ბრძანება N 24036
📄 სრული ტექსტი
N 24036
22 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს ,,-------“ (ს/ნ ,,-------“)
(მის.: ,,-------“)
2026 წლის 28 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს ,,-------“ (ს/ნ ,,-------“) 2026 წლის 28 სექტემბრის №104810/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივლისის №006-315 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და დღგ-ის ჩათვლის ოდენობა;
2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 ივნისის №13443 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-------“ (ს/ნ ,,-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატის, პოსტერმინალისა და საბანკო ანგარიშების მეშვეობით განხორციელებული ანგარიშსწორების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 8 ივლისის №15399 ბრძანება და ამავე თარიღის №006-315 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 45 012 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 22 885 ლარი
დღგ - 22 885
ჯარიმა - 11 442
საურავი - 10 685
საკითხი N1.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შპს „-------“ (ს/ნ ,,-------“) დაფუძნებული და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 27 აპრილიდან. საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურება, დამატებით საქმიანობას კვების მზა პროდუქტების და კერძების წარმოება. შპს „-------“ (ს/ნ ,,-------“) რეგისტრირებული და გაუქმებული აქვს ოთხი სალარო აპარატი და ორი პოსტ-ტერმინალი მისამართზე:,,-------“.გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მან წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ბრუნვა აღემატებოდა მის მიერ საგადასახადო დეკლარაციებში ასახულ დეკლარირებულ ბრუნვას, რის საფუძველზეც გამოვლენილ სხვაობაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შპს „-------“ (ს/ნ,,-------“) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მიღებული და დადასტურებული აქვს ანგარიშფაქტურები, რომლებზეც ჩათვლა არ აქვს მიღებული. შემოწმების შედეგად იმ ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს ჩათვლის უფლება არ ჰქონდა გამოყენებული, სრულად გათვალისწინებულ იქნა ჩათვლაში. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად გადამხდელს მიეცა ჩათვლის უფლება მიღებულ და დადასტურებულ ანგარიშ-ფაქტურებზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ დარიცხვის ნაწილში არსებითად ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას, თუმცა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და საბუღალტრო ჩანაწერებით, გადამხდელის მიერ განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი თანხა მცირედით განსხვავდება შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულისგან. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართულია 2022 წლის 31 დეკემბრის ოპერაციები (არ შედის შესამოწმებელ პერიოდში) და ბანკში ჩარიცხული ისეთი თანხები, რომლებიც არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას და არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. აგრეთვე, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა რამდენიმე თვეში აღემატება პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით დადასტურებულს. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ მიმწოდებლების ნაწილის მიერ დროულად არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად, ჩასათვლელი თანხები სრულად არ აისახა დღგ-ის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგებში. შემოწმების შედეგად, დღგ-ის ჩათვლის ოდენობა გაიზარდა იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც მიმწოდებლების მიერ გამოიწერა შემოწმების დასრულებამდე, თუმცა მომჩივანი მიუთითებს, რომ ყველა მიმწოდებელს დროულად ვერ გამოაწერინეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სრულად ვერ მიიღეს დღგ-ის ჩათვლა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას და ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით, შემმოწმებლებთან ერთად საკითხების დამატებით შესწავლას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „-------” (ს/ნ ,,-------“) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ამონაწერების საფუძველზე, (რომლებიც მოიცავდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდს) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. როგორც საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, ისე საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება და არც სიტყვიერი ახსნა-განმარტება, რაც დაადასტურებდა საბანკო ამონაწერებისგან განსხვავებულ ბრუნვას ან საბანკო ანგარიშებზე ისეთი თანხების ჩარიცხვის ფაქტს, რომლებიც არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას და არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ყველა მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს ჩათვლა არ ჰქონდა გამოყენებული, სრულად იქნა გათვალისწინებული და ასახული ჩათვლაში. ამასთანავე, როგორც საჩივრის წარმოდგენისას, ისე ამჟამად გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა მიღებული ან/და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დასადასტურებელი არცერთი ახალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც შეცვლიდა შემოწმების შედეგად უკვე დადგენილ დღგ-ის ჩათვლის ოდენობას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დამატებით მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს დავის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N2.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,-------“ (ს/ნ ,,-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას და ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით, შემმოწმებლებთან ერთად საკითხების დამატებით შესწავლას.
2.მომჩივანი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი დაფუძნებული და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 27 აპრილიდან. საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურება, დამატებით საქმიანობას კვების მზა პროდუქტების და კერძების წარმოება.მომჩივანს რეგისტრირებული და გაუქმებული აქვს ოთხი სალარო აპარატი და ორი პოსტ-ტერმინალი.
შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ბრუნვა აღემატებოდა მის მიერ საგადასახადო დეკლარაციებში ასახულ დეკლარირებულ ბრუნვას, რის საფუძველზეც გამოვლენილ სხვაობაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მიღებული და დადასტურებული აქვს ანგარიშფაქტურები, რომლებზეც ჩათვლა არ აქვს მიღებული. შემოწმების შედეგად იმ ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებზეც გადამხდელს ჩათვლის უფლება არ ჰქონდა გამოყენებული, სრულად გათვალისწინებულ იქნა ჩათვლაში. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად გადამხდელს მიეცა ჩათვლის უფლება მიღებულ და დადასტურებულ ანგარიშ-ფაქტურებზე.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
174,175,176,275.