გადაწყვეტილებ №19003/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19003/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19003/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:------- --------- (პ/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- --------- ს 2.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19003/2/2023).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალებია გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.12.2022 წლის №EL193166 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3120 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

4.12.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით ------------; VIN №-----------------).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილი იყო 18.08.2022 წელს და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 17.10.2022 წელი.

ვინაიდან მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (რეგ. №-----------) გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული 48 კალენდარული დღით, გამოვლენილი ფაქტზე, 4.12.2022 წელს შედგა №EL193166 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2023 წლის №3120 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე, დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიაჩნია, რომ იყო ფორსმაჟორი. ვინაიდან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი რომლით დაკისრებული ჯარიმა შეადგენს 1000 ლარის, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შესაძლებელი იყო შემოფარგლულიყვნენ გაფრთხილებითაც. ამასთან მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე. არამართლზომიერება კი იმაში მდგომარეობს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ის, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო გაუმართავი და მის შეკეთებას დასჭირდა 2 თვეზე მეტი.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვტილების სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივანმა 18.08.2022 წელს საქართველოში შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება რომლის გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განისაზღვრა 17.10.2022 წელი. თუმცა აღნიშნული ავტომობილი ს.გ.პ „-------ის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა აღნიშნული ვადის დარღვევით, 4.12.2022 წელს.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც ასევე საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი 4.12.2022 წლის №EL193166 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდოს გაფრთხილება;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

სატრანსპორტო საშუალებია გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ვინაიდან მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული 48 კალენდარული დღით, გამოვლენილი ფაქტზე, 4.12.2022 წელს შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2023 წლის №3120 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც ასევე საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);

ასევე,საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163(1.3.11.15);165;

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი;