ბრძანება № 243
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 243
12 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 27 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ--------) 2023 წლის 27 დეკემბრის №222028/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №072-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ხილ-ბოსტნეული წარმოადგენს სპეციფიკურად მალფუჭებად პროდუქტს, რომელსაც ტრანსპორტირებისას აქვს მინიმუმ 3-5%-იანი, ბაზარზე დაყოვნებისას კი 10-20% დანაკარგი, ხოლო 5 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში დანაკარგი 50- 80%-მდე, ზოგჯერ კი 100%-მდე ადის. მომჩივანი აღნიშნავს, რომ იმპორტირებული საქონლის ძირითადი მყიდველები არიან ადგილობრივი გადამყიდველები და კერძო პირები, რომლებიც საქონელს იღებენ შედარებით დაბალ ფასებში ზედნადებების გარეშე. იშვიათად (15-20 %) მსხვილი მაღაზიები და ჰიპერმარკეტები, რომლებიც ყოველთვის ზედნადებებით იღებენ დარჩეულ, მაღალი ხარისხის საქონელს გაცილებით მაღალ ფასებში, რაც ბაზრისთვის ტიპურად დამახასიათებელი მოვლენაა. გაყიდვით მიღებული შემოსავალი გამოყვანილია ერთეულ შემთხვევებში გამოწერილ ზედნადებებში მოცემული ფასების მიხედვით და დაფიქსირებულია 5 952 181 ლარი, რის მიხედვითაც საერთო მოგებამ შეადგინა 2 418 397 ლარი, პროცენტულად კი 68,4%. მიუთითებს, რომ სინამდვილეში აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ბაზარზე საშუალოდ მერყეობს 15-25 %-ის ფარგლებში. ასევე, მიიჩნევს, რომ არ არის გათვალისწინებული რუსეთში ნაყიდი --------- საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ქართული ფიტო-სანიტარული სამსახურის მიერ დაწუნების და საქონლის საზღვარზევე განადგურებით გამოწვეული ზარალი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანია ხილ-ბოსტნეულის იმპორტს ახორციელებს ძირითადად --------- და --------, რომლებიც არიან სანქცირებული ქვეყნები, ამიტომ ფინანსური ანგარიშსწორებები ხდება მხოლოდ შუამავალი დილერების მეშვეობით - ნაღდი ანგარიშსწორებით, ამიტომ ამ ქვეყნებიდან მიღებულ საქონელზე გადახდილი მთლიანი თანხის დაბეგვრა 20%-ით არასწორად მიაჩნია. აცხადებს, რომ აღნიშნულზე წარმოდგენილია ურთიერთ-ანგარიშსწორების აქტები. ზოგიერთ ყოფილ დილერთან დღემდე ვერ ხერხდება დაკავშირება, ამიტომ ზოგიერთი მომწოდებლიდან დღემდე არ არის მიღებული ანგარიშსწორების აქტები. ითხოვს, მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რომელი მომწოდებლიდან აქვს წარმოსადგენი მიღება-ჩაბარების აქტები. აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში მოხდება ინფორმაციის მოწოდება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მაისის №11549, 7 ივლისის №16381 და 20 სექტემბრის №23092 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 29 ნოემბრის №29615 ბრძანება და ამავე თარიღის №072-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 378 449 ლარი, მათ შორის, გადასახადი 858 416 ლარი, ჯარიმა 429 208 ლარი, საურავი 90 825 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო დაფუძნებულია 2012 წლის 03 აგვისტოს. შესამოწმებელ პერიოდში მისი საქმიანობის სფერო არის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე მისი საბითუმო რეალიზაცია. გადამხდელს ხილ-ბოსტნეული იმპორტირებული და რეალიზებული აქვს 2019 წლის ნოემბრის თვიდან 2020 წლის აპრილის თვის ჩათვლით და შემდგომ 2022 წლის ნოემბრის თვიდან 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით. საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 2%-ს, 2022 წელს 9%-ს, ხოლო 2023 წელს 18%-ს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებულმა ბრუნვამ ჯამურად შეადგინა 4 527 030 ლარი. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსათვის საწარმოს არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში საწარმოში ფიქსირდება კივის დოკუმენტური რეალიზაცია, მაშინ როდესაც ამ პროდუქტის ბოლო იმპორტი ფიქსირდება 2019 წელს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №17253 ბრძანებით კომპანიაში ჩატარებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც საქონლის ნაშთი არ გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტის თვეში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის № 6322 ბრძანებით განადგურებული იქნა 60 860 კგ -------. შესამოწმებელ პერიოდში ხილისა და ბოსტნეულის მთლიან რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგენს 19%-ს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, რეალიზებული პროდუქცია სახეობრივად დაიყო 13 ჯგუფად (ცალკეული ხილისა და ბოსტნეულის მიხედვით), რომელთაგანაც 11 ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (საშუალო ფასნამატი 49%). ორ ჯგუფზე(----- და ------), რაზეც ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი (------ 25%, ------ 9%). ამასთანავე 2020 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საწარმოში არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშების მიზნით 2019 წელს იმპორტით შეძენილ და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში (------ და -------) განისაზღვრა 2019 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების დოკუმენტური ფასნამატები, აღნიშნული ფასნამატების გამოყენებით შესაბამის თვეებში დეკლარირებული ბრუნვებიდან შეძენილი საქონლის (-------- და ------) ღირებულების პროპორციულად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის საწარმოს არ აქვს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 ივლისის გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, კერძოდ გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს (არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი) სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.
საწარმოს რამდენიმე არარეზიდენტ მომწოდებელთან უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები, ცალკეულ მომწოდებლებთან მიმართებაში წარმოდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან გადახდის დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. ისეთ მომწოდებლებთან მიმართებაში, რომლებზეც საწარმოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის საწარმოს არ ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, რეალიზებული პროდუქცია სახეობრივად დაიყო 13 ჯგუფად (ცალკეული ხილისა და ბოსტნეულის მიხედვით), რომელთაგანაც 11 ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (საშუალო ფასნამატი 49%). 2 ჯგუფზე (------- და -------), რაზეც ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი (------ 25%, --------9%). შედეგად შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე, შემოწმების პროცესში განხორციელდა შპს „---------“ ფულადი სახსრების ანალიზი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 ივლისის გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, კერძოდ, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს (არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი), სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს რამდენიმე არარეზიდენტ მომწოდებელთან უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები. ცალკეულ მომწოდებლებთან მიმართებაში წარმოდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან გადახდის დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. ისეთ მომწოდებლებთან მიმართებაში, რომლებზეც საწარმოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში
(მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საწარმოს რამდენიმე არარეზიდენტ მომწოდებელთან უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები, ცალკეულ მომწოდებლებთან მიმართებაში წარმოდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან გადახდის დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. ისეთ მომწოდებლებთან მიმართებაში, რომლებზეც საწარმოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია,საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);160;161(1);159(1);101;154