გადაწყვეტილება №21615/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.03.2024
№ დოკუმენტი 21615/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21615/2/2023

13 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------- 17.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21615/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №006-474 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29529 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 52 306.04 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 32 635

ჯარიმა - 9 065

საურავი - 10 606.04

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ფეხსაცმლის, ასევე ქამრების წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13891 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 22 აპრილიდან, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2014 წლის 27 თებერვლიდან. შემოწმების პროცესში 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დადგენისთვის შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. მეწარმე საქმიანობას ახორციელებს ნაქირავებ ფართში, მისამართზე --------.

გადასახადის გადამხდელის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებული იყო 13.08.2018 წლიდან - 08.09.2020 წლამდე პერიოდში, თუმცა ჩეკების ამობეჭდვა არ განხორციელებულა. დამკვეთებისგან საკომპენსაციო თანხების მიღება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ 2020 წლის 14 ივლისს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნული თარიღიდან, მომჩივანი 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას და შესაბამისად დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია გაუქმებას დაექვემდებარა 2021 წლის პირველ ივლისს.

შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელს კვლავ გამოუვლინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 18.03.2022 წლიდან. ამასთანავე, კვლავ დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნას 2023 წლის პირველ აპრილს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 181 317 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №23866 ბრძანება და ამავე თარიღის №006-474 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 ნოემბრის №29529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 282-ე მუხლით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმედ რეგისტრირებულია 2009 წლიდან, მის საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმლის და ასევე ნაწილობრივ ტყავის ქამრების წარმოება, რაც მოიცავს, როგორც დიზაინის შექმნის აგრეთვე პროდუქციის წარმოების პროცესს. გააჩნია მცირე მეწარმის სტატუსი, რადგან არ გააჩნია დიდი ბრუნვები. მისი საქმიანობა ორიენტირებულია ხარისხიანი, მათ შორის საექსპორტო ქართული პროდუქციის წარმოებაზე, აღნიშნულის დასტურად აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი დამკვეთი არის შპს „--------“, მისი წარმოება არის მცირე ოჯახური ბიზნესი, საქმიანობს ნაქირავებ ფართში და არ აქვს საშუალება იქირაოს ბუღალტერი ან შეიძინოს კვალიფიციური ბუღალტრული ან აუდიტორული მომსახურება. ესმის, რომ კანონის უცოდინრობა არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, თუმცა მთელი მისი საქმიანობის პერიოდში არასდროს ჰქონია საგადასახადო სამართალდარღვევა ან საგადასახადო ვალდებულებების - როგორც დეკლარირების ასევე გადასახადის გადახდის - ვადის დარღვევები, მისი წარმოებისთვის არასდროს უსარგებლია სახელმწიფოს საგრანტო თუ იაფი საკრედიტო რესურსებით. შესაბამისად არ ქცეულა ბიუჯეტისთვის დამატებით ტვირთად და დამოუკიდებლად ცდილობდა ხარისხზე ორიენტირებული საექსპორტო პროდუქციის წარმოებას.

კონკრეტულ შემთხვევაში დღგ-ის რეგისტრაციის ვადის დარღვევა განპირობებულია კანონმდებლობის არასწორი აღქმით. კერძოდ, ვინაიდან არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე, რომლის მიერ გადასახდელი გადასახადის ოდენობა ერთ შემთხვევაში უკავშირდება ერთობლივი შემოსავლის 100 000 ლარიან ზღვარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 500 000 ლარიან ზღვარს, ეგონა რომ ამ ზღვრების გადაულახავად მას, როგორც მცირე მეწარმეს არ დაუდგებოდა დამატებული ღირებულების გადახდის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. რადგან არ გააჩნდა ბუღალტერის დაქირავების საშუალება, წარმოების განვითარების საწყის ეტაპზე ცდილობდა დამოუკიდებლად გარკვევას რთულ საგადასახადო საკითხებში, რამაც საბოლოოდ, სამწუხაროდ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე.

