გადაწყვეტილება №19994/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.08.2023
№ დოკუმენტი 19994/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19994/2/2023

03 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------17.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19994/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-627 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11796 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 14 396,48 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 8 477

ჯარიმა - 3 828

საურავი - 2 091,48

 

ფაქტების აღწერა

საწარმო ახორციელებს თმის მოვლის საშუალებების იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №6584 და 22 დეკემბრის №32512 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 24 სექტემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 21 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:

გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, სრულყოფილად ვერ ხდება ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება სახეობების და რაოდენობების მიხედვით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15685 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა საწარმოს კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილია მხოლოდ ფაქტიურად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად, კერძოდ, შეძენილი საქონლის და შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო ნაშთის (ინვენტარიზაციით დადგენილი) მეშვეობით, წლების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. 2019-2022 წლებში უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა წლების მიხედვით გამოთვლილი დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატები 67%. მიღებული სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32812 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-627 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11796 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ „უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე“ გავრცელებული იქნა დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი 67% და მიღებული სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც შეადგენს 47 094 ლარს. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში (N11796) საჩივრის არ დაკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად განმარტებულია კომპანიის მიერ დადეკლარირებულ ბრუნვასა და დოკუმენტით რეალიზაციას შორის სხვაობა, ვინაიდან დადეკლარირებული ბრუნვა მეტია ზედნადებით რეალიზაციაზე.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დადეკლარირებული ბრუნვა დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 201,839 ლარს, ხოლო ზედნადებით რეალიზებულია პროდუქცია - 189,313 ლარს. სხვაობა შეადგენს 12,526 ლარს რაც მკვეთრად განსხვავდება 47,094 ლარისგან, რითაც გაზრდილია კომპანიის რეალიზაცია. სავარაუდოდ აღნიშნული გამოწვეულია იქიდან, რომ აუდიტორმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ პრეზენტაციებსა და ტრენინგებზე გახარჯული პროდუქცია. ასევე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

გაუგებარია რა ინფორმაცია არ წარუდგინა აუდიტორს, კომპანიას აქვს სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და სრულად იდენტიფიცირდება როგორც რეალიზებული პროდუქცია, ისე პრეზენტაციებსა და ტრენინგებზე გახარჯული პროდუქცია. კომპანიას არ მიუღია განმარტება ან რაიმე სახის გადათვლა გაზრდილ რეალიზაციასა (47,094) და საშუალო ფასნამატთან (67%) დაკავშირებით, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა აუდიტორთან ერთად შეემოწმებინა და განესაზღვრა აღნიშნული ციფრები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტორს გადამხდელს წარუდგინოს მის მიერ განსაზღვრული ციფრების გაანგარიშების ფაილი და მოხდეს საგადასახადო მოთხოვნა №006-627-ით დარიცხული თანხების კორექტირება მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/აღრიცხვის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 01.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ შემოწმების მიერ მოხდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, შეძენილი საქონლის და შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო ნაშთის (ინვენტარიზაციით დადგენილი) მეშვეობით წლების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც 2019- 2022 წლებში უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა წლების მიხედვით გამოთვლილი დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატები 67%.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომპანიას არ მიუღია განმარტება ან რაიმე სახის გადათვლა გაზრდილ რეალიზაციასა (47 094 ლარი) და საშუალო ფასნამატთან (67%) დაკავშირებით, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა აუდიტორთან ერთად შეემოწმებინა და განესაზღვრა აღნიშნული ციფრები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტორს გადამხდელს წარუდგინოს მის მიერ განსაზღვრული ციფრების გაანგარიშების ფაილი და მოხდეს საგადასახადო მოთხოვნა №006-627-ით დარიცხული თანხების კორექტირება მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/აღრიცხვის საფუძველზე.

მომჩივანი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე, თუმცა მას საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო ახორციელებს თმის მოვლის საშუალებების იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას.გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ შემოწმების მიერ მოხდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, შეძენილი საქონლის და შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო ნაშთის (ინვენტარიზაციით დადგენილი) მეშვეობით წლების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც 2019- 2022 წლებში უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა წლების მიხედვით გამოთვლილი დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატები 67%.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136 (1,3);73(5)161(1ა);159(1ა);