გადაწყვეტილება №24587/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2025
№ დოკუმენტი 24587/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24587/2/2025

14 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 9.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24587/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 (რეგ. 9.08.2024 წელი; №03/61439) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №081-243 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 364 527.02 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 186 613

დღგ - 84 938

მოგების გადასახადი - 98 247

საშემოსავლო გადასახადი - 3 428

ჯარიმა - 92 590

საურავი - 85 324.02

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა, სარეკლამო მასალის ბეჭდვითი მომსახურება, ფლაერების, სავიზიტო ბარათების, ბანერების ბეჭდვა, ლაითბოქსების დამზადება/მონტაჟი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4149 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა წლების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები გადამხდელის დეკლარირების პროპორციულად ასახულ იქნა დასაბეგრ ბრუნვებში. მომჩივანს, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის (გადამხდელის ახსნა-განმარტებების, საბანკო ამონაწერის, თანხების მოძრაობის მონაცემების) გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30689 ბრძანება და №081-301 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 667 509 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 17 იანვრის №570 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 31.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაანგარიშებები);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის დასკვნა, 18.06.2024 წლის №14237 ბრძანება და №081-140 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 33 750 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 9.07.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2024 წლის დასკვნა, 20.12.2024 წლის №26739 ბრძანება და №081- 243 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 251 573 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდათ ტელეფონით და დამატებით მოითხოვა კომპანიის მიერ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების გაშიფვრა/იდენტიფიცირება შესრულებული თითოეული სამუშაოს/პროექტის მიხედვით, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი და დაუძლეველი აღმოჩნდა იმ ფაქტობრივი-ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, რომელშიც პრაქტიკულად კომპანია იმყოფებოდა. კერძოდ, იმ ვითარების გამო, რომ 2023 წლის 21 თებერვალს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად მთლიანად განადგურებული იყო საწარმოს სერვერზე არსებული ელექტრონული საბუღალტრო და სამეურნეო საქმიანობის ამსახველი მონაცემები, რაზეც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არაერთხელ აღნიშნეს, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობდა გამოძიება. გამოძიება კი ვერც იმ დროისთვის და ვერც მოცემული დროისთვის პრაქტიკულად ვერანაირ შედეგზე გასვლას ვერ ახერხებს. ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა მათი მოთხოვნის შესაბამისად გაეხსენებინათ და აღედგინათ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების გაშიფვრა/იდენტიფიცირება შესრულებული თითოეული სამუშაოს/პროექტის მიხედვით, რაზეც შესაბამისი ინფორმაცია და განმარტება გადაანგარიშების განმხორციელებელ პირს სატელეფონო კომუნიკაციით მიაწოდეს. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე განმარტებითი ბარათი შესაბამისი გარემოებების მითითებით და გაშიფვრით წარუდგინეს აუდიტის დეპარტამენტს. აღნიშნული განმარტებითი ბარათის ასლი პარალელურ რეჟიმში წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოშიც.

ზემოაღნიშნულ ვითარებასა და პირობებში, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 დეკემბრის დასკვნით მოხდა კომპანიისთვის მიუღებელი ახალი გარემოებების წინ წამოწევია და ახალი, მიუღებელ ბრალდებებზე დაყრდნობით, ასევე არამართლზომიერად და არაკანონზომიერად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების (დღგ-ის ნაწილში ჩათვლების შემცირება და მოგების გადასახადის ნაწილში გადასახადებისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების დარიცხვა) დაკისრება, რასაც არ ეთანხმებიან.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 დეკემბრის დასკვნას - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 9.08.2024 წლის №03/61439 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემოწმებით დარიცხული თანხები (არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლების ნაწილში) დაექვემდებარა გადაანგარიშებას. აღნიშნულის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა 133 219 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 65 096ნ ლარის ოდენობით. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაზრდის შედეგად გაანგარიშებული კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად განხილული და წყაროსთან დაბეგრილი შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 218 144 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 109 080 ლარის ოდენობით.“- აღნიშნულ ნაწილში ეთანხმებიან და სრულად იზიარებენ.