მდგომარეობა კი ძალიან რთულია, რადგან მისი საქმიანობა არის ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო და შესაბამისად ამ მოცულობის სანქციების გადახდა მისთვის არის შეუძლებელი. თუ დავის განმხილველი ორგანო არ გამოიყენებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას მოუწევს პირადი ქონების რეალიზაცია, ბიუჯეტის სესხებისა და გრანტებისგან დამოუკიდებლად ორიენტირებული ნიშური პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს დახურვა და დიდი ალბათობით ოჯახით ემიგრაციაში წასვლა.

შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით და მოითხოვა შეფარდებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუმცა შემოსავლების სამსახურის 29.11.20023 წლის №29529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია 50 ცალი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ბიუჯეტში გადახდილია 4 000 ლარზე მეტი, მცირე ბიზნესის სტატუსი გათვალისწინებით. მუდმივად ცდილობდა დროულად წარედგინა დეკლარაციები საგადასახადო ორგანოსთვის და დროულად გადაეხადა კუთვნილი გადასახადები. მიაჩნდა, რომ ყოველივე ამ გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიიღებდა მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებდა სანქციებისგან თუმცა, შემოსავლების სამსახურმა განხილვისას მის მიერ წარდგენილი ობიექტური არგუმენტების გაუთვალისწინებლად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის შესაბამისად, რათა შეძლოს ამ ქვეყანაში პერსპექტიული მცირე ბიზნესის ისე განვითარება, რომ გახდეს სხვა ადამიანებისთვის დამსაქმებელი და არა სამსახურის მაძიებელი ემიგრაციაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი უთითებს, რომ დღგ-ის რეგისტრაციის ვადის დარღვევა განპირობებულია კანონმდებლობის არასწორი აღქმით. კერძოდ, ვინაიდან არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე, რომლის მიერ გადასახდელი გადასახადის ოდენობა ერთ შემთხვევაში უკავშირდება ერთობლივი შემოსავლის 100 000 ლარიან ზღვარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 500 000 ლარიან ზღვარს. ეგონა რომ ამ ზღვრების გადაულახავად მას, როგორც მცირე მეწარმეს არ დაუდგებოდა დამატებული ღირებულების გადახდის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. რადგან არ გააჩნდა ბუღალტერის დაქირავების საშუალება, წარმოების განვითარების საწყის ეტაპზე ცდილობდა დამოუკიდებლად გარკვევას რთულ საგადასახადო საკითხებში რამაც საბოლოოდ, სამწუხაროდ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ 2020 წლის 14 ივლისს, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი ექვემდებარება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 14.07.2020 წლიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე-159-ე მუხლები) თანახმად, დადგინდა პირის დღგით დასაბეგრი ბრუნვა.

2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმებას ექვემდებარება 2021 წლის პირველ ივლისს.

შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელს კვლავ გამოუვლინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 18.03.2022 წლიდან. ამასთანავე, კვლავ დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნას 2023 წლის პირველ აპრილს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 181 317 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოთხოვნა დააზუსტა და მიუთითა, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისათვის არ უნდა მომხდარიყო 2019 წლის პერიოდის შემოწმება.

მოპასუხემ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, განმარტა, რომ მომჩივნის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელა კანონის შესაბამისად, კერძოდ შეამოწმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რაც მოიცავდა 2019 წლის პერიოდსაც.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრა 14.07.2020 წლიდან, ანუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (100 000 ლარიანი ზღვარი) დაადგინა (გაიანგარიშა) ხანდაზმული პერიოდიდან. საქმეზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდებში მეწარმის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობას.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების გათვალისწინებით, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29529 ბრძანება;

3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმედ რეგისტრირებულია 2009 წლიდან, მის საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმლის და ასევე ნაწილობრივ ტყავის ქამრების წარმოება.

საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრა 14.07.2020 წლიდან, ანუ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (100 000 ლარიანი ზღვარი) დაადგინა (გაიანგარიშა) ხანდაზმული პერიოდიდან. საქმეზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდებში მეწარმის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;157(7);160(ა);161(1):158(1);159(1);163(1,2);164(1):282