ბრძანება N 20657

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20657
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20657

22 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 23 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „---“ის (ს/ნ ---) 2023 წლის 23 იანვრის №78369/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №006-606 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოყენებული მეთოდის შეცვლას.

2. ითხოვს შემოწმებისთვის წარდგენილი შესყიდვის აქტების ხარჯში გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ შეუძლია ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების წარმოდგენა;

3. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შემთხვევაში ხარჯად უნდა ჩაითვალოს რეალიზაციის 75%, რაც შეადგენს 3 833 562 ლარს;

4. საწარმოს საბანკო ანგარიშზე პროდუქციისა და გადაზიდვის მომსახურების საფასურის დანიშნულებით ჩარიცხული თანხების საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალში ჩართვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვინაიდან შემოწმების დროს დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში, ვერ იქნა წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

5. დარიცხული გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში ითხოვს განსაზღვრული სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის პირველი ივლისის №17189 და 2022 წლის 7 ოქტომბრის №25608 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32604 ბრძანება და ამავე თარიღის №006-606 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 434 845 ლარი, მათ შორის, გადასახადი 282 042 ლარი, ჯარიმა 141 021 ლარი და საურავი 11 782 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ცოცხალი ცხვრის/ხბოს დაკვლა და ტანხორცის სახით ექსპორტი, ასევე, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი (2020წ.) არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კუვეიტში. ცხვრის ხორცის მცირე ნაწილი გაყიდულია ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, საწარმო ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ცხვრის/ხბოს გულღვიძლის და შეძენილი ცოცხალი ცხვრის/ხბოს დაკვლის შედეგად მიღებული გულ-ღვიძლის რეალიზაციას, როგორც ადგილობრივად, ასევე, ექსპორტის სახით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და დაკვლის შედეგად მიღებული გულ-ღვიძლი სრულად არ არის ასახული რეალიზაციაში, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოში საქონლის ნაშთი არ აღმოჩნდა, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად, მიღებული შემოსავალი გაანგარიშებული იქნა ერთ ერთეულ გულ-ღვიძლზე დოკუმენტურად დადასტურებული ფასით (1.3 ლარი). საწარმომ 2019 წლის 1 ივნისს განახორციელა 3760 კგ ცხვრის გაციებული ხორცის ექსპორტი კატარში, ხოლო 2019 წლის 4 ივნისს აღნიშნული საქონელი იმპორტით დაბრუნებულია საქართველოში. ამავე პერიოდში საწარმოს შპს „---ან“ იჯარით აქვს აღებული მაცივარი, ხოლო 2019 წლის 30 ივნისს იურიდიულ პირებზე მიყიდულია ცხვრის გაყინული ხორცი 2500 კგ, შემოწმებით სხვაობა (3760- 2500=1260კგ) განხილულ იქნა მიწოდებად, შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით (1კგ- 4 ლარი). 2021 წლის 24 აპრილს სასაქონლო ზედნადებით №--- შეძენილია 866 კგ ცხვრის გაციებული ხორცი, საწარმოს მიერ წარმოდგენილ და დეკლარირებულ მონაცემებში აღნიშნულის მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება, შემოწმებით გაიზარდა შემოსავალი 22 131 ლარით. საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია თანხები, რომლის მიზნობრიობაში მითითებულია „პროდუქციის და გადაზიდვის მომსახურების საფასური“. შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, შემოწმებით მიღებული თანხები ჩართულ იქნა გადამხდელის შემოსავალში. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და საბუღალტრო პროგრამაში ასახული მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები და სალაროს ნაშთი არ გააჩნია. ბუღალტრულად აღრიცხული გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 144 027 ლარს, თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვაში არ მონაწილეობს (კერძოდ შპს „---ს“ მიერ გაწეული მომსახურება), აღნიშნული გაუნაწილებელი მოგება საჭიროებს დაკორექტირებას (არარეალურია). საწარმოს მიღებული შემოსავლები განისაზღვრა როგორც ექსპორტით, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებით. შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხვრის ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები (ელექტრონულად) არასრულყოფილი სახით. აღნიშნული შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემების დაზუსტების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 01.01.2019- 01.05.2022წწ. პერიოდის განმავლობაში შესყიდვის აქტში დაფიქსირებულ ფიზიკური პირების