ამასთან, კატეგორიულად არ ეთანხმებიან შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაში დაფიქსირებულ გარემოებასა და აღნიშნული გარემოების საფუძველზე გაკეთებულ შესაბამის შეფასება-კვალიფიკაციას, რომ „გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა მის მიერ მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების გაშიფვრა/იდენტიფიცირება შესრულებული თითოეული სამუშაოს/პროექტის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია. შედეგად, გადაანგარიშებისას გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯად განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმხორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟიდან გამომდინარე ოდენობა, რომლის ზემოთ გაწეული ხარჯი ჩაითვალა არაეკონომიურ ხარჯად, რომელიც არ გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის და მასზე გადახდილი დღგ საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა ჩათვლებიდან გაუქმებას. ამასთან, აღნიშნული ხარჯი საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი აგრეთვე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

იმ პირობებში რა პირობებშიც იმყოფებოდა და კვლავაც იმყოფება კომპანია (საწარმოს სერვერზე კომპიუტერულ მონაცემებზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად მთლიანად წაშლილი და განადგურებული საბუღალტრო მონაცემებისა და კომპანიის სამეურნეო საქმიანობის ამსახველი მონაცემების განადგურებით მიყენებული დღემდე გამოუსწორებელი და აღმოუფხვრელი ზიანი), კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ აპელირება თემით: „გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა მიწოდებული მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების გაშიფვრა/იდენტიფიცირება შესრულებული თითოეული სამუშაოს/პროექტის მიხედვით“.

იმ პირობებში, რა პირობებშიც იმყოფება კომპანია განხორციელებული კიბერშეტევიდან გამომდინარე, ვერცერთი საწარმო ვერ შეძლებდა იმ მოთხოვნის სრულყოფილად და ზედმიწევნით დაკმაყოფილებას, რასაც ითხოვდნენ დამატებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ყოველივე ზემოაღწერილიდან და იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ დავების განხილვის საბჭო 2024 წლის 15 მარტის №22121/2/2024 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ხაზგასმით მიუთითებს, რომ „შედარებისთვის არ არის აღებული ზუსტი ანალოგი, განსხვავებულია როგორც რეგიონი, ასევე შედარებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია ეწევა მხოლოდ სარეკლამო მომსახურებას და არ ახორციელებს ღონისძიებების ორგანიზებას სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში...“, კიდევ უფრო მიუღებლად მიაჩნიათ, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნაში დაფიქსირებული შეფასება-კვალიფიკაცია.

გადაანგარიშების განმხორციელებელ პირებს პრაქტიკულად ამჯერადაც არ მიუწოდებიათ მომჩივნისთვის გადაანგარიშების სრულყოფილი მონაცემები და მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნა, აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა აუტვირთეს პორტალზე, და ამჯერადაც არ გაუცვნიათ და არ შეუჯერებიათ მათი მოსაზრებები, ახალი დამამძიმებელი გარემოებების გამოყენებით, ასევე სრულიად ახალი შეფასება-კვალიფიკაციის საფუძველზე კომპანიაზე განხორციელებული ახალი დამატებითი დარიცხვები, კერძოდ კი ის, რომ გადაანგარიშების განმხორციელებლად შესადარისად კვლავაც გამოყენებულია აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური აუდირებული - იგივე თბილისური კომპანიის მონაცემები (მოგების მარჟა), რომლის შესადარისად გამოყენების დაუშვებლობაზე ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიღებულ გადაწყვეტილებებში არაერთხელ კონკრეტულად და ხაზგასმით მიუთითა.

