გადაწყვეტილება №25923/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25923/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ძე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთან სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ძის 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №001-131 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.09.2025 წლის №19435 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 720,08 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი (სასოფლო) – 3 739,48
ჯარიმა - 1 869,50
საურავი - 1 111,10
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება სასოფლო და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები ქალაქ ------ში, ასევე, 2010 წლიდან სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწები (ს/კ ----- - 70 ჰა და ს/კ ------ 6,5 ჰა).
2022, 2023 და 2024 წლების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით პირს დაბეგრილი ჰქონდა მხოლოდ თანასაკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე 1.07.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14471 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №001-131 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.09.2025 წლის №19435 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
თანასაკუთრებაში არსებულ 485 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე კოდით ------, აუდიტმა დაარიცხა მთლიანი კვადრატულობის მიწის გადასახადი. ასევე არსებული მიწის ნაკვეთები კოდით: ----- გადაეცა მემკვიდრეობით მეუღლისგან, რომელსაც არ ეკუთვნოდა მიწის გადასახადის დარიცხვა, ხოლო საკადასტრო კოდით: ----- არსებულ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ მიმდებარეს ეკუთვნოდა მიწის გადასახადის დარიცხვა, რომელიც დარიცხულია მთლიან მიწის ნაკვეთზე.
ავტომატურად დარიცხული დეკლარაციების საფუძველზე იხდიდა წლიური ქონების გადასახადს, უცოდინრობიდან და ასაკიდან გამომდინარე ვერ ახერხებდა კონტროლს, რამდენად სწორად ხდებოდა დარიცხვა და გადახდა.
მომჩივანი მისი ფინანსური და ასაკობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას, რომ შეძლოს გადასახადის გადახდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება სასოფლო და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები , ასევე, 2010 წლიდან სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწები.2022, 2023 და 2024 წლების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით პირს დაბეგრილი ჰქონდა მხოლოდ თანასაკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14471 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №001-131 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №19435 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);