ბრძანება N 21553

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 21553
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21553

02 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 16 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბრის და 19 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №98 და №101) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 16 აგვისტოს №91490/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №081-172 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. საჩივარში წარმოდგენილი აქვს დეტალური ინფორმაცია 2021-2024 წლების 1 იანვრის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთების შესახებ, ასევე თითოეულ წელს შეძენილი მარაგების შესახებ, თითოეულ წელს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია ფასნამატებით. კერძოდ, აცხადებს, რომ 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი შეადგენს სულ: 255 747,47 ლარს დღგ-ის ჩათვლით. 2021 წელს შეძენილი სმფ შეადგენს სულ - 208 737,02 ლარს. განმარტავს, რომ 2021 წლის 17 მარტის მდგომარეობით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი, სულ დღგ-ის ჩათვლით - 17 575,55 ლარი, რაზეც დაერიცხა და გადაიხადა მოგების გადასახადი და ჯარიმა. ასევე მიუთითებს, რომ 2021 წლის ივნისის თვეში გაუქმებულია საკონტროლო-სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული სამი ჩეკი თანხით - 129 531 ლარი. აღნიშნავს, რომ 2021 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და 2021 წლის 13 მარტის მდგომარეობით არსებულ სმფ-ების ნაშთის მიხედვით დაბრუნებულ იქნა არსებულ სმფ-ებზე გადახდილი დღგ-ის თანხა 40 848,65 ლარი, რაც ბუღალრტულად არსებულ სმფ-ების ნაშთს გამოაკლდა. მიუთითებს, რომ 2021 წლის შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან შეადგენს სულ: 51 945,15 ლარს, საქონლის რეალიზაციის შედეგად გაყიდული სმფ შეადგენს - 33 515 ლარს, ფასნამატი არის 55% თანხით 18 430,15 ლარი.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 372 545,29 ლარს. 2022 წელს შეძენილი სმფ შეადგენს სულ დღგ-ის გარეშე 163 235,59 ლარს. 2022 წლის შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან შეადგენს 104 494,27 ლარს. საქონლის რეალიზაციის შედეგად გაყიდული სმფ შეადგენს - 63 635 ლარს. ფასნამატი 60% - თანხით 40 859,27 ლარი.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი შეადგენს 473 145,88 ლარს. 2023 წელს შეძენილი სმფ შეადგენს სულ დღგ-ის გარეშე 76 589,02 ლარს, 2023 წლის შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან შეადგენს - 102 794,64 ლარს. საქონლის რეალიზაციის შედეგად გაყიდული სმფ შეადგენს - 63 085,14 ლარს, ფასნამატი - 62%, თანხით - 39 709,50 ლარი.

2024 წლის 1 იანვრისათვის სმფ-ების ნაშთი შეადგენს - 487 649,75 ლარს. 2024 წლის 15 აპრილის მდგომარეობით შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან შეადგენს - 23 073,73 ლარს, საქონლის რეალიზაციის შედეგად გაყიდული სმფ შეადგენს - 14 420 ლარს, ფასნამატი - 60%, 8 653 ლარი. სმფ-ის ნაშთი 2024 წლის 15 აპრილისათვის შეადგენს - 473 229,75 ლარს. 2024 წლის 15 აპრილს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიური სმფ-ის ნაშთი არის პირვანდელი ღირებულებით დღგ-ის გარეშე 398 550,56 ლარი, ბუღალტრული აღრიცხვით - 473 229,75 ლარი. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2024 წლის 15 აპრილის მდგომარეობით სმფ-ის დანაკლისი არის ბუღალტრული და ფაქტიური აღრიცხვით 74 679,19 ლარი, ფასნამატი - 60% 44 807,51 ლარი, სულ 119 486,70 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8634 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისის №16912 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2024 წლის 18 ივლისის №081-172 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 230 928 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 139 609 ლარი, ჯარიმა 68 031 ლარი და საურავი 23 288 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 15 აპრილს გამოცემული ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის, საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის ჩატარების შესახებ“ №8523 ბრძანებით, განხორციელდა შპს „-------“-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. 2021 წლის საწყისი ნაშთი აღებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2021 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციიდან, ხოლო საბოლოო მარაგების ნაშთი ინვენტარიზაციის მონაცემებიდან. აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შემოსავლის/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენის მიზნით კი საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმების შედეგად მიღებული ფასნამატი (ფასნამატი მიღებულია ინვენტარიზაციით დადგენილი გასაყიდი ფასებისა და აღნიშნული პროდუქციის თვითღირებულებებიდან გამომდინარე), რასაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაციების ოდენობა. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილმა შემოსავალმა შეადგინა 670 564 ლარი, რაც აჭარბებს საწარმოს მიერ დეკლარირებულ შემოსავალს - 292 919 ლარს. გამოვლენილმა სხვაობამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა დღგ. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულის მოძრაობა, კერძოდ, შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავლების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, ბანკების, დებიტორ-კრედიტორული ნაშთებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 15 აპრილს გამოცემული ,,სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის, საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის ჩატარების შესახებ“ №8523 ბრძანებით განხორციელებული და დადგენილი შპს ,,-------“-ის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის მიხედვით გამოვლინდა, რომ საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის ნაშთან უნდა ერიცხებოდეს 286 622 ლარით მეტი, ვიდრე ჰქონდა დაფიქსირებული (ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად). შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს, სადაც მომჩივანს მითითებული აქვს დეტალური ინფორმაცია 2021-2024 წლების 1 იანვრის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთების შესახებ, ასევე თითოეულ წელს შეძენილი მარაგების შესახებ, თითოეულ წელს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია ფასნამატებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისა და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. 2021 წლის საწყისი ნაშთი აღებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2021 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციიდან, ხოლო საბოლოო მარაგების ნაშთი ინვენტარიზაციის მონაცემებიდან. აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შემოსავლის/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენის მიზნით კი საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმების შედეგად მიღებული ფასნამატი (ფასნამატი მიღებულია ინვენტარიზაციით დადგენილი გასაყიდი ფასებისა და აღნიშნული პროდუქციის თვითღირებულებებიდან გამომდინარე), რასაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაციების ოდენობა. გამოვლენილმა სხვაობამ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულის მოძრაობა, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის მიხედვით გამოვლინდა, რომ საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის ნაშთან უნდა ერიცხებოდეს უფრო ლარით მეტი, ვიდრე ჰქონდა დაფიქსირებული. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;