ბრძანება N 3585
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3585
24.02.2023
შპს „------------“ (ს/ნ ------------)
(მის.: ქ. ----------------------------)
2023 წლის 16 იანვრის და 8 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 16 იანვრის №5683/21 და 8 თებერვლის №22516/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №075-7 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი რეალიზებული სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ავტომანქანა რეალიზებულია 17 000 ლარად, ხოლო 2021-2022 წლების საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საჩივრის განხილვისას წარმოადგენს მის პოზიციას.
2. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ საერთაშორისო გადაზიდვებისას სატვირთო ავტომობილის მძღოლებზე გაცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მივლინების თანხები. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს მივლინების დოკუმენტები და ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებას სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას. ასევე საქმის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა ითხოვა სალაროს უძრავი ნაშთის ხელფასად კვალიფიკაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24243 ბრძანების საფუძველზე შპს „------------“ (ს/ნ ------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №31795 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №075-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 115 723 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 56 563 ლარი, ჯარიმა 47 550 ლარი და საურავი 11 610 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი (KRO№E --------- სასაქონლო კოდი 8716), რომელიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციაში 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე განხორციელდა გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლა, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ოდენობა. ფაქტობრივმა გარემოებამ გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის ზრდა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე გადამხდელს 2021 წლის ივლისის, ნოემბრის, დეკემბრის და 2022 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვები, რომლებიც არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში. შემოწმებით მიღებული თანხები ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გადამხდელის საბუღალტრო პროგრამაში არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში სალაროში უფიქსირდება ფულადი ნაშთი. ამასთან, ბრძანებით განსაზღვრულ პერიოდში გადამხდელს აღებული აქვს სხვადასხვა ბანკებიდან სესხები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელს უფიქსირდება გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები 285 717 ლარის ოდენობით. შემოწმებით, სალაროს უძრავი ნაშთი გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთანავე, გაცემული სესხის დაბრუნების მომენტში მოხდა დაბრუნებული თანხების ჩათვლის ნაწილში ასახვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების მიხედვით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მისაბმელი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ასევე 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვები, რომლებიც არ აქვს ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, შესაბამისად არ არის დეკლარირებული. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქმის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ხოლო მუდმივი სამუშაო ადგილი არის ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს.
ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:
ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;
ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.
„სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 6 სექტემბრის №7545 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლის თანახმად, სამივლინებო ხარჯის აუცილებელი პირობაა მივლინების ფაქტის იდენტიფიცირება დაქირავებულ პირთან და მივლინების მიზნობრიობა, კერძოდ მისი კავშირი დამქორავებლის ეკონომიკურ საქმიანობასთან და შემოსავლის მიღებასთან.
ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქვეყნის გარეთ მივლინებისას ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების დანართი №1 დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. ამასთან, მივლინებაში მყოფი პირის მიერ ბინის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
ამასთან, სამივლინებო ხარჯები ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნორმის ზევით, განიხილება ხელფასის სახით განაცემად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მივლინების ბრძანებებზე და მივლინების თანხების გაცემის უწყისებზე, რომლის საფუძველზეც გადამხდელი აცხადებს, რომ საერთაშორისო გადაზიდვებისას სატვირთო ავტომობილის მძღოლებზე გაცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მივლინების თანხები, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული სალაროს თანხის გაანგარიშებისას. გადამხდელი აცხადებს, რომ სალაროს ნაშთში არსებული თანხები სრულად გაცემულია მძღოლებზე, საიდანაც ნაწილი არის მივლინების თანხა, ხოლო დარჩენილ თანხა წარმოადგენს ხელფასის სახით განაცემებს. ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებას და დარჩენილი თანხის ხელფასად კვალიფიკაციას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების და „სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 6 სექტემბრის №7545 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგების მიხედვით, განახორციელოს მივლინების თანხების გათვალისწინება, ხოლო სხვაობა განიხილოს ხელფასის სახით განაცემად და უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ --------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების და „სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 6 სექტემბრის №7545 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგების მიხედვით, განახორციელოს მივლინების თანხების გათვალისწინება, ხოლო სხვაობა განიხილოს ხელფასის სახით განაცემად და უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.