ბრძანება N 27535
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27535
08 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 15 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №83628/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №007-232 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. ამასთან, მასში არ არის ასახული ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ნაწილი გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი (მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-421(2კ-20) გადაწყვეტილებაზე).
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ შემოსავალის დათვლა განხორციელდა იმ პერიოდის მიხედვით, სადაც საქონელზე საშუალო ფასნამატმა შეადგინა 21% და მოხდა მისი ოთხწლიან პერიოდზე გავრცელება, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება უნდა განხორციელდეს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით და გავრცელდეს შესაბამისი ფასნამატი, თუმცა შემმოწმებელმა ერთ საანგარიშო პერიოდში განსაზღვრული ფასნამატი გაავრცელა მთლიან საანგარიშო პერიოდზე. აღნიშნავს, რომ კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციისას დადგინდა ფასნამატი 13%-ის ოდენობით. აღნიშნული ფასნამატი იქნა დადგენილი საკონტროლო შესყიდვის დროსაც. შესაბამისად, შემმოწმებელს შეეძლო ინვენტარიზაციის ფასნამატი გაევრცელებინა ყველა წინა საანგარიშო პერიოდზე. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უგულებელყოფილი იქნა ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, მათ შორის, ის გარემოება, რომ შემმოწმებლისთვის მიწოდებული იქნა შპს „---თან“, შპს „---ის“ ერთადერთ მომწოდებელთან, არსებული ხელშეკრულება, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ „---“ მიაწვდის საქონელს მის მაღაზიებში არსებულ საცალო სარეალიზაციო ფასზე მაქსიმუმ 18%-იანი ფასდაკლებით. შესაბამისად, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ლილოს ბაზრობაზე მოქმედ 70 კვ.მ ფართის მქონე მაღაზიაში საცალო რეალიზაციის დროს ფასნამატი ვერ იქნებოდა ამ ფასზე მაღალი. ამასთან, შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის პირობებში, შეუძლებელი იყო კოვიდის პერიოდში ფუნქციონირება და კომპანია ხშირ შემთხვევაში იძულებული იყო, რომ თვითღირებულებითაც კი მიეწოდებინა საქონელი, რათა ყოველთვიური ხარჯის დაფარვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას ინვენტარიზაციითა და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმები, რა საფუძვლით იქნა შემოწმებით განსაზღვრული სალაროს განკარგვადი თანხა მიჩნეული უპირობოდ გაცემულ ხელფასად.
შემმოწმებელი მიუთითებს, რომ განკარგვადი თანხის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნა მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აღნიშნული საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, რამდენადაც, თუ კომპანიას გააჩნდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შეძენები ან ხარჯები და აღნიშნული სადავო არ გამხდარა საქონლის რეალიზაციის მიზნებისთვის, შემმოწმებელს გააჩნდა ვალდებულება, რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განიხილა დღგ-ის ჩათვლით. განსახილველი მიდგომით, ერთის მხრივ, საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად და არიცხავს დღგ-ს, ხოლო მეორეს მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი დღგ ასევე განხილულია დირექტორის სარგებლად და ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ზე დამატებით განსაზღვრულია საშემოსავლო გადასახადი. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული მიდგომა არღვევს ყველა სამართლებრივ პრინციპს და უგულებელყოფს საგადასახადო კოდექსის პრინციპებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6622 და 21 ივნისის №14240 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 7 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 აგვისტოს №20404 ბრძანება და №007-232 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 208 608 ლარი, მათ შორის, გადასახადი 128 888 ლარი, ჯარიმა 63 325 ლარი, საურავი 16 395 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---ის“ საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ვერ იდენტიფიცირდება საქონელი დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით, თანხები მოცემულია მხოლოდ ჯამურად. შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კომპანიის მიერ დოკუმენტურად შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 13 კატეგორია), გამიჯნული იქნა დოკუმენტურად და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი წლების მიხედვით. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება ძირითადი საშუალების მიწოდება, რომელიც გათვალისწინებული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საბოლოოდ დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შპს „---ს“ დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმებით შპს „---ის“ შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული იქნა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების ნაშთები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად ფორმირებული განკარგვადი თანხის ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, კერძოდ:
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ვერ იდენტიფიცირდება საქონელი დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით, თანხები მოცემულია მხოლოდ ჯამურად. შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
კომპანიის მიერ დოკუმენტურად შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 13 კატეგორია), გამიჯნული იქნა დოკუმენტურად და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი წლების მიხედვით. შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება მოხდა მხოლოდ 2023 და 2022 წელზე, ხოლო 2019-2020 და 2021 წლებში გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რომელიც საშუალოდ შეადგენდა 18%-ს. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გავრცელებული იქნა საშუალოდ 18% განვადებით რეალიზაციის გათვალისწინებით, რაც შესაბამისობაში მოდის გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, რომ ხელშეკრულების მიხედვით ფასნამატი განსაზღვრული იყო მომწოდებლის მიერ და საშუალოდ შეადგენდა 18%.
შემოწმებით შპს „---ის“ შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული იქნა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების ნაშთები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად ფორმირებული განკარგვადი თანხის ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები ჰქონდა, რომლის გათვალისწინებაც არ მომხდარა, უსაფუძვლოა, ვინაიდან, მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა და ვერც საქონლის რეალიზაციისას იქნებოდა გათვალისწინებული. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 აგვისტოს №20404 ბრძანება და №007-232 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 208 608 ლარი, მათ შორის, გადასახადი 128 888 ლარი, ჯარიმა 63 325 ლარი, საურავი 16 395 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 49; 61; 73 (4, 5, 9); 8 (22); 159; 163; 164; 101; 154; 43.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.