გადაწყვეტილება №24075/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24075/2/2024
29 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 7.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24075/2/2024).
დავის საგანი:
1.01.2021 წელს დაფიქსირებული ვალდებულების განულება და ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხის ჩათვლა ხელფასის სახით განაცემად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №085-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20389 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 217 267,56 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 137 580
ჯარიმა - 69 932
საურავი - 9 755,56
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 1302.2024 წლის №2984 და 28.03.2024 №6780 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 13.02.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ფინაში“, რომლის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (1.01.2021 წელი) უფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი (აღნიშნული ვალდებულება სრულად იფარება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში) და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილია 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, 1.01.2021 წელს დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილია ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №16182 ბრძანება და 9.07.2024 №085-20 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 7.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.09.2024 წლის № 20389 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 491 მუხლზე.
საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (1.01.2021 წლისთვის) ფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი (აღნიშნული ვალდებულება სრულად იფარება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში) და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილ იქნა ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების დასაფარად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვალდებულების დასაფარად გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია მიიჩნევს რომ დარიცხვა განხორციელებულია არასწორად, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდს. კომპანია დაფუძნდა 6.12.2019 წელს. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა დაწყებული აქვს 2020 წლიდან. 2020 წლის საქმიანობის ფინანსური მონაცემები, რაც გავლენას ახდენს 2021 წლის ბრუნვით უწყისსა და ძირითად საბალანსო მუხლებზე, დაუშვებელია შემოწმების შედეგად, აქტივის ნაწილში ჩაითვალოს მართლზომიერად, ხოლო ვალდებულების ნაწილში არამართლზომიერად. შემოწმების შედეგად 2021 წლამდე ვალდებულებითი ნაწილის უგულვებელყოფა და შემდეგ პერიოდზე როგორც ხელფასის სახით განაცემად - დასაბეგრ ოპერაციად განხილვა მიაჩნია, რომ არასწორია და კომპანიისათვის ქმნის ფინანსურად საგადასახადო ვალდებულებითი ტვირთის არამართლზომიერ სახეს.
შემოწმების მსვლელობის დროს არ იყო მოთხოვნილი 2020 წლის მიმდინარე მონაცემები, თუმცა ახსნა-განმარტებაში, შემმოწმებელი წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა კომპანიიდან. კომპანიას 2020 წლის მონაცემები დამუშავებული ჰქონდა დოკუმენტაციების შესაბამისად პროგრამა „ორისში“. მართლზომიერად მიაჩნია თავიდან მოხდეს 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით კომპანიის ფინანსური მონაცემების შემოწმება და გადამხდელის მიერ გადასახადების გადახდის მართლზომიერება. საჩივარს ახლავს ექსელის ცხრილები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20389 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს რომ დარიცხვა განხორციელებულია არასწორად.აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ფინაში“, რომლის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადამხდელისგან მოთხოვნილია 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, 1.01.2021 წელს დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილია ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს დაუკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).