ბრძანება N 27041

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2023
№ დოკუმენტი 27041
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27041

01 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ --------) 2023 წლის 18 ოქტომბრის №84183/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №227-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №14997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 15 მარტიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 ოქტომბრის №25483 ბრძანება და ამავე თარიღის №227-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 28 074 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 242 ლარი, ჯარიმა 6 890 ლარი, საურავი 1 942 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხეტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და არ გააჩნია ხარჯის ამსახველი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და საგადასახადო ანგარიშგება შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ ------- მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულია მომსახურების მიწოდება. სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, საწარმოს ძირითად დამკვეთს წარმოადგენს -------- სააგენტო. შემოწმების პერიოდში ჩატარებული სალაროს ინვეტარიზაციის შედეგად, გადამხდელს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში განესაზღვრა 0 ლარის ოდენობით. შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორ-კრედიტორების მიმართ მოთხოვნები და ვალდებულებები არ გააჩნია. აღნიშნულისა და გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით არაპირდაპირ დადგენილ იქნა ფულადი სახსრების ნაშთი (ამასთან, ვინაიდან საწარმოს არ მოეპოვება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოსავლის მიღება შესაბამისი ხარჯის გაწევის გარეშე ვერ მოხდებოდა, ფულის მოძრაობის ნაწილში, ხარჯად გათვალისწინებულ იქნა, მიწოდებული მომსახურებიდან გამომდინარე, მოჭრილი მერქნული რესურსების 1 კუბურ მეტრზე 50 ლარი). პერიოდის ბოლოს გაანგარიშებული ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და არ გააჩნია ხარჯის ამსახველი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და საგადასახადო ანგარიშგება შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები. შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, ვინაიდან საწარმოს არ მოეპოვება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოსავლის მიღება შესაბამისი ხარჯის გაწევის გარეშე ვერ მოხდებოდა, ფულის მოძრაობის ნაწილში, ხარჯად გათვალისწინებულ იქნა, მიწოდებული მომსახურებიდან გამომდინარე, მოჭრილი მერქნული რესურსების 1 კუბურ მეტრზე 50 ლარი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული მორის დამზადების და დასაწყობების ადგილამდე მიტანის დროს გაწეული ხარჯები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხეტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა.გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და არ გააჩნია ხარჯის ამსახველი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულია მომსახურების მიწოდება. შემოწმების პერიოდში ჩატარებული სალაროს ინვეტარიზაციის შედეგად, გადამხდელს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში განესაზღვრა 0 ლარის ოდენობით. შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორ-კრედიტორების მიმართ მოთხოვნები და ვალდებულებები არ გააჩნია. აღნიშნულისა და გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით არაპირდაპირ დადგენილ იქნა ფულადი სახსრების ნაშთი.ფულის მოძრაობის ნაწილში, ხარჯად გათვალისწინებულ იქნა, მიწოდებული მომსახურებიდან გამომდინარე, მოჭრილი მერქნული რესურსების 1 კუბურ მეტრზე 50 ლარი). პერიოდის ბოლოს გაანგარიშებული ფულის ნაშთი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(1);61(3);73(5);105(2);72(1);