გადაწყვეტილება №21461/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21461/2/2023
24 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 30.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21461/2/2023).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №ELC22176 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28178 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით ------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით -----) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 17.02.2020 წელს -------ს მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 17.04.2020 წელი.
მითითებულ ვადაში აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც 11.10.2023 წლის №ELC22176 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.11.2023 წლის №28178 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 165-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის და დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ 17.02.2023 წელს იტალიიდან ჩამოვიდა სატრანსპორტო საშუალება „-------“ ------, ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომერი -----. ე.წ ბრიფით მოყოლილი საბუთით მივიდა ------ს ტერმინალზე, სადაც ხდება მანქანების განბაჟება. უარი უთხრეს ვინაიდან არ ჰქონდა კონოსამენტი, რადგანაც მძღოლს სხვა ტვირთთან ერთად ჰქონდა ალბათ. არც მძღოლს ჰქონდა და გამოცხადდა ------ს ტერმინალში, სადაც ჩამოვიდა კონტეინერი, ნახეს ბაზების მონაცემებში და იქაც გემით შემოსვლის ვერავითარი საბუთი ვერ იპოვეს. განბაჟების მცდელობა აქაც უშედეგოდ აღმოჩნდა.
2022 წლის ოქტომბერში ------ში პატრულმა გააჩერა -------. ვინაიდან განბაჟებული არ იყო გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე, სადაც იმყოფება დღემდე. არ ატანენ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება განბაჟებული არ არის.
11.10.2023 წელს საკითხი განიხილეს მომჩივნის გარეშე და დაუყადაღეს ხელფასი, საბანკო ანგარიშები და იძულებული გახდა გადაეხადა ჯარიმა 1 000 ლარი (წარმოადგენს გადახდის ქვითარს). გათვალიწინებული უნდა იქნას, რომ არავითარი ბრალეულობა არ აქვს, მისული იყო ყველა ტერმინალზე მაგრამ უსაბუთობის გამო ვერ განაბაჟა.
უნდა მოიძებნოს „კონოსამენტი“, გემით ჩამოყვანის საბუთი და გადაიხდის განბაჟების თანხას, დაიბრუნებს ------ს ტერმინალიდან და გაიფორმებს. აღნიშნული გარემოების გათვალიწინებით უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ვინაიდან ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ამგვარად, მომჩივანი ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში, შეესრულებინა საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და განეხორციელებინა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 17.02.2020 წელს მომჩივნის მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 17.04.2020 წელი. მითითებულ ვადაში აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც 11.10.2023 წლის №ELC22176 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.