ბრძანება N 2066
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2066
03 თებერვალი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 8 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5), განიხილა შპს „------“ (ს/ნ „------“) №814/21 და №727/01 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №EL303331 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მომჩივანს არ განუხორციელებია საფირმო სახელწოდების ცვლილება, კომპანიამ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა, ვინაიდან კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენაზე“. მომჩივანი მიუთითებს, რომ სამეწარმეო ამონაწერის ქართულ ვერსიაში სახელწოდების მითითება ხდება ქართული დამწერლობით, ხოლო სამეწარმეო ამონაწერის ინგლისურენოვან ვერსიაში - ლათინური დამწერლობით. სიტყვა, როგორც ფირმის სახელწოდების აღმნიშვნელი, არ იცვლება, არ ხდება თარგმნა ან რაიმეს დამატება. მისივე განმარტებით, სახელწოდება არის იდენტური და სახელწოდების მითითებაც ხდება იმ ენის დამწერლობით, რომელ ენაზეც არის მომზადებული ამონაწერი. მომჩივანს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც მეწარმე სუბიექტის საფირმო სახელწოდების შეცვლა.
მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საფირმო სახელწოდების შეცვლად ითვლება სიტყვის შეცვლა ან სიტყვის დამატება/ამოღება, განსხვავებული მნიშვნელობის ფორმულირების გამოყენება, ქართული სახელწოდების თარგმნა უცხო ენაზე ან პირიქით, ლათინური ტრანსლიტერაციის შეცვლა, სრული სახელწოდების შეცვლა აბრევიატურით ან პირიქით, აბრევიატურის შიგნით სიმბოლოების შეცვლა, საფირმო სახელწოდების უნიკალური ელემენტების შეცვლა და ა.შ. ამასთან კომპანიამ, მას შემდეგ რაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შეცვლილი საბანკო გარანტიის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ წარადგინა შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, სადაც პრინციპალის დასახელებად მითითებულია მომჩივანი ისევე როგორც ეს მითითებულია კომპანიის სამეწარმეო ამონაწერში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 აპრილს შპს „-------“-მა (ს/ნ „------“) განახორციელა საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში საფირმო სახელწოდების ცვლილება და ჩამოყალიბდა როგორც შპს "------", თუმცა აღნიშნული ცვლილების შესაბამისად არ წარმოუდგენია გარანტია.
ვინაიდან შპს „------“-მა (ს/ნ „------“) საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილება განახორციელა 2025 წლის 11 აპრილს და ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს არ წარუდგინა გარანტია, მისი მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL303331 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს (ს/ნ „------“) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
2025 წლის 11 დეკემბერს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა შესაბამისი გარანტია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული “საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
ამავე ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვებს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
დასახელებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ ან „დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.
“საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ 2025 წლის 11 აპრილს შპს „-------“-მ (ს/ნ „------“) განახორციელა საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში საფირმო სახელწოდების ცვლილება და ჩამოყალიბდა როგორც მომჩივანი. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნმა შემოსავლების სამსახურში შესაბამისი გარანტია წარადგინა 2025 წლის 11 დეკემბერს.
ვინაიდან, მომჩივანს “საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში (7 დღე) შემოსავლების სამსახურისთვის არ წარუდგენია გარანტია, აღნიშნულით კი დაირღვა “საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს-მ განახორციელა საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში საფირმო სახელწოდების ცვლილება.აღნიშნული ცვლილების შესაბამისად არ წარმოუდგენია გარანტია.
ვინაიდან შპს-მ საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილება განახორციელა 2025 წლის 11 აპრილს და ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს არ წარუდგინა გარანტია, მისი მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,176.