ბრძანება N 20003
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20003
14 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---------ს (პ/ნ -------)
(მის.: -----------)
2022 წლის 12 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ -------ს (პ/ნ -------) 2022 წლის 12 აგვისტოს №73700/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №007-183 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მხარეებს შორის დაიდო გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე 2021 წლის 25 ივნისს აღნიშნული ხელშეკრულების გარდა შედგენილ იქნა ხელწერილი, სადაც მყიდველი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულების მხოლოდ ნაწილი 5 000 აშშ დოლარი გადასცა გამყიდველს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 1 წლის განმავლობაში 2022 წლის 25 ივნისამდე. მიუთითებს, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება 40 000 აშშ დოლარი სრულადაა გადახდილი, თუმცა მხარეები ნოტარიულად ადასტურებენ ვალის აღიარების ფაქტს, რომ მყიდველის დავალიანება გამყიდველის მიმართ შეადგენს 35 000 აშშ დოლარს. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ 2022 წლის 23 ივნისს მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაუქმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და იგი ისევ აღირიცხა ქონების მესაკუთრედ, ხოლო ამავე დროს, განხორციელდა მყიდველზე მიღებული თანხის 5 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება და შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების 100 000 ლარზე გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №13056 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ --------ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 12 ივლისის №18251 ბრძანება და ამავე თარიღის №007-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 27 888 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 159 ლარი, ჯარიმა 5 322 ლარი და საურავი 3 407 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 1 დეკემბრის №30118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30118 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 მარტის №18516/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30118 ბრძანება და საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის №18516/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
მომჩივნის მიერ წარმოდგენილია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლის თანახმად 23.06.2022 წელს გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან მყიდველის -------ს მიერ ვერ მოხდა ნასყიდობის საფასურის გადახდა. -------- დაიბრუნა ნასყიდობის საგანი და შესაბამისად, გაუქმდა დასაბეგრი ოპერაციაც და აღნიშნული ოპერაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შეთანხმებას უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე შეცვლილია ფაქტობრივი გარემოებები, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს ორი კომერციული ფართი, 20 000 ლარად და 40 000 აშშ დოლარად: 25.06.2021 წელს (საკადასტრო კოდით --------) და 25.06.2021 წელს (საკადასტრო კოდით --------). გადამხდელმა განმარტა, რომ აღნიშნულ ფართებს სტატუსი შეუცვალა 2018 წელს ავტოსადგომიდან კომერციულით, რათა გასაყიდად უფრო მიმზიდველი გაეხადა და მას შემდეგ ფართები ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია. რეალიზაციის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან 2021 წლის 25 ივნისს კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, 2021 წლის ივნისის თვეში კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 106 441 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 19 159 ლარი, აგრეთვე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა ჯარიმა 5 322 ლარი.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 25 ივნისს რეალიზებული აქვს ორი კომერციული ფართი 20 000 ლარად (საკადასტრო კოდით -------) და 40 000 აშშ დოლარად (საკადასტრო კოდით ------). ქონების რეალიზაციის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად. ვინაიდან 2021 წლის 25 ივნისს კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, ხოლო კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და პირი დაჯარიმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
ამასთან, გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, კერძოდ 2022 წლის 23 ივნისს, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საფუძველს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლით განსაზღვრული წესით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე შემოწმების მიერ განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს ორი კომერციული ფართი, 20 000 ლარად და 40 000 აშშ დოლარად. გადამხდელმა განმარტა, რომ აღნიშნულ ფართებს სტატუსი შეუცვალა 2018 წელს ავტოსადგომიდან კომერციულით, რათა გასაყიდად უფრო მიმზიდველი გაეხადა და მას შემდეგ ფართები ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია. რეალიზაციის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად. ვინაიდან 2021 წლის 25 ივნისს კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით. 2021 წლის ივნისის თვეში კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 106 441 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 19 159 ლარი, აგრეთვე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაერიცხა ჯარიმა 5 322 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე შემოწმების მიერ განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1)(3), 159(1"ა"), 165(1)(2), 163(1)(2)(6), 164(1), 168(1), 179.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება;