით, ამოშენებული შიდა და გარე ტიხრებით და კარ-ფანჯრით. შენობა გატარებული იყო საჯარო რეესტრში. აღნიშნულის შემდეგ განხორციელდა მთელი რიგი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, სადგურის პერიმეტრზე განხორციელდა მიწის მოსწორებითი სამუშაოები და დაისხა ბეტონი, რეზერვუარის თავზე განხორციელდა რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა არმირებით, შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟდა ალუმინის კარ-ფანჯარა და მინაპაკეტი, მოეწყო და მოპირკეთდა შიდა საოფისე ოთახები და საპირფარეშოები. ვიზუალური დათვალიერებითაც ჩანს, რომ სამშენებლო სამუშაოები ნამდვილად უახლოეს წარსულშია ჩატარებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპანიის მიერ წარდგენილია ახსნაგანმარტება და ფოტომასალა შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე 2018 წლის აპრილში შედგენილია აზომვითი ნახაზი, რომელსაც წარმოადგენს დანართის სახით. ახსნა-განმარტებაში დეტალურადაა აღწერილი შესრულებული სამუშაოების დასახელება, გახარჯული მარაგები და ფოტო-სურათები. უნდა აღინიშნოს, რომ შემმოწმებლის მიერ მიწოდებად განხილული მშენებლობის დანახარჯებიდან, 152 056 ლარიდან, ძირითადი ნაწილი 79 957 ლარი მოდის 3 ცალ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე, რომელთა მიხედვით შეძენილია სასაქონლო ბეტონი, ალუმინის კარ-ფანჯარა და მინაპაკეტი. ამასთან, მომწოდებლის მიერ მარაგების რეალიზაციასთან ერთად განხორციელდა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებაც. დანართის სახით წარმოადგენს სამშენებლო დანახარჯებიდან მნიშვნელოვანი ხარჯის დამადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას;

II- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულდა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ეტაპობრივად და ბუღალტრულ პროგრამაში წლის ბოლოს მარაგების ანგარიშიდან გადატანილ იქნა „იჯარით აღებულ ქონების“ კეთილმოწყობის ანგარიშზე, რათა სწორად ასახულიყო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზაში;

III- მიღებული პირველადი დოკუმენტებიდან, ტრანსპორტირების ადგილად სხვა მისამართი მითითებულია მხოლოდ რამდენიმე სასაქონლო ზედნადებში, რომელთა ჯამური ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 5 491.70 ლარს, მათ შორისაა არსებითი ღირებულების ვიდეო ჩამწერი და კამერა, რაც უსაფრთხოების მიზნით, დროებით მიტანილ იქნა დირექტორის მისამართზე. თუმცა, აღნიშნული მარაგებიც მოხმარდა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას, მიტანილია და დამონტაჟებულია კომპანიის საქმიანობის ადგილზე. დანართის სახით წარმოადგენს იმ სასაქონლო-ზედნადებების რეესტრს, რომელშიც ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია სხვა მისამართი.

მათთვის უცნობია თუ რა დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარედგინა შემმოწმებლისათვის აღნიშნულ საკითხზე გადაანგარიშების განსახორციელებლად. კომპანიის მიერ სამშენებლო მასალის დოკუმენტურად რეალიზაციის ფაქტს ადგილი არ ქონია, გამომდინარე აქედან მიაჩნია, რომ დასკვნაში შემმოწმებლის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია გადაანგარიშებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას;

- კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს სამშენებლო მასალები, სხვადასხვა დანადგარები და სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რომელთა საკომპენსაციო თანხები რიგ შემთხვევაში ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით. ვინაიდან, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოხდა შემოწმების დროს, გადახდილად ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ანაზღაურებული თანხის 75%, ხოლო სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მიეთითა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება.

