გადაწყვეტილება №27807/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27807/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27807/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 18.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27807/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3841 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №077-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 ივლისის №15063 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 257 970,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 144 148,66

დღგ 132 544,40

საშემოსავლო გადასახადი - 11 604,26

ჯარიმა - 72 665,50

საურავი - 41 156,79

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მანქანის ნაწილებით ვაჭრობა. იმპორტი ძირითადად ხდება ჩინეთიდან, საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში. 2021 წლის პირველი ნოემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას და არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ ხორციელდება სრულყოფილი კონტროლი სამეურნეო ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ასევე ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის სრული სიზუსტით დადგენა. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ცხრილები, ასევე მესამე პირებისგან გამოთხოვილი და მიღებული ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებები) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით (სალარო აპარატის ბრუნვა და საბანკო ჩარიცხვები) მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე დარიცხული დღგ-ის თანხა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულყოფილად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის გათვალისწინებით გაიზარდა მცირე მეწარმის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2025 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2025 წლის 23 დეკემბრის №28153 ბრძანება და ამავე თარიღის №077-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3841 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3841 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი მაისის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები, რაზეც წარედგინა 2026 წლის 19 მაისის №077-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15063 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ი/მ-ის ანგარიშზე ჩარიცხული, სინამდვილეში კი შპს-ის კუთვნილი თანხა, სრულად გადატანილ იქნა შპს „-------“-ს საბანკო ანგარიშზე. სწორედ ამ მიზნით წარადგინეს შპს „-------“-ს საბანკო ამონაწერები, რომლებშიც ფიქსირდება დამფუძნებლის, ------- მიერ შესაბამისი თანხების შეტანა.

ის გარემოება, რომ აღნიშნული ჩარიცხვების დანიშნულებად მითითებულია „დამფუძნებლის შენატანი“ ან „კაპიტალის გაზრდა“, არ ცვლის ამ ოპერაციის ეკონომიკურ შინაარსს. პირიქით - ეს ჩარიცხვები სწორედ ის მექანიზმია, რომლითაც ი/მ-ის ანგარიშზე შეცდომით მიმართული, შპს-ის რეალიზაციით მიღებული ამონაგები დაუბრუნდა მის ნამდვილ მფლობელს - შპს „-------“-ს. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის შეფასება, რომ ეს ამონაწერები მხოლოდ „დამფუძნებლის შენატანს“ ასახავს და დარიცხვის კორექტირების საფუძველი არ არის, ფორმალურია და უგულებელყოფს ოპერაციის რეალურ შინაარსს.

გასათვალისწინებელია, რომ თავად საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, აუდიტორთა მიერ, ი/მის დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების საფუძველზე დადგენილია ფასნამატი დაახლოებით 59%-ის ოდენობით, რაც შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებით რეალისტური და ბაზრის შესაბამისი მაჩვენებელია. იმ შემთხვევაში, თუ სადავო ბრუნვები მიეკუთვნება ი/მ ------- დასაბეგრ ბრუნვას, ი/მ-ის იმავე, დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების პირობებში, ფასნამატი 100%-ს გადააჭარბებს. ასეთი მაჩვენებელი მოცემული საქმიანობისთვის არარეალურია და ეწინააღმდეგება როგორც ბაზრის ლოგიკას, ისე თავად აუდიტის მიერ დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატს.

აღნიშნული შეუსაბამობა დამოუკიდებლად ადასტურებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას: ი/მ-ს ფიზიკურად არ ჰქონია იმ მოცულობის შეძენა (სასაქონლო რესურსი), რომელიც სადავო ოდენობის რეალიზაციის გენერირების საშუალებას მისცემდა. სხვაგვარად, ი/მ ვერ მიაწვდიდა მომხმარებელს იმ საქონელს, რომელიც მას არ შეუძენია. შესაბამისად, სადავო რეალიზაცია ვერ წარმოადგენს ი/მ-ის საკუთარ დასაბეგრ ოპერაციას - შესაბამისი საქონლის შეძენა და მისი მომდევნო რეალიზაცია განახორციელა შპს „-------“-მ, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი სასაქონლო ნაშთი და რომლის დონეზეც აისახა და დაიბეგრა როგორც შეძენა, ისე რეალიზაცია. ბრუნვის ი/მ-ისთვის მიკუთვნება, შესაბამისი შეძენის გარეშე, არღვევს შეძენა-რეალიზაციის ელემენტარულ ეკონომიკურ ბალანსს და, შესაბამისად, დაუსაბუთებელია.

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 ივლისის №15063 გადაწყვეტილებას, ვინაიდან გადაწყვეტილება ეფუძნება წარმოდგენილი მტკიცებულებების მხოლოდ ფორმალურ შეფასებას და არ შეიცავს სადავო თანხების ეკონომიკური შინაარსის, წარმოშობისა და შემდგომი მოძრაობის სრულყოფილ გამოკვლევას.

