ბრძანება N 14355
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14355
21.06.2023
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 22 მაისის №81185/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №081-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ვერ ერკვეოდა ბუღალტრულ პროცესებში და საქმე მიბარებული ჰქონდა ახლობლისთვის. აქვე აღნიშნავს, რომ ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის შემთხვევაში საკმაოდ დიდია დანაკარგები, რაც უკავშირდება გაფუჭებულ საქონელს, ხოლო ჩამოწერის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ვინაიდან ადგილზე, სადაც ახდენდა საქონლის რეალიზაციას, შეუძლებელია საქონლის შეგროვება ჩამოწერის მიზნით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №2783 და 31 მარტის №6757 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 25 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 7 მარტის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 აპრილის №8729 ბრძანება და ამავე თარიღის №081-59 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 357 447 ლარი, მათ შორის გადასახადი 218 904 ლარი, ჯარიმა 108 410 ლარი, საურავი 30 133 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმინობას წარმოადგენს ხილ-ბოსტნის შეძენა ადგილზე და რეალიზაცია, როგორც საცალოდ ასევე საბითუმოდ. გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის ბუღალტრული პროგრამა. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების აღწერით დადგენილი ფაქტიური ნაშთი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1 797 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ინვენტარიზაციის ჩატარებამდე შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 1 750 644 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულებების შეძენა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში უფიქსირდება მხოლოდ 850 211 ლარის შემოსავალი. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგენილ იქნა გაყიდული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული. შემოწმებით დადგენილი შემოსავლები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაბეგრილ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაკვალიფიცირებულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის ბუღალტრული პროგრამა, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა პირის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერით დადგენილი ფაქტიური ნაშთი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1 797 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ინვენტარიზაციის ჩატარებამდე შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 1 750 644 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულებების შეძენა.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში უფიქსირდება მხოლოდ 850 211 ლარის შემოსავალი. გადამხდელის შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგენილ იქნა გაყიდული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული. შემოწმებით დადგენილი შემოსავლები დაბეგრილ იქნა დღგ-ით. ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირებულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით დადგენილი შემოსავლები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაბეგრილ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაკვალიფიცირებულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
გადაწყვეტილება
შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 136 (3); 8 (22); 49 (1,ე); 61 (3); 73 (4, 5, 9); 159; 162; 101; 154; 43 (4).