შემმოწმებელი მიუთითებს, რომ არ მოხდა სავალუტო დეკლარაციის წარდგენა, რაც დაადასტურებდა საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანას, ასევე არ არის წარდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის თაობაზე. შედეგად, დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

შემოწმების და გადაანგარიშების პროცესში კომპანიის მიერ წარდგენილია არარეზიდენტების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დანართი 6), რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. ვინაიდან შემმოწმებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს თანხის გადახდისთვის დამადასტურებელ პირობებს, დამატებით წარმოადგენს შედარების აქტებს ძირითად მომწოდებლებთან, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანია არარეზიდენტების დავალიანება გასტუმრებული აქვს სრულად (დანართი 7), აქედან გამომდინარე ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით საჩივარი, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა მხოლოდ 2 213 ლარით.

შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის დასკვნის მიხედვით კი ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების შესაბამისად სადავო საკითხები შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე დადგინდა შემდეგი:

- კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაცია: ბუღალტრული პროგრამიდან ანგარიშები „ნაღდი ანგარიშსწორებით“, „არაიდენტიფიცირებული მომხმარებლები“, „მოთხოვნა ტერმინალი“ და ა.შ., ასევე, ექსელის ფორმით სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი. აღნიშნული ცხრილები (გარდა საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერისა) დაკავშირებულია მხოლოდ თანხობრივად. აღნიშნული ცხრილები არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობის მიხედვით, არ არის გამოყოფილი თხევადი გაზი, ბენზინი, დიზელი და ა.შ. შესაბამისად, არ არის გამოყვანილი საცალო სარეალიზაციო ფასი და არ არის დოკუმენტურად დადასტურებული კომპანიის სამეურნეო ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება ერთ მთლიანობაში. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ უკვე წარდგენილია და შემოწმების მიერ შესწავლილია შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მატერიალური ფორმის ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალები, რომელიც არასრულყოფილადაა შევსებული. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ჟურნალის საპირწონედ წარდგენილია „ყოველდღიურად საქონლის რეალიზაციის რეესტრები“ როგორც ექსელის, ისე pdf ფორმატებით. აღნიშნული ორი ფორმით წარდგენილი რეესტრები თანხვედრაში არ მოდის რიგ შემთხვევებში ერთმანეთთან. ასევე უზუსტობებია ბუღალტრულ პროგრამასთან მიმართებაში. მაგ: გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავალი დიფერენცირებულია ფასდაკლებით და ფასდაკლების გარეშე, ტალონებით და ტალონების ფასდაკლებით, ასევე ჩამოწერილია როგორც საბითუმო, ასევე სხვა „გაყიდული/შეძენილი საქონლის“ მიხედვით. აღნიშნულ ბუღალტერიაზე დაყრდნობით საქონლის სარეალიზაციო ფასი უნდა ყოფილიყო განსხვავებული, როგორც საბითუმო, საცალო, ტალონებით და ფასდაკლებებით რეალიზაციის შემთხვევაში. უკვე წარდგენილ რეესტრებში სარეალიზაციო ფასის დიფერენცირება არ ხდება, ფასდათმობით ან ფასდათმობის გარეშე საქონლის სახეობების და რაოდენობების გარეშე. ასევე, ვერ იქნა წარდგენილი ტალონებით რეალიზაციის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია, მაგ: შემოწმებისთვის გაუგებარია როგორ ახერხებს კომპანია კონკრეტულ პირებზე ნაშთების კონტროლს რეალიზაციის დროს (საქონლის სახეობების, რაოდენობების, სარეალიზაციო ფასების და ფასდაკლების გარეშე და ა.შ.), წარდგენილ რეესტრებში მოცემულია მხოლოდ თანხა, შემოწმებისთვის გაუგებარია ამ თანხის შინაარსი თუ ვისთვის, რა რაოდენობით, რა სახეობა იქნა ფაქტობრივად გადაცემული. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით ფიქსირდება რეალიზაციის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულზე მაღალი ფასი, რითიც დასტურდება, რომ საცალო რეალიზაციის ფასი აღემატება დოკუმენტური რეალიზაციის ფასს, რის გამოც საცალო რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნა ტერიტორიის პრინციპით აუდირებული კომპანიის ფასი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა;

