გადაწყვეტილება №24931/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24931/2/2025
23 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 18.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24931/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №031-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 თებერვლის №3207 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 143 745,14 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 76 739
დღგ - 10 412
ქონების გადასახადი - 2 744
საშემოსავლო გადასახადი - 63 583
ჯარიმა - 38 159
საურავი - 28 847,14
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასოფლო-სამურნეო პროდუქციით ვაჭრობა. ამასთან, რიგ შემთხვევებში თვითონ აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას (კარტოფილი) შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 10 ივლისის №16367 ბრძანება და 11 ივლისის №031-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20744 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.12.2024 წლის №24194/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2025 წლის 24 თებერვლის №3207 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესამოწმებელ პერიოდში გაწეული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ი/მ ------- (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №031-10 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 თებერვლის №3207 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი, კერძოდ, დასაბეგრ ბრუნვაში სრულად არ არის ჩართული როგორც ადგილობრივი რეალიზაცია, ასევე, ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულება. შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული და ასევე შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად შესაბამისი პერიოდების საბაზრო ფასებით. ერთობლივ შემოსავალში ასევე, ჩართულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია.
მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლები, გარკვეულ ნაწილში გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით.
2022 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, რის შედეგადაც მას გაუუქმდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში გაწეული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიერ შემოსავლების დადგენის მიზნით რეალიზებული პროდუქციის ფასნამატად გამოყენებულია 59%. აღნიშნული ფასნამატი მიღებულია მის მიერ გამოწერილი ორი ზედნადების საფუძველზე. მიღებული ფასნამატის გამოყენებას არ ეთანხმება, ვინაიდან მხოლოდ რეალიზაციის ორ შემთხვევაა და მოცემული ინფორმაცია სრული სურათის დასანახად საკმარისი არ არის.
ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული საქონლის რეალიზაცია ამ ოდენობის ფასნამატით ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან 2021 წელს 4 582 ლარით გაზრდილია ერთობლივი შემოსავალი, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ორგანოს გაანგარიშებიდან არ იშიფრება. ითხოვს 2021 წელში ნაცვლად შემმოწმებლის მიერ მიღებული ფასნამატის, გამოყენებულ იქნას მესამე პირის ფასნამატი. დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი.
2021 წელში შესყიდული 142 800 კგ კარტოფილი ჩაითვალა რეალიზებულად (კილოგრამი ერთ ლარად). აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული კარტოფილი შეძენილია კილოგრამი 0.7 ლარად სახელმწიფო კომპანიისგან. სახელმწიფო კომპანიას კარტოფილის რეალიზაცია შეუძლია საბაზრო ფასად, რომელიც დადგენილია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, შესაბამისად აღნიშნული ფასი თანხვედრაშია ბაზარზე მოცემულ პირობებთან და მის მიერ მოცემული კარტოფილის რეალიზება ამ ოდენობის ფასნამატით შეუძლებელი იქნებოდა. ისინი რეალიზებას ახდენდნენ სოფლად, სათესლე მიზნებისთვის, საბითუმო რეალიზაციის გზით. ფასნამატი კილოგრამზე არ აღემატებოდა 5-10 თეთრს. ამ ნაწილში ითხოვს, დაკორექტირდეს შემოწმების მიერ გამოყენებული ფასი.
2022 წელში, მოყვანილი კარტოფილის რეალიზაციით მიღებულმა მოსავალმა შეადგინა 428 400 კგ. მიღებული მოსავლის რეალიზაცია მოხდა მისი აღების მომენტშივე, მინდვრიდან, ყოველგვარი დახარისხების და გადარჩევის გარეშე. რეალიზაციის საშუალო ფასმა შეადგინა 0.40 ლარი. შემმოწმებელი არ დაეთანხმა აღნიშნულ ფასს და სარეალიზაციო ფასად მიიჩნია შპს ------- (ს.ნ. -------) მიერ მიწოდებული კარტოფილის გასაყიდი ფასების საშუალო ფასი. აღნიშნული კომპანია არის სახელმძღვანელო კომპანია, რომელიც ეწევა საცდელ სადემონსტრაციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. იგი იცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს, რაც გულისხმობს ნორმით განსაზღვრული სასუქების შეტანას და ასევე მათ გააჩნიათ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი მოსავლის მიღებას. აღნიშნული საშუალებები მომჩივანს არ გააჩნია. მის მიერ ვერ მოხდა სასუქის შეტანა, რაც დასტურდება იქიდანაც რომ მომჩივნის მიერ არ მომხდარა სასუქის შესყიდვა. ასევე მათი ნაკვეთი ურწყავია, არ ხდება ნათესების მორწყვა. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია ის რომ მომჩივნის მოსავლის უმეტესობა, იყო არასტანდარტული და არ ჰქონდა სასაქონლო სახე. შესაბამისად, მოსავლის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა იგივე ფასად, როგორც სახელმწიფო კომპანიის მიერ განხორციელდა. მისი მოთხოვნაა, მის მიერ რეალიზებული მოსავლის ფასად გამოყენებულ იქნას 0.4 ლარი.
2023 წლის აგვისტოს თვეში დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგენილია 9 873 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ მოწოდებული გაანგარიშებით აღნიშნული თანხის რეალიზაცია არ ფიქსირდება. შესაბამისად გაურკვეველია როგორ მოხდა აღნიშნული თანხის მიღება, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში რეალიზაციისთვის დარჩენილი დღგ-ით დასაბეგრი პროდუქცია არ გააჩნდა.
მისი მოთხოვნაა შემცირდეს 2023 აგვისტოს თვის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
შემოწმებით, მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავალი გარკვეულ ნაწილში გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით მართებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემოწმებას შეეძლო გამოეყენებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და აღნიშნულის შედეგად, გაზრდილი ერთობლივი შემოსავალი მართლზომიერია, მაგრამ მითითებული ნორმის გამოყენებით შემოწმებას ასევე არაპირდაპირი მეთოდით უნდა განესაზღვრა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში გაწეული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და შემოწმებით დადგენილი მონაცემების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2022-2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 205-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2022-2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის და გადასახადის გადახდის ვალდებულება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მას შემდეგ რაც დაკორექტირდება 2022 და 2023 წლის ერთობლივი შემოსავლები, დასაბეგრი ბრუნვები შემცირდება 40 000 ლარამდე, შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარება ქონების გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რომელიც გახდებოდა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, მომჩივნისთვის ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი, კერძოდ, დასაბეგრ ბრუნვაში სრულად არ არის ჩართული როგორც ადგილობრივი რეალიზაცია, ასევე, ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულება. შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული და ასევე შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად შესაბამისი პერიოდების საბაზრო ფასებით. ერთობლივ შემოსავალში ასევე, ჩართულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლები, გარკვეულ ნაწილში გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, რის შედეგადაც მას გაუუქმდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, მომჩივნისთვის ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);82(1);159(1);202(2);205(1)