ბრძანება N 11657

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11657
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11657

29.05.2023

ი/მ "------ " - ის (ს/ნ "------ " )

(მის.:"------ " )

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ი/მ "------ " - ის (ს/ნ "------ ") 2023 წლის 26 იანვრის №------ საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №006-651 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდას. წარმოდგენილი აქვს არგუმენტაცია 2019 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, აპრილის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების დღგ-ით დასაბეგრ და ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №26878 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------ " ის (ს/ნ "------ " ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33069 ბრძანება და ამავე თარიღის №006–651 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 55 420 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 716 ლარი, ჯარიმა 15 216 ლარი და საურავი 12 488 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

 გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ღვინის წარმოება. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დაკორექტირდა დეკლარირებული ბრუნვები

 შემოწმებით გადამხდელის დღგ-ის ჩასათვლელი თანხები განისაზღვრა შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა (მათ შორის ავანსის და ავანსის განაშთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) და საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხების მიხედვით, რაც განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. შემოწმებით, გამოვლენილი სხვაობა გადამხდელს დაერიცხა გადასახადის სახით. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღგით დასაბეგრ ბრუნვასთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საჩივარში მითითებულ თვეებში გადამხდელს უფიქსირდებოდა ღვინის უსასყიდლოდ მიწოდება სხვადასხვა პირზე (ძირითადად შპს „N1, შპს „N2“, შპს „N3“), რაც შემოწმების მიერ სასაქონლო ზედნადებში მითითებული რაოდენობის და ერთეულის ღირებულების გათვალისწინებით ჩაერთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა მომსახურების გაწევაც (გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც საჩივარზე დართულ ელექტრონულ რეესტრებში არ არის მითითებული). ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის ნოემბრის თვეში შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებულია ადგილობრივ მომწოდებლებზე გადახდილი დღგ-ის თანხა (4 453 ლარი), სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწვავის შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა (251 ლარი) და განხორციელებული იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხა (5 205 ლარი). მითითებულ პერიოდში (2020 წლის ნოემბერი) გადამხდელის დეკლარირებული ჩათვლა შემცირებულია 1 068 ლარით, რაც გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: გადამხდელს 2020 წლის ივლისში ჩათვლა მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (ავ- №------), რომელიც გაინაშთა ეა- №------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რაც გადამხდელის მიერ სრულადაა ჩათვლილი 2020 წლის ნოემბერში და ამით განხორციელდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაორმაგება. შესაბამისად, შემოწმების მიერ 2020 წლის ნოემბრის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (ავ- №-------) მითითებული დღგ-ის თანხით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული ჩათვლის დოკუმენტები და ელექტრონული რეესტრები შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი და გათვალისწინებულია. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან რამდენჯერმე ჩაინიშნა შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნა გავლილი საჩივარში აღნიშნული საკითხები. ასევე, მომჩივანს გადაეგზავნა შესაბამისი დეტალური გაანგარიშების ცხრილები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ"------ " -ის (ს/ნ "------ " ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდას.

გადამხდელი ითხოვს დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაცია.

შესამოწმებელ პერიოდში გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან.

შემოწმებით დაკორექტირდა დეკლარირებული ბრუნვები

დღგ-ის ჩასათვლელი თანხები განისაზღვრა შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა (მათ შორის ავანსის და ავანსის განაშთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) და საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხების მიხედვით, რაც განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან.

გადამხდელს დაერიცხა გადასახადი,ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

161(1 „ა“ ),171(1),159(1„ა“ ),163(1) 164(1),174(1 „ა“) ,175(1 „ა“ და ,,გ“),176(1 „ა“ და ,,ბ“ ),175(1 „ა“ და „ბ“)