ბრძანება N 4886

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 14.03.2023
№ დოკუმენტი 4886
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4886

14.03.2023

"------" (პ/ნ "------" )

(მის.: ქ. ------)

2023 წლის 15 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა "------"ის (პ/ნ "------") №27559/21-10 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №EL200233 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2019 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ გავლით შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება და პანდემიის გამო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო მისი საქართველოდან გაყვანა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა საქართველოს მოქალაქე "------" (პ/ნ "------"), რომელიც მართავდა მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებას იტალიის სახელმწიფო ნომრით: "------"

მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 2019 წლის 8 აპრილს საქართველოს მოქალაქე "------" (პ/ნ "------") მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2019 წლის 7 ივნისი.

ვინაიდან, ზემოაღნიშნულ ავტომობილზე გამოცხადების/დეკლარირების ვადა დარღვეულ იქნა 1348 დღით, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს შედგენილ იქნა №EL200233 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "------" (პ/ნ "------" ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 და მე-17 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება შემოყვანილ იქნა 2019 წლის 8 აპრილს. ამდენად, სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა ამოიწურა 2019 წლის 7 ივნისს. შესაბამისად, 2019 წელი არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასასრული, ხოლო სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ - 2023 წლის 14 თებერვალს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გასულია სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, სახეზეა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "------" -ის (პ/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს 2023 წლის 14 თებერვლის №EL200233 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.