ბრძანება N 752

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.01.2026
№ დოკუმენტი 752
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 752

23 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------)

2025 წლის 24 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2025 წლის 24 დეკემბრის №99593/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ნოემბრის №041-75 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია 13 590 ლარით, ვინაიდან შემოწმებას გათვალისწინებული არ აქვს სალარო აპარატიდან შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშებას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13163 და 2025 წლის 5 ნოემბრის №24431 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის 19 ივნისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 ნოემბრის №25441 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 183 619 ლარი, მათ შორის გადასახადი 114 965 ლარი, ჯარიმა 57 414 ლარი და საურავი 11 240 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რაზეც დაჯარიმებულია და სასამართლო წესით გამოთხოვილია საბანკო ამონაწერები. გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ------ და ----- იმპორტის გზით შემოტანილი აქვს ტანსაცმელი, სულ ჯამში 257 954 ლარის ღირებულების. სხვა სმფ-ის შეძენა კომპანიას არ უფიქსირდება. დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გადამხდელს ასახული აქვს საკონტროლოსალარო აპარატით ამობეჭდილი ღირებულებები. საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შედარების შედეგად გამოვლინდა მცირე სხვაობები 2 სააგარიშო თვეში

(01.2022, 06.2022), ჯამში 15 115 ლარი. აღნიშნულზე კომპანიას დაერიცხა დღგ 2 721 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შპს ,,-----" საქმიანობის სახეს წარმოადგენს ტანსაცმლის შეძენა-რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, „------" ტერიტორიაზე. გადამხდელი არ თანამშრომლობს შემოწმებასთან, შესაბამისად, არ წარმოუდგენია ბუღალტერია, არც ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. შედეგად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 61-ე მუხლების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 19 ივნისს გადამხდელს ჩაუტარდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, სადაც ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 0 ლარი. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების და ბიუჯეტში გადახდლი თანხების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი, 561 218 ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულიაბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ასახული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ღირებულებები. ხოლო, შემოწმების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შედარების შედეგად გამოვლინდა მცირე სხვაობები 2 საანგარიშო თვეში (01.2022, 06.2022), ჯამში 15 115 ლარი. აღნიშნულზე კომპანიას დაერიცხა დღგ 2 721 ლარის ოდენობით. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში არსებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა. შემოწმებით, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების და ბიუჯეტში გადახდლი თანხების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, კერძოდ:

გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის დღგთ დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია 13 590 ლარით. ვინაიდან შემოწმებას გათვალისწინებული არ აქვს სალარო აპარატიდან შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი, რომელზეც შედგენილია შესაბამისი კორექტირების აქტი (2022 წლის 15 ივლისის ID ----- / ------) შესაბამისად, ითხოვს შეცდომით ამორტყმული ჩეკის თანხით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას, ასევე, ამ თანხის ფარგლებში სარგებლად განხილული თანხისა და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირებას.

მიუთითებს, რომ შპს „-----“ გაუნაწილებელმა მოგებამ შეადგინა 56 617 ლარი (რომელიც დასტურდება 2017 წლამდე წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებით და 2013 წლის 18 დეკემბრის N21-14/92306 ბრძანებით დანიშნული გასვლითი ალტენატიული საგადასახადო შემოწმების აქტით), აღნიშნული მოგებაზე გადახდილია შესაბამის პერიოდში კუთვნილი მოგების გადასახადის თანხები, შესამოწმებელ პერიოდამდე აღნიშნული მოგება განაწილებული არ არის. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს შემოწმების მიერ დაანგარიშებული სარგებლის თანხა, 70 771 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს 2017 წლამდე დაგროვილი მოგების განაწილებად და აღნიშნული თანხით შემცირდეს დარიცხული სარგებლის თანხა.

გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს ჰქონდა დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალი, რომელიც შეადგენდა 87 000 ლარს. აღნიშნული კაპიტალი დაფიქსირებული არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში, შესაბამის გრაფაში. ითხოვს შემოწმებით გაანგარიშებული სარგებლის თანხიდან 87 000 ლარის კაპიტალის შემცირებად ჩათვლას და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირებას.

მომჩივნის განმარტებით, სარგებლის თანხების გაანგარიშებისას შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის (გეზი) დარიცხული და გადახდილი თანხები, 4 550 ლარის ოდენობით. გადამხდელი ითხოვს შემოწმებით გაანგარიშებული სარგებლის თანხიდან 4 550 ლარის ხარჯად აღიარებას და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირებას.

გადამხდელი მიუთითებს, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს საბაჟო დეკლარაციაში (--------) დეკლარირებული თანხა შეადგენდა 9 734 ლარს. აღნიშნული დეკლარაციის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, საქონლის ღირებულება დადეკლარირდა ნაცვლად 5 685 დოლარისა, 5 685 იუანის ოდენობით.

სწორი ინვოისის, ვალუტის და ტრანსპორტირების ღირებულების პირობებში, აღნიშნული ოპერაციის ფაგლებში არსებული ხარჯი შეადგენდა 19 756 ლარს. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით გაანგარიშებული სარგებლის თანხიდან 10 022 ლარი აღიარდეს ხარჯად და არ დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადის სახით დაბეგვრას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშებას და აღნიშნულის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რაზეც დაჯარიმებულია და სასამართლო წესით გამოთხოვილია საბანკო ამონაწერები. გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტის გზით შემოტანილი აქვს ტანსაცმელი. სმფ-ის შეძენა კომპანიას არ უფიქსირდება. დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გადამხდელს ასახული აქვს საკონტროლოსალარო აპარატით ამობეჭდილი ღირებულებები. საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შედარების შედეგად გამოვლინდა მცირე სხვაობები 2 სააგარიშო თვეში. აღნიშნულზე კომპანიას დაერიცხა დღგ და განსაზღვრული ჯარიმა.

შპს-ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ტანსაცმლის შეძენა-რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. გადამხდელს ჩაუტარდა სალაროში არსებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, სადაც ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 0 ლარი. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების და ბიუჯეტში გადახდლი თანხების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);163(1,2);164(1);79(9);101(1);154(1);