1. წინა გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა ფორმალურად და არა არსებითად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს წინა გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აღნიშნული დავალების შესრულების მიზნით წარდგენილ იქნა შპს „-------“ საბანკო ამონაწერები, რომლებშიც აისახა ------- მიერ კომპანიის ანგარიშზე განხორციელებული თანხების შეტანა. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეადარა:

• ი/მ ------- ანგარიშზე კლიენტების მიერ ჩარიცხულ თანხებს;

• შპს „-------“ მიერ იმავე თარიღებში გაცემულ ფისკალურ ჩეკებს;

• შპს-ის შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახულ რეალიზაციას;

• შპს-ის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის მონაცემებს;

• ი/მ-ის ანგარიშიდან შპს-ის ანგარიშზე შემდგომ გადატანილ თანხებს.

აუდიტის დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოების მითითებით, რომ საბანკო გადარიცხვების დანიშნულებაში ძირითადად აღნიშნული იყო „დამფუძნებლის შენატანი“ ან „კაპიტალის გაზრდა“. გადაწყვეტილებაში არ არის წარმოდგენილი მსჯელობა, თუ კონკრეტულად რომელი გადარიცხვები შეისწავლა აუდიტმა, როგორ შეადარა ისინი ი/მ-ის ანგარიშზე მიღებულ თანხებს და რატომ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ აღნიშნული გადარიცხვები წარმოადგენდა შპს-ის კუთვნილი, მაგრამ ი/მ-ის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული ნავაჭრი თანხების დაბრუნებას.

შესაბამისად, წინა გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დავალება შესრულებულად ვერ ჩაითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ფორმალურად განიხილა საბანკო ამონაწერები. აუცილებელი იყო წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსობრივი შესწავლა და ოპერაციების ურთიერთშედარება.

2. საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა თავისთავად არ ადასტურებს საქონლის მიწოდებას ი/მ-ის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის არსებობისათვის უნდა დადგინდეს, თუ რომელმა პირმა განახორციელა საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანხა ჩაირიცხა კონკრეტული პირის საბანკო ანგარიშზე, თავისთავად არ ადასტურებს, რომ შესაბამისი საქონლის მიმწოდებელიც სწორედ ეს პირი იყო.

მოცემულ შემთხვევაში ჩვენი პოზიციაა, რომ 2023 წლის 31 მარტიდან შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა შპს „-------“ და გარდამავალ პერიოდში მომხმარებელთა ნაწილმა საქონლის საფასური შეცდომით ჩარიცხა ინდივიდუალური მეწარმის ძველ საბანკო ანგარიშზე. ამავე ოპერაციებზე გამოიყენებოდა შპს-ის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი, იბეჭდებოდა ფისკალური ჩეკები და რეალიზაცია აისახებოდა შპს-ის შესაბამისი პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში.

ამდენად, ი/მ-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ გადახდის ტექნიკურ მარშრუტს და არა იმის მტკიცებულებას, რომ საქონლის რეალიზაცია ინდივიდუალურმა მეწარმემ განახორციელა.

3. საბანკო გადარიცხვის დანიშნულება უნდა შეფასდეს ოპერაციის ეკონომიკურ შინაარსთან ერთად საბანკო გადარიცხვის დანიშნულებაში გამოყენებული სიტყვები - „დამფუძნებლის შენატანი“ ან „კაპიტალის გაზრდა“ - თავისთავად ვერ განსაზღვრავს ოპერაციის საგადასახადო კვალიფიკაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს ოპერაციის კვალიფიკაცია, როდესაც მისი ფორმა არ შეესაბამება რეალურ შინაარსს. აღნიშნული პრინციპი თანაბრად გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანომ მხოლოდ ფორმალური საბანკო დანიშნულება არ უნდა მიიჩნიოს გადამწყვეტ გარემოებად და უნდა გამოიკვლიოს, რეალურად რა ეკონომიკური მიზანი ჰქონდა თანხის გადაადგილებას.

თუ ი/მ-ის ანგარიშზე მიღებული თანხა თანხის ოდენობით, თარიღითა და შესაბამისი რეალიზაციის მონაცემებით უკავშირდება შპს-ის მიერ განხორციელებულ გაყიდვას და შემდგომ გადატანილია შპს-ის საბანკო ანგარიშზე, ამგვარი თანხის შეტანის რეალური ეკონომიკური შინაარსი არის შპს-ის კუთვნილი ნავაჭრი თანხის მისთვის დაბრუნება და არა ------- მიერ საკუთარი სახსრებიდან განხორციელებული დამოუკიდებელი კაპიტალური შენატანი.

