გადაწყვეტილება №27018/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.04.2026
№ დოკუმენტი 27018/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27018/2/2026

28 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 28.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27018/2/2026).

 

დავის საგანი:

1.ბლოკის წარმოების კალკულაციის გათვალისწინებით შემოსავლის დადგენა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

2.სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას ადრე შეძენილი აქტივებიდან ანაზღაურებული დავალიანებების და სარევიზიო პერიოდში შეძენილ ქონებაზე გადახდილი თანხის გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის №083-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5353 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 449 049.88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 260 119.25

დღგ - 74 835.79

საშემოსავლო გადასახადი - 181 833.46

ქონების გადასახადი - 3 450

ჯარიმა - 127 294.30

საურავი - 61 636.33

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბლოკის წარმოება/რეალიზაცია და სასტუმროს ტიპის მომსახურება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1640 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის №27794 ბრძანება და №083-51 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 449 049.88 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 17 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 11 მარტის №5353 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ბლოკის წარმოების კალკულაციის გათვალისწინებით შემოსავლის დადგენა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლებით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლის დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემები. შედეგად, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად შეძენილი ჰქონდა 600,45 მ 3 სამშენებლო სილა, საიდანაც რეალიზებული იყო 44 მ 3 . ასევე, მომჩივანს შეძენილი ჰქონდა 1 680 ტონა ცემენტი, თუმცა სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული იყო 10,2 ტონა ცემენტი. ასევე, საქმის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა მისივე წარდგენილი ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ბლოკის წარმოება/რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემების გათვალისწინებით დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1640 ბრძანებას მომჩივანი გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო ამავე დღეს, თუმცა საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდგომ, მ.შ. არც დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემებიდან გამომდინარე შემოსავლის დადგენას, ამ ნაწილში არ იზიარებს შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ შემოსავლის გაანგარიშების მეთოდსა და გამომდინარე დღგ-ით დასაბეგრი თანხის მოცულობას.

მთელი სარევიზიო პერიოდის განმავლობაში კომპანიაში არ გამოვლენილა სამართალდარღვევა მომხმარებელთან ანგარიშსწორების ნაწილში (სალაროში მიღებულ თანხებზე ჩეკის ამოურტყმელობა) და/ან სსზ-ს გარეშე.

მომჩივანი ადასტურებს, რომ საწარმოს მიერ დაფიქსირებული რეალიზაციიდან შემოსავლები სამშენებლო ბლოკის რეალიზაციის ნაწილში შეესაბამება წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივ, თანხობრივ მონაცემებს, ხოლო რაც შეეხება ინერტული მასალებისა და ცემენტის ნაშთებს, ნაწილი ფაქტობრივად გახარჯულია საკუთარ მშენებლობაზე დანახარჯების სახით, ნაწილი რეალიზებულია, ხოლო ნაწილი არ არის მიწოდებული მომწოდებლების მიერ (სატრანსპორტო საშუალებების არასრული დატვირთვა). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნედლეულისა და მასალების გაანგარიშებული დანაკლისი განხილული უნდა იყოს როგორც დანაკლისი და შესაბამისად დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი თანხის მოცულობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2026 წლის №-------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის საქმიანობაა ბლოკის წარმოება/რეალიზაცია და სასტუმროს ტიპის მომსახურება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში შემოსავლის დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემები. შედეგად, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი იყო დასარიცხი საკითხების შინაარსი, თუმცა მომჩივნისგან დამატებითი პოზიცია შემოწმების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად შეძენილი ჰქონდა 600,45მ3 სამშენებლო სილა, საიდანაც რეალიზებული იყო 44 მ 3 . ასევე, მომჩივანს შეძენილი ჰქონდა 1 680 ტონა ცემენტი, თუმცა სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული იყო 10,2 ტონა ცემენტი. გადასახადის გადამხდელმა წარდგენილი ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ბლოკის წარმოება/რეალიზაცია.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ბლოკის წარმოების კალკულაცია წარდგენილია გადასახადის გადამხდელის მიერ. ასევე, აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია სასტუმროს მშენებლობისთვის გამოყენებული მასალები.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას ადრე შეძენილი აქტივებიდან ანაზღაურებული დავალიანებების და სარევიზიო პერიოდში შეძენილ ქონებაზე გადახდილი თანხის გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში უნდა ჰქონოდა 588 537 ლარი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით, ზემოხსენებული თანხა (588 537 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს პირველი საკითხის ნაწილში საჩივრის შედეგების გათვალისწინებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებში გაუთვალისწინებელი ისეთი ხარჯების მხედველობაში მიღებას, რომლებიც არ იკვეთება შემოსავლების სამსახურის ელ. გვერდსა და საბანკო ამონაწერებში (ადრე შეძენილი აქტივებიდან ანაზღაურებული დავალიანებები და სარევიზიო პერიოდში შეძენილი ქონება). მტკიცებულებები, სარევიზიო პერიოდის დასაწყისში ვალდებულებებისა და სარევიზიო პერიოდში შეძენილი და საგადასახადო შემოწმების აქტში გაუთვალისწინებელი აქტივების შესახებ, თან ერთვის საჩივარს. ითხოვს, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაზუსტდეს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის სალაროს ნაშთი და მოხდეს მისი დაბეგვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადაიანგარიშოს (შეამციროს) დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში უნდა ჰქონოდა 588 537 ლარი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით, ზემოხსენებული თანხა (588 537 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ შეძენილია დანადგარები, რაც არ არის გათვალისწინებული ხარჯებში. მტკიცებულებები თან ერთვის საჩივარს, რის საფუძველზეც უნდა დაზუსტდეს კომპანიის სალაროს ნაშთი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით დანადგარები შეძენილია ორი პირისგან, თუმცა არცერთ მათგანს არ უფიქსირდება აღნიშნული დანადგარების შეძენა. ამასთან, აღნიშნული დანადგარები არ არის ასახული ქონების დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები არ არის დამოწმებული ნოტარიულად. ამასთან, მითითებულია, რომ თანხების გადახდა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემებიდან გამომდინარე შემოსავლის დადგენას, ამ ნაწილში არ იზიარებს შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ შემოსავლის გაანგარიშების მეთოდსა და დღგ-ით დასაბეგრი თანხის მოცულობას.

2.მომჩივანი ითხოვს,დაზუსტდეს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის სალაროს ნაშთი და მოხდეს მისი დაბეგვრა.

მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადაიანგარიშოს დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საგადასახადო ორგანომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლის დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემები. შედეგად, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, სსკ-ის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.

2.საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში უნდა ჰქონოდა 588 537 ლარი. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შედეგად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,163,164.