ბრძანება N 28969
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28969
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 25 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს ,,----------“-ის (ს/ნ ------------) №84341/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №006-392 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივანის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. პირი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შემოსავალმა შეადგინა 624 708 ლარი დღგ-ის ჩათვლით და შემოწმების მიერ განსაზღვრული დასაბეგრი შემოსავალი, 1 153 354 ლარი, არ შეესაბამება რეალობას. ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაანგარიშებას გადამხდელის მონაწილეობით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული თანხების დაკვალიფიცირებას ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ პროცენტიან სესხად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის N11202 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 19 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 2 აგვისტოს №18932 ბრძანება და 3 აგვისტოს №006-392 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 377 164 ლარი, მათ შორის, გადასახადი 242 901 ლარი, ჯარიმა 85 894 ლარი, საურავი 48 369 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟი. შემოწმების მსვლელობისას გადამხდელისგან მოწოდებული (საბანკო ამონაწერები) და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ზემოაღნიშნული საქმიანობის შედეგად შპს ,,-------------“-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 153 134 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით შპს ,,-------------“ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე მუხლების თანახმად, შპს ,,-------------“ -ს დღგ-ის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. გადამხდელს შემოწმებისთვის ბუღალტრული აღრიცხვა და საშემოსავლო გადასახადის დაბეგრვის ობიექტის დადგენის მიზნით, ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 110 487 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური (მათ შორის შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმებისთვის უცნობია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საჭირო მასალების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა, თუმცა გაადამხდელის მიერ სამუშაოების გაწევა და სმფ-ის გამოყენება ფიქსირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ის შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა.
საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებითა და ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და შესაბამის პერიოდებში დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმების მსვლელობისას გადამხდელისგან მოწოდებული (საბანკო ამონაწერები) და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით შპს „-------------“-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 153 134 ლარი. რაც შეეხება საჩივარში გადამხდელის მიერ მოყვანილ არგუმენტს, რომ საწარმოს შემოსავლებმა შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ჩათვლით შეადგინა - 624 708.50 ლარი, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აღნიშნული თანხა დათვლილია მხოლოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით და არ არის გათვალისწინებული შემოწმებისთვის წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული სხვა შემოსავლები, რომელიც პირს მიღებული აქვს როგორც საქონლის რეალიზაციით, ასევე გაწეული მომსახურების ანაზღაურებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 110 487 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური (მათ შორის შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდება, თუმცა გადამხდელის მიერ სამუშაოების გაწევა და სმფ-ის გამოყენება ფიქსირდება. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ის შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციით, ფულადი ნაშთის ხელფასის ნაცვლად პროცენტიან სესხად დაკვალიფიცირებისათვის შესაბამისი მტკიცებულება გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული არ ყოფილა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,----------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული თანხების დაკვალიფიცირებას ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ პროცენტიან სესხად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟი. შემოწმებით დადგინდა რომ,შპს-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 153 134 ლარი. შპს არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და შესაბამის პერიოდებში დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1);163(1,2);164(1);165(1);73(5,9);105;154