- 2018 წლის თებერვლიდან გადასახადის გადამხდელი იწყებს თხევადი გაზის და 2018 წლის მარტიდან საწვავის რეალიზაციას (ანუ, უკვე ობიექტი ექსპლუატაციაში იყო შესული და მზად იყო მომხმარებლის მისაღებად. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე არსებული ფოტომასალებით, ასევე რეალიზაციების დროს წყვეტა არ ფიქსირდება), ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში სამშენებლო მასალა „სასაქონლო-მატერიალური მარაგიდან“ გადატანილია „იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა“-ში 2018 წლის 30 დეკემბერს (რომლის შეძენაც ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში და ზოგ შემთხვევაში მასალა მიტანილი არაა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელების ადგილზე). გასაჩივრების ეტაპზე წარდგენილია ფორმა 2-ები და ახსნა-განმარტება. შემოწმების ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა საჯარო რეესტრში არსებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული ინფორმაცია/მონაცემების შეჯამებით და შერჩევითი გადამოწმებით, ფაქტობრივად გაწეული სამუშაოები წინ უსწრებს მასალების შეძენას. ასევე, ფორმა 2-ებით ჩამოწერილია სამშენებლო მასალები, რომელიც სასაქონლო ზედნადებებით ფაქტობრივად წაღებულია სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის წარდგენილი ფორმა 2-ები არ წარმოადგენს შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებას. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა;

- შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, შესწავლილ იქნა დამატებით ფაქტობრივი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საბაჟო დეკლარაცია (სავალუტო დეკლარაცია), რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ასევე არ არის წარდგენილი სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის თაობაზე. შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ თანხად. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა;

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები;

- გადასახადის გადამხდელის მიერ, დამატებით წარდგენილი იქნა ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთაგან მხოლოდ ორი პირი აღმოჩნდა ინდ/მეწარმე, რომლებზე გადახდილი მომსახურების თანხა აღარ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის გამო, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. სხვა პირებთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ წარმოშობილა.

ამგვარად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების შედეგად მხოლოდ ორი სადავო საკითხის ნაწილში დაექვემდებარა შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას, სხვა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და შემოწმების მიერ საკითხების დამატებით შესწავლის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას სათანადო საფუძვლების არ არსებობის საფუძვლით.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ:

- არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გარეშე რეალიზებულ ნავთობპროდუქტებზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასების გავრცელების ნაწილში, მიუხედავად წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციისა, რომლითაც შესაძლებელი იყო სარეალიზაციო ფასების განსაზღვრა, შემოწმების მიერ უარი ეთქვა აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებაზე და სარეალიზაციო ფასები დარჩა უცვლელი. მოითხოვს გადაანგარიშებას, ვინაიდან ნავთობპროდუქტების 20%-ზე მეტი რეალიზებულია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და ითხოვს დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საწვავზე კომპანიის დოკუმენტური ფასების გავრცელებას. წარმოდგენილ რეესტრში, თვეების და საწვავის სახეობების მიხედვით, ასახულია დადგენილი დოკუმენტური ფასები. მხოლოდ 44 ცალ საგადასახადო ანგარიშფაქტურაშია დაშვებული მექანიკური შეცდომა და ფასი არასწორადაა დაფიქსირებული წარდგენილ დანართში. დოკუმენტური ფასის გამოთვლისას, შეცდომით გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ მონაწილეობს. ასევე, წარმოდგენილი 2019 წლის 3 ივლისის საკონტროლო შესყიდვის ოქმით და გამოწერილ სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასტურდება, რომ ერთიდაიგივე თარიღში სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ფასი ერთმანეთის იდენტურია და ორივე შემთხვევაში ბენზინი რეგულარის ფასი შეადგენს 2.20 ლარს. ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას კომპანიის დოკუმენტური ფასების შესაბამისად. მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი (კომპანიის დოკუმენტური ფასებით გაანგარიშებული) უნდა შეუდარდეს ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს მათ შორის სხვაობა;