4. 90 000 ლარის გადარიცხვა პირდაპირ ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის განზოგადებულ შეფასებას წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში იდენტიფიცირებულია 90 000 ლარის ოდენობის გადარიცხვა, რომლის დანიშნულებაშიც პირდაპირ არის მითითებული „ნავაჭრი თანხის შეტანა“. აღნიშნული ჩანაწერი ადასტურებს, რომ თანხების ნაწილი შპს-ის ანგარიშზე შეტანილი იყო არა დამოუკიდებელი დამფუძნებლის შენატანის, არამედ საქმიანობიდან მიღებული ნავაჭრი თანხის სახით. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის განზოგადებული დასკვნა, რომ წარმოდგენილი გადარიცხვები მხოლოდ დამფუძნებლის შენატანს ან კაპიტალის გაზრდას ასახავდა, წინააღმდეგობაში მოდის თავად საბანკო ამონაწერში არსებულ ინფორმაციასთან.

5. შესყიდვების, რეალიზაციისა და ფასნამატის ურთიერთკავშირი სათანადოდ არ არის გამოკვლეული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმის დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვებისა და რეალიზაციის მონაცემების საფუძველზე აუდიტის მიერ განსაზღვრული ფასნამატი დაახლოებით 59%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალურად განხორციელებული და დოკუმენტურად დადასტურებული საქმიანობის მასშტაბს.

თუ შპს-ის კუთვნილი სადავო რეალიზაციებიც დამატებით მიეკუთვნება ინდივიდუალურ მეწარმეს ისე, რომ ი/მ-ის დონეზე შესაბამისი საქონლის დამატებითი შეძენა ან სასაქონლო ნაშთი არ არის დადგენილი, ი/მ-ის სავარაუდო ფასნამატი 100%-ს გადააჭარბებს. ფასნამატის ზრდა თავისთავად არ წარმოადგენს ერთადერთ და საბოლოო მტკიცებულებას, თუმცა იგი არსებითი დამადასტურებელი გარემოებაა, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიუთითებს დარიცხვის ეკონომიკურ შეუსაბამობაზე.

ინდივიდუალური მეწარმე ვერ განახორციელებდა იმ მოცულობის საქონლის რეალიზაციას, რომლისთვისაც მას არ გააჩნდა შესაბამისი:

• დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვა;

• საწყისი ან მიმდინარე სასაქონლო ნაშთი;

• საქონლის მიღებისა და ტრანსპორტირების დოკუმენტები;

• მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მონაცემები.

ამავე დროს, შესაბამისი საქონლის შეძენა, სასაქონლო ნაშთი, ფისკალური რეალიზაცია და საგადასახადო დეკლარირება ასახულია შპს „-------“ დონეზე. შესაბამისად, სადავო რეალიზაციის ი/მ-ისთვის მიკუთვნება შესაბამისი შესყიდვებისა და სასაქონლო რესურსის გარეშე არღვევს შესყიდვა–მარაგი–რეალიზაციის ეკონომიკურ ჯაჭვს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება აღნიშნულ არგუმენტს საერთოდ არ პასუხობს და არ განმარტავს, რა საქონელი უნდა ყოფილიყო ი/მ-ის მიერ რეალიზებული, როდის და ვისგან შეიძინა მან ეს საქონელი და როგორ იყო შესაძლებელი სადავო ოდენობის რეალიზაციის განხორციელება შესაბამისი სასაქონლო რესურსის გარეშე.

მოთხოვნაა წარმოდგენილი არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადაო საკითხის დამატებითი შესწავლა და შესწავლის შედეგად დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური 19.02.2026 წლის №3841 ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი არ წარმოადგენდა მის მიერ მიღებულ შემოსავალს, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო მეწარმის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა. განმარტავს, რომ 2023 წლის 31 მარტს დაფუძნდა შპს „-------“, რომელმაც სრულად გააგრძელა იგივე ეკონომიკური საქმიანობა, რასაც მანამდე თავად ახორციელებდა. მიუთითებს, რომ გარდამავალ პერიოდში, კლიენტების ნაწილი შპს-ის მიერ რეალიზებული საქონლის საფასურს რიცხავდნენ ინდივიდუალურ მეწარმის საბანკო ანგარიშზე. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე გამოიყენებოდა შპს-ის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი და შესაბამისი ჩარიცხვის თანხაზე იმავე დღეს იბეჭდებოდა ფისკალური ჩეკები. ამასთან, აღნიშნული თანხა სრულად ასახულია შპს-ის შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციაში. მიუთითებს, რომ მსგავსი ტიპის ჩარიცხვები შეადგენს 452 837 ლარს, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა არის 328. ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 1.05.2026 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის შპს ,,-------“ საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდება დამფუძნებლის, ი/მ ------- მიერ თანხის შეტანა, ძირითადად დამფუძნებლის შენატანის ან კაპიტალის გაზრდის დანიშნულებით. აუდიტის დეპარტამენტის შეფასებით აღნიშნული მტკიცებულება, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებისთვის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომელიც შესაძლოა საბჭოს მხრიდან გათვალისწინების და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3841 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3841 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ცხრილები, ასევე მესამე პირებისგან გამოთხოვილი და მიღებული ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებები) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით (სალარო აპარატის ბრუნვა და საბანკო ჩარიცხვები) მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე დარიცხული დღგ-ის თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულყოფილად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით გაიზარდა მცირე მეწარმის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3841 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)