ბრძანება N 31225

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2023
№ დოკუმენტი 31225
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31225

12 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის :"-------")

2023 წლის 21 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") №21379/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის №081-284 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ თუ შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს (22%) დაეთანხმება, მის მიერ მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით იქნება 604 236, 72 ლარი (დღგ 92 141 ლარი), მაშინ როცა რეალურად დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს 68 280.80 ლარზე, საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული თანხა 26 335.8 ლარით მეტია ფაქტობრივზე. ასევე, მისი გაანგარიშებით, ფასნამატის გათვალისწინებით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს 512 090 ლარს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს საქონლის ღირებულება დღგ-ის გარეშე-419 746, 41 ლარი და იჯარის ხარჯი 16 100 ლარი. მიღებული სხვაობის თანხის საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 15 248, 72 ლარს, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 35 556 ლარისა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მარტივი მათემატიკური გამოთვლებით ნათლად ჩანს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა ყოფილიყო უფრო მცირე, ვიდრე დადგენილია და ითხოვს შემოწმების შედეგებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას მისი გამოცემის დღიდან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის №22762 და 9 ნოემბრის №27607 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ ს “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 16 სექტემბრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 20 სექტემბრამდე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 9 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 15 ნოემბრის №28152 ბრძანება და ამავე თარიღის №081-284 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 141 322 ლარი, მათ შორის გადასახადი 85 752 ლარი, ჯარიმა 47 956 ლარი და საურავი 7 614 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა. შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების საბოლოო ნაშთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2023 წლის 18 აგვისტოს ჩატარებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაითვალა ფაქტობრივი ნაშთი, აღწერილი საქონელი დაიყო კატეგორიებად (სულ 15 კატეგორია), ასევე თოთოეულ აღწერილ საქონელზე მოხდა თვითღირებულების და საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის გამოვლენა არ მოხდა, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წარმოდგენილი და ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთების გათვალისწინებით მოხდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმების მიერ გაიზარდა 2021-2023 წლების ერთობლივი შემოსავალი და პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე წყაროსთან დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა. შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების საბოლოო ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატი გავრცელდა, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთების გათვალისწინებით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე მართლზომიერია სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე კატეგორიების მიხედვით ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა. ამდენად, პირის მიმართ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები თანხვედრაშია საკანონმდებლო ნორმებთან და მართლზომიერია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას მისი გამოცემის დღიდან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წარმოდგენილი და ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთების გათვალისწინებით მოხდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმების მიერ გაიზარდა 2021-2023 წლების ერთობლივი შემოსავალი და პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე წყაროსთან დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,159,163,164.