- კომპანიის მიერ შემოწმების და შემდეგ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იქნა ფორმა 2 და ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ რეალურად ჩატარებული იქნა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები იჯარით აღებულ ფართში. მიუხედავად ამისა, შემმოწმებლის მიერ არ მოხდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშება. უცნობია თუ რა დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარედგინა შემმოწმებლისათვის აღნიშნულ საკითხზე გადაანგარიშების განსახორციელებლად. კომპანიის მიერ სამშენებლო მასალის დოკუმენტურად რეალიზაციის ფაქტს ადგილი არ ქონია, მიაჩნია, რომ დასკვნაში შემმოწმებლის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია გადაანგარიშებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას;

- შემოწმების და გადაანგარიშების პროცესში კომპანიის მიერ წარდგენილია არარეზიდენტების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან შემმოწმებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს თანხის გადახდისთვის დამადასტურებელ პირობებს, დამატებით წარმოადგენს შედარების აქტებს ძირითად მომწოდებლებთან, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიას არარეზიდენტების დავალიანება გასტუმრებული აქვს სრულად, აქედან გამომდინარე ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობის გარეშე იქნა განხილული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, წარადგინეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა ისე გამოიცა დასკვნა გადაანგარიშების შედეგებზე, რომ მათთან ერთად გავლა არ განხორციელებულა. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, სადავოდ წარმოადგენს 3 საკითხს, რომელთა მიმართებითაც, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, წარადგინეს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად არ მოხდა გადაანგარიშება. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების ნაწილში, საანგარიშო პერიოდში გამოწერილი 9 000-ზე მეტი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან მხოლოდ 44 ცალ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაშია დაშვებული მექანიკური შეცდომა (მაგ. მძიმე რომ აკლია), ასეთ შემთხვევებზე, დანართის სახით წარდგენილია დოკუმენტი, სადაც ასეთი ანგარიშ-ფაქტურები ცალკეა გამოყოფილი და მის გარეშეა გაანგარიშებული ფასი, ითხოვს წარდგენილი ფასების გათვალისწინებას. ასევე, ამოღებული იქნა და მტკიცებულების სახით წარადგინა (საჩივარზე დანართის სახითაც წარმოადგენს) 2019 წლის საკონტროლო შესყიდვის ოქმი და გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც დასტურდება, რომ ერთიდაიგივე თარიღში სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ფასი ერთმანეთის იდენტურია. ამდენად, ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე დღგ-ში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. ასევე, დღგ-ის ნაწილში გამოვლინდა ნამეტი ბრუნვა, კომპანიის მიერ დეკლარირებულია გაცილებით ნაკლები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მაგრამ, ვინაიდან შემოწმება დაიწყო, ვერ მოესწრო წარდგენილი დეკლარაციის დაზუსტება. ამ კუთხით დღგ-ში დარიცხვას ეთანხმება, მაგრამ საშემოსავლო გადასახადით, არაპირდაპირი მეთოდით დაბეგვრა არასწორად მიაჩნია, რადგან შემოსავალი გატარებულია ბუღალტრულად და ჩანს თანხების ხარჯვაც, ამიტომ ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შეუდარდეს ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებულ შემოსავალს და მათ შორის სხვაობა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. რაც შეეხება იჯარით აღებულ ფართზე განხორციელებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, შემოწმების და შემდეგ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იქნა ფორმა 2-ები და ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ რეალურად ჩატარებული იქნა სამუშაოები, ამ ნაწილშიც გადაანგარიშებაზე უარი უსამართლოა, 2018 წლის მარტიდან კომპანია უკვე მუშაობდა ამ ობიექტზე, ჩატარდა კაპიტალური რემონტი, მოხდა ბეტონის დასხმა, რეზერვუარის თავზე განხორციელდა სამუშაოები და ა.