ბრძანება N 25563

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2025
№ დოკუმენტი 25563
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25563

20 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2025 წლის 10 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბერს, 6 და 13 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები N90, N 92 და N 94) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 98309/1/2025 და N 98796/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს N 002-129 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ შემოწმების დროს ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, რიგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია დებიტორებსა და კრედიტორების შესახებ. თუმცა, ამჟამად მას შეუძლია წარმოადგინოს ზემოთ დასახელებული ინფორმაცია, რაც საშუალებას მისცემს საშემოსავლო გადასახადში შეიმციროს საგადასახადო ვალდებულებები.

დავის განხილვის ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილი „-----“-ისგან, რომლის მიხედვითაც შპს „-----“ 2022 წლის 31 დეკემბრისთვის ჰქონდა კრედიტორული დავალიანება 234 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც სრულად დაფარულია იქნა 2015 წლის 12 ნოემბრისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის N 13159 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვირდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 12 აგვისტოს N 18191 ბრძანება და ამავე თარიღის N 002-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 476 142 ლარი, მათ შორის გადასახადი 304 640 ლარი, ჯარიმა 151 728 ლარი და საურავი 19 774 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართზე სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის N 8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად. სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისას, დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არის 0 ლარი. შემოწმებით საზოგადოების შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით. შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ საზოგადოებას სალაროში 2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით უნდა ჰქონდეს ნაღდი ფულის ნაშთი - 1 094 384 ლარის ოდენობით. სხვაობა გაანგარიშდა შემდეგნაირად: არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა ხარჯები, მათ შორის, სასაქონლო/მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა. ზემოაღნიშნული გაანაგრიშებით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირეზე, დირექტორზე, 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე 101-ე და 154-ე მუხლებიდან გამომდინარე, დასახელებული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა რაიმე ტიპის სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს საქმიანობასთან დაკავშრებით, რამაც შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტი დადგენა, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებშიც საწარმოს ფაქტობრივი საქმიანობის პერიოდში შეძენილი/რეალიზებული საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების ანალიზის შედეგად, საქონლის საბოლოო ნაშთები, თვეების მიხედვით, შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად. აღნიშნული მეთოდით დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა ხარჯები, მათ შორის, სასაქონლო/მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა. ზემოაღნიშნული გაანაგრიშებით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირეზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილ წერილს, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს ჰქონდა კრედიტორული დავალიანება „-----“-ის მიმართ, რომელიც 2025 წლის 12 ნოემბერისთვის სრულად იქნა გადახდილი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იგი ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ ირკვევა როდის და რის საფუძველზე წარმოიშვა კონკრეტული დავალიანება. ამასთან, წერილითა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, ვერ დადგინდა, თუ როგორ განხორციელდა ----- რესპუბლიკაში მოქმედი „-----“-ისთვის კრედიტორული დავალიანების დაფარვა, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება კრედიტორული დავალიანების ნაღდი/უნაღდო ფორმით გადახდასთან დაკავშირებით.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა სხვა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისას, დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არის 0 ლარი. შემოწმებით საზოგადოების შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 476 142 ლარი, მათ შორის გადასახადი 304 640 ლარი, ჯარიმა 151 728 ლარი და საურავი 19 774 ლარი.

 

გადაწყვეტილება:

საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა სხვა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73; 101; 154;.