ამასთან, აღნიშნული მიდგომით, მას შემდეგ, რაც დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტისა და 2024 წლის 9 აგვისტოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძალისხმევით გადაანგარიშების განხორციელების შედეგად, როგორც იქნა სრულყოფილად განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №081- 301 საგადასახადო მოთხოვნით ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დარიცხული გადასახადების (დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის) ნაწილში ჯამში 377 291 ლარის და ჯარიმების ნაწილში 187 232 ლარის კორექტირებები (შემცირებები) მოხდა, რის შესაბამისადაც, კომპანიას საგადასახადო შემოწმებით ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად პრაქტიკულად რჩებოდა საშემოსავლო გადასახადში 3 428 ლარი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა (სავარაუდოდ) – 1 714 ლარი (3428x50%), აღნიშნულის გათვალისწინებით კი, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, დავის ფარგლებში მომჩივანის მიმართ ახალი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების აღმოჩენის მიუხედავად, დავის განმხილველი ორგანო მსჯელობს მხოლოდ გასაჩივრებული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში. დავის ფარგლებში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება დაუშვებელია! (რაც შეეხება მომჩივნის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში შემოწმების ჩატარებას მთელი საგადასახადო შემოწმებისა და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შემმოწმებელთა მიერ 20 თვეზე მეტი დროის დათმობისა და მომჩივნის ტანჯვაწვალების პირობებში, აღნიშნულ პერიოდში, „... გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა“, აღნიშნულის განხორციელების სურვილი პრაქტიკულად ერთხელაც წამიერადაც კი არ გაჩენიათ!).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი, დამატებით განხორციელებული დარიცხვები: საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გამოყენებით დღგ-ის ჩათვლების კორექტირებით (შემცირებით) და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით მოგების გადასახადის ნაწილში, ასევე ახალი - დამატებით განხორციელებული დარიცხვები სრულიად არამართლზომიერი და არაკანონზომიერია, რის გათვალისწინებით ითხოვს მათ უპირობოდ და სრულად გაუქმებას, კორექტირებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილებით, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გაანგარიშებები); აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (გაანგარიშებების) წარდგენა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. ამასთან, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მე-2 სადავო საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის (ბანკის ამონაწერზე და ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით დადასტურდა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის უკან დაბრუნება) გათვალიწინებით. შემოწმების აქტით განსაზღვრული განკარგვადი თანხა დაექვემდებარა შემცირებას 90 000 ლარის ოდენობით. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.

დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 33 750 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილებით, დავების განხილვის საბჭოს 15.03.2024 წლის №22121/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საბჭოს 2.08.2024 წლის №23455/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმებით დარიცხული თანხები (არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლების ნაწილში) დაექვემდებარა გადაანგარიშებას. აღნიშნულის შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა დღგ 133 239 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 65 096 ლარი. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაზრდის შედეგად გაანგარიშებული საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად განხილული და წყაროსთან დაბეგრილი შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 218 144 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 109 080 ლარი. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილები შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა მის მიერ მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯების გაშიფვრა/იდენტიფიცირება შესრულებული თითოეული სამუშაოს/პროექტის მიხედვით. მომჩივნის მიერ ვერ/არ იქნა მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია. შედეგად, გადაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯად განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟიდან გამომდინარე ოდენობა, რომლის ზემოთ გაწეული ხარჯი ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად, რომელიც არ გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის და მასზე გადახდილი დღგ, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა ჩათვლებიდან გაუქმებას. ამასთან, აღნიშნული ხარჯი, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 251 573 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 168 181 ლარი და ჯარიმა - 83 392 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლების ნაწილში, დაექვემდებარა გადაანგარიშებას. რაც შეეხება ხარჯებს, მომჩივანს დავების განხილვის საბჭოს წინადადების მიუხედავად, არ წარუდგენია აუდიტის დეპარტამენტისთვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშება განხორციელდა მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, ვინაიდან, გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა, დავის ფარგლებში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას ადგილი არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გამოყენებით დღგ-ის ჩათვლების კორექტირებით და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით მოგების გადასახადის ნაწილში, ასევე ახალი - დამატებით განხორციელებული დარიცხვები სრულიად არამართლზომიერი და არაკანონზომიერია, რის გათვალისწინებით ითხოვს მათ უპირობოდ და სრულად გაუქმებას, კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა წლების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები გადამხდელის დეკლარირების პროპორციულად ასახულ იქნა დასაბეგრ ბრუნვებში. მომჩივანს, 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

982,275.