საკუთრებაში მყოფი ცხვრების შესახებ (მათ შორის, აღნიშნულ პირებზე რეგისტრაცია მოხსნილი ცხვრების შესახებ). მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ ფიზიკური პირების სახელზე 2019-2022 წლების პერიოდში არ არის რეგისტრირებული წვრილფეხა საქონელი (ცხვარი). ვინაიდან ექსპორტის ფაქტი სახეზეა და შესყიდვის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელის მიერ ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულება განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, რაც აღიარდა გადახდილ ხარჯად. გამოვლენილი შემოსავლისა და არაპირდაპირ გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი კი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და დაკვლის შედეგად მიღებული გულღვიძლი სრულად არ აქვს ასახული რეალიზაციაში. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოში საქონლის ნაშთი არ აღმოჩნდა, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა ერთ ერთეულ გულღვიძლზე დოკუმენტურად დადასტურებული ფასით (1.3 ლარი).

 საწარმომ 2019 წლის 1 ივნისს განახორციელა 3760 კგ ცხვრის გაციებული ხორცის ექსპორტი კატარში, ხოლო 2019 წლის 4 ივნისს აღნიშნული საქონელი იმპორტით დაბრუნებულია საქართველოში. ამავე პერიოდში საწარმოს შპს „---გან“ იჯარით აქვს აღებული მაცივარი, ხოლო 2019 წლის 30 ივნისს იურიდიულ პირებზე მიყიდული აქვს ცხვრის გაყინული ხორცი 2500 კგ. შემოწმებით სხვაობა (3760- 2500=1260კგ) განხილულ იქნა მიწოდებად, შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით (1კგ- 4 ლარი).

 2021 წლის 24 აპრილს სასაქონლო ზედნადებით შეძენილია 866 კგ ცხვრის გაციებული ხორცი, საწარმოს მიერ წარმოდგენილ და დეკლარირებულ მონაცემებში აღნიშნული საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება;

 საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია თანხები, რომლის მიზნობრიობაში მითითებულია „პროდუქციის და გადაზიდვის მომსახურების საფასური“, ხოლო აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მიღებული თანხები შემოწმებით ჩართულ იქნა გადამხდელის შემოსავალში.

 ბუღალტრულად აღრიცხული გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 144 027 ლარს, თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, აღნიშნული გაუნაწილებელი მოგება არარეალურია. საწარმოს მიღებული შემოსავლები განისაზღვრა როგორც ექსპორტით, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებით;

 შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხვრის ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები (ელექტრონულად) არასრულყოფილი სახით. აღნიშნული შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემების დაზუსტების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესყიდვის აქტში დაფიქსირებულ ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი ცხვრების შესახებ (მათ შორის, აღნიშნულ პირებზე რეგისტრაცია მოხსნილი ცხვრების შესახებ).

მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ ფიზიკური პირების სახელზე 2019-2022 წლების პერიოდში არ არის რეგისტრირებული წვრილფეხა საქონელი (ცხვარი). ვინაიდან ექსპორტის ფაქტი სახეზეა და შესყიდვის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელის მიერ ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულება განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, რაც აღიარდა გადახდილ ხარჯად. გამოვლენილი შემოსავლისა და არაპირდაპირ გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი კი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, მიღებული შემოსავლის და ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულების შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად გაანგარიშება, ასევე შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და არაპირდაპირ გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე, საჩივრის წარმოდგენიდან დღემდე, გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოყენებული მეთოდის შეცვლას.

2. ითხოვს შემოწმებისთვის წარდგენილი შესყიდვის აქტების ხარჯში გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ შეუძლია ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების წარმოდგენა;

3. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შემთხვევაში ხარჯად უნდა ჩაითვალოს რეალიზაციის 75%, რაც შეადგენს 3 833 562 ლარს;

4. საწარმოს საბანკო ანგარიშზე პროდუქციისა და გადაზიდვის მომსახურების საფასურის დანიშნულებით ჩარიცხული თანხების საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალში ჩართვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვინაიდან შემოწმების დროს დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში, ვერ იქნა წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

5. დარიცხული გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში ითხოვს განსაზღვრული სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის პირველი ივლისის №17189 და 2022 წლის 7 ოქტომბრის №25608 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32604 ბრძანება და ამავე თარიღის №006-606 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 434 845 ლარი, მათ შორის, გადასახადი 282 042 ლარი, ჯარიმა 141 021 ლარი და საურავი 11 782 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 8 (22); 49; 61 (3); 73 (4, 5, 9); 101; 154; 43 (4); 270; 275; 272; 269 (7).