შ, აღნიშნულზე წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, ფოტომასალა შესრულებეულ სამუშაოებზე, ფორმა 2-ები, აზომვითი ნახაზი და გაუგებარია კიდევ რა უნდა წარედგინათ. ხოლო, სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების ადგილად სხვა მისამართის მითითებაზე აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მართლაც მიტანილია დირექტორის მისამართზე გარკვეული საქონელი, მაგრამ შემდეგ საქონელი მოხმარდა კომპანიის საქმიანობას. რაც შეეხება არარეზიდენტებზე გადახდილ თანხებს, ძირითადად თურქი მომწოდებლები არიან, წარდგენილი იქნა ინფორმაცია არარეზიდენტების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თურქულ ენაზე (დანართი 6) და საჩივარზე დანართის სახით (დანართი 7) წარმოადგენს აპოსტილით დამოწმებულ ურთიერთშედარების აქტებს (თურქულად (თარგმანი მოთხოვნილი არ ყოფილა), მაგრამ იქაური ნოტარიუსის მიერ და აპოსტილით დამოწმებულს), ყველა ვერ წარადგინა, მაგრამ ითხოვს წარდგენილის გათვალისწინებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემმოწმებელი აუდიტორისგან (აღარ მუშაობს აუდიტის დეპარტამენტში) მიღებული ინფორმაციით, მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ინფორმაცია, სატელეფონო კომუნიკაცია ქონდა და კომპანიის ყოფილი აუდიტორი ჩართული იყო განხილვაში, მასთან ერთად მოხდა წარდგენილი ინფორმაციის გავლა და გაანალიზება, დასკვნაში კი ფართოდ არის ჩამოყალიბებული ამჟამად წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით არ გადაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით წარდგენილი ინფორმაცია არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ, მცირე რაოდენობით იყო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელშიც დაფიქსირებული ფასი ემთხვეოდა საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულ ფასს, ძირითადად დგინდებოდა, რომ საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული ფასი აღემატებოდა სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებულს. რემონტის ხარჯების ნაწილში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა რეალურად საქმიანობა დაიწყო 2018 წლის თებერვლიდან თხევადი გაზის ნაწილში და 2018 წლის მარტიდან საწვავის რეალიზაციის ნაწილში, საჯარო რეესტრიდან ამოღებული მასალებით დგინდებოდა, რომ აპრილის მდგომარეობით ყველაფერი გაკეთებული იყო, სამუშაო შესრულებული იყო, ასფალტი დაგებული იყო, ყოველ შემთხვევაში საქმიანობის დაწყების დროს დამატებითი კაპიტალური რემონტის საჭიროება არ იკვეთებოდა, მასალების შეძენა ხდებოდა მთელ შესამოწმებელ პერიოდში, მაგრამ ჩამოწერა ხდება 2018 წლის დეკემბრის თვეში. რაც შეეხება არარეზიდენტთან მიმართებით დოკუმენტაციას, გადაანგარიშების ეტაპზე ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, ამ არარეზიდენტებისათვის გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, არ ყოფილა წარდგენილი, ამიტომ წარდგენილი სათანადო ინფორმაციად არ იქნა მიჩნეული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტებზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარდგენილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა ისე გამოიცა დასკვნა გადაანგარიშების შედეგებზე, რომ მათთან ერთად გავლა არ განხორციელებულა, ასევე, ინფორმაციაზე, რომ არარეზიდენტებზე გადახდილ თანხებთან მიმართებით, მომჩივანს გააჩნია აპოსტილით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები, ხოლო საჩივრის განხილვა მოხდა მათი მონაწილეობის გარეშე.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20221 ბრძანება;

3. საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება;

2. შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20221 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - დარჩა განუხილველი; - აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20221 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20221 ბრძანება;

საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 304(21); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161