ბრძანება N 16685

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2026
№ დოკუმენტი 16685
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16685

22 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 5 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2026 წლის 5 ივლისის №103255/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №225-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემოწმების აქტით ვერ დგინდება თუ როგორ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა. ასევე, მისთვის უცნობია რომელი გადარიცხვები ჩაითვალა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. შესაბამისად, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

საჩივრის წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი 2026 წლის 26 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2026 წლის პირველი აპრილის №7466 ბრძანება და ამავე თარიღის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ ----- (ს/ნ -----) წერილობითი ფორმით ორჯერ (2026 წლის 14 და 22 აპრილს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე - -----, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2026 წლის 7 მაისს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2026 წლის 27 მაისს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს------), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით 2- ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2026 წლის პირველი აპრილის №7466 ბრძანებასა და ამავე თარიღის №225-6 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 5 ივნისს და საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2026 წლის 5 ივლისს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და საჩივარი დაშვებული იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27617 და 2026 წლის 27 თებერვლის №4497 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 15 იანვრიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის №7466 ბრძანება და ამავე თარიღის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 300 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 265 ლარი, ჯარიმა 7 765 ლარი, საურავი 1 270 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შხამ-ქიმიკატების შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. მეწარმეს რეგისტირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი და საბანკო ტერმინალი, რომელთა მეშვეობით ახორციელებს ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებას. მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, მეწარმის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში მონაცემების აუსახველობაზე გამოვლინდა სამართალდარღვევა, კერძოდ, მეწარმეს დასაქმებულ პირთა რეესტრში არ ჰყავდა ასახული ფ/პ ვეფხვია მღებრიშვილი. აღნიშნული პირი ასევე ფიქსირდება გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების დროს. ამასთან, გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლისას დადგინდა, რომ მეწარმის ანგარიშებიდან განხორციელებული ცალკეული გადარიცხვები უკავშირდებოდა დასაქმებული პირის ვეფხვია მღებრიშვილის პირად ინტერესებს, მათ შორის, გადარიცხვებს ოჯახის წევრების ანგარიშებზე და ასევე, მისი დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებულ აუდიტორულ და საადვოკატო მომსახურეობის ანაზღაურებებს. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული გადახდები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეწარმეს დასაქმებულ პირთა რეესტრში არ ჰყავს ასახული ფ/პ ვეფხვია მღებრიშვილი. აღნიშნული პირი ასევე ფიქსირდება გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების დროს. ამასთან, გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლისას დადგინდა, რომ მეწარმის ანგარიშებიდან განხორციელებული ცალკეული გადარიცხვები უკავშირდება დასაქმებული პირის ვეფხვია მღებრიშვილის პირად ინტერესებს, მათ შორის, გადარიცხვებს ოჯახის წევრების ანგარიშებზე და ასევე, მისი დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებულ აუდიტორულ და საადვოკატო მომსახურეობის ანაზღაურებებს. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული გადახდები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესაბამის საგადასახადო პერიოდებში.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით, კერძოდ, დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასის სახით დაბეგვრას დაექვემდებარა დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველი პირისა და მისი ოჯახის წევრების (შვილი, სიძე და ა.შ) ანგარიშებზე განხორციელებული საბანკო გადარიცხვები, ასევე, ვეფხია მღებრიშვილის

დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებული აუდიტორული და საადვოკატო მომსახურეობის ანაზღაურებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ეწევა სასოფლო-სამეურნეო შხამ-ქიმიკატების შეძენა-რეალიზაციას. იგი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული და არ აქვს წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები.

დადგინდა, რომ დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო ასახული ერთ-ერთი ფიზიკური პირი, რომელიც ფიქსირდებოდა გადამხდელთან ჩატარებულ ინვენტარიზაციასა და საგამოძიებო მოქმედებებში. საბანკო ანგარიშების შესწავლით გამოვლინდა, რომ ცალკეული გადარიცხვები უკავშირდებოდა ამ პირის პირად ინტერესებს (ოჯახის წევრებზე გადარიცხვები, აუდიტორული და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება).

შედეგად, ეს თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101;154;