გადაწყვეტილება №25564/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25564/2/2025
10 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 1.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25564/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის №006-142 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.07.2025 წლის №15425 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
260 973.71 ლარი.
მათ შორის: დღგ - 144 672.32
ჯარიმა - 74 800.50
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივნის საქმიანობაა სასმელებით მომსახურება (კაფე-ბარი). დღგ-ის გადამხდელია 1.10.2021 წლიდან. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №8003 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა საკონტროლო-სალარო აპარატით და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
შემოწმების შედგები აისახა 2025 წლის 16 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №11017 ბრძანება და ამავე თარიღის №006-142 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.07.2025 წლის №15425 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. დირექტორის განმარტებით, დეკლარაციებს ავსებდა მისი მეგობარი, რომელიც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს შემოსავლების შესახებ და სრულ ინფორმაციაზე არ ჰქონდა წვდომა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ამონაწერების საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის. შედეგად, დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 977 147 ლარით, ხოლო გადასახდელი დღგ 175 887 ლარით. ამასთან, საწარმოს ჩათვლის ნაწილში შეძენილ პროდუქციაზე გადახდილი დღგ-ის ღირებულებიდან (96 291 ლარი) ჩათვლილი აქვს მხოლოდ ნაწილი (65 076 ლარი).
დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალებით მიღებული აქვს თანხები, რომელიც დღგ-ით სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შედეგად ჩასათვლელი დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დარიცხული გადასახადის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორადაა დასაბეგრი ბაზა განსაზღვრული, მიზეზია არასწორად ამორტყმული თანხები, რომელიც მათი გაანგარიშებით 100 000 ლარს სცილდება. ასევე არასწორადაა დაანგარიშებული პოსტერმინალებით მიღებული შემოსავლები, რომელიც აღმოაჩინეს, თუმცა შესაბამისი ცოდნა არ აქვთ და ითხოვს გონივრულ ვადას, რათა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები ცხრილის სახით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალებით მიღებული აქვს თანხები, რომელიც დღგ-ით სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი. შედეგად, დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 977 147 ლარით, ხოლო გადასახდელი დღგ 175 887 ლარით.
ამასთან, საწარმოს ჩათვლის ნაწილში შეძენილ პროდუქციაზე გადახდილი დღგ-ის ღირებულებიდან (96 291 ლარი) ჩათვლილი აქვს მხოლოდ ნაწილი (65 076 ლარი). მომჩივანი აღნიშნავს, რომ არასწორად აქვთ დასაბეგრი ბაზა განსაზღვრული, მიზეზია არასწორად ამორტყმული თანხები, რომელიც მათი გაანგარიშებით 100 000 ლარს სცილდება. ასევე არასწორადაა დაანგარიშებული პოს-ტერმინალებით მიღებული შემოსავლები, რომელიც აღმოაჩინეს, თუმცა შესაბამისი ცოდნა არ აქვთ და ითხოვს გონივრულ ვადას, რათა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები ცხრილის სახით.
მომჩივანს, საჩივრის განხილვის ეტაპზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №006-142 საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა 260 973.71 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 144 672.32 ლარი,ჯარიმა - 74 800.50 ლარი და
საურავი - 41 500.89 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვერ შეძლო ბუღალტრის დაქირავება, ამიტომ იძულებული იყო დეკლარაციის შევსება მიენდო თავისი მეგობრისათვის, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ფლობდა მინიმალურ ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნასა და უნარებს. ამდენად. მოუვიდა რიგი შეცდომები რამაც გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა, რაც შეცდომის გამო მოხდა და არა წინასწარი განზრახვით. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალებით მიღებული აქვს თანხები, რომელიც დღგ-ით სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი. შედეგად, დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 977 147 ლარით, ხოლო გადასახდელი დღგ 175 887 ლარით.
ამასთან, საწარმოს ჩათვლის ნაწილში შეძენილ პროდუქციაზე გადახდილი დღგ-ის ღირებულებიდან (96 291 ლარი) ჩათვლილი აქვს მხოლოდ ნაწილი (65 076 ლარი). მომჩივანი აღნიშნავს, რომ არასწორად აქვთ დასაბეგრი ბაზა განსაზღვრული, მიზეზია არასწორად ამორტყმული თანხები, რომელიც მათი გაანგარიშებით 100 000 ლარს სცილდება. ასევე არასწორადაა დაანგარიშებული პოს-ტერმინალებით მიღებული შემოსავლები, რომელიც აღმოაჩინეს, თუმცა შესაბამისი ცოდნა არ აქვთ და ითხოვს გონივრულ ვადას, რათა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები ცხრილის სახით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1) ; 163 (1); 164 (1); 269 (7); 174 (1); 176 (1).