ბრძანება N 23366

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.09.2023
№ დოკუმენტი 23366
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23366

22 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2023 წლის 31 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ ------) 2023 წლის 31 ივლისის №82745/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №006-327 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ საქონელზე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემოწმების შეფასება უსაფუძვლოა და არასათანადო ზეპირ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, ვინაიდან შეუძლებელია წლების წინ ნაწილ-ნაწილ გაყიდული საქონლის რაოდენობები და საქონლის ღირებულებები მომწოდებლებს ზეპირად სცოდნოდათ, თუმცა მათ არ უარყვიათ შესყიდვის აქტის რეალობა. განმარტავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილ (დასკანერებულ) შესყიდვის აქტებზე ფიქსირდება მომწოდებლების ხელმოწერები, რომელთა ორიგინალები ინახება ფირმაში და მეტი სარწმუნოებისთვის შესაძლებელია დამატებით იქნას წარმოდგენილი აღნიშნული ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები. გადამხდელი ასევე მიუთითებს საწვავის და კომუნალურ ხარჯებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტორს შემოწმების აქტში აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით არ აქვს ნამსჯელი. რაც შეეხება ფასნამატის საკითხს, კომპანიის ფასნამატი საშუალოდ 1%- დან 3%-მდეა, ვინაიდან ფირმა ვაჭრობს საბითუმოდ, აქვს დიდი კონკურენცია და აღნიშნულიდან გამომდინარე ბაზარზე თავის შესანარჩუნებლად უწევს დაბალი ფასნამატით მუშაობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4163 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 11 ივნისიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ივლისის №15982 ბრძანება და ამავე თარიღის №006-327 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 178 014 ლარი, მათ შორის გადასახადი 668 817 ლარი, ჯარიმა 334 408 ლარი, საურავი 174 789 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „------ს“ საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ღორისა და საქონლის ხორცით ვაჭრობა. 2020-2023 წლებში პირს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული). შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ დადასტურდა. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. საბოლოოდ, შემოწმების მიერ შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75 % ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა შესყიდვის აქტების (დასკანერებული) ნაწილი, რომელთან დაკავშირებული ინფორმაციაც გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან. ფიზიკური პირების მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებებით მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. შემოწმების მიერ შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად, ხოლო 25% ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საწარმოს მიერ გაწეულ საწვავის და კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულის მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებულია პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და შესამოწმებელ პერიოდში ფულის ნაშთის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ საქონელზე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ღორისა და საქონლის ხორცით ვაჭრობა. 2020-2023 წლებში პირს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული). შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ დადასტურდა. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. საბოლოოდ, შემოწმების მიერ შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75 % ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. შემოწმების მიერ, გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 8(22), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ა""ბ"), 101(1), 154(1"ა"), 43(4).