გადაწყვეტილება №18098/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 18098/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18098/2/2022

8.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ის 28.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18098/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი;

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (გაცემული ხელფასის ოდენობის) კორექტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის №046-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.10.2022 წლის №25961 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 272 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 27 397

დღგ - 25 988

საშემოსავლო გადასახადი - 1 409

ჯარიმა - 13 568

საურავი - 4 307

 

პროცედურული გარემოებები

მეწარმის საქმიანობაა ვაჭრობა სურსათის ნაწარმით. პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ------------ ქ. №----ში, იჯარით აღებული ფართიდან. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.06.2022 საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის №18082 ბრძანება და ამავე თარიღის №046-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 21.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.10.2022 წლის №25961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასწორად აქვს განსაზღვრული 2020-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებზე დაყრდნობით მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც დოკუმენტური ასევე, საცალო რეალიზაციები. მისი დოკუმენტური ფასნამატი მერყეობდა 2%-დან 7%-მდე შუალედში. აღნიშნული ფასნამატის სისწორის გადამოწმების მიზნით, გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვისას შეძენილია რამდენიმე დასახელების პროდუქცია, რომლის ფასნამატიც რადიკალურად განსხვავდება გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი (15%), რომელიც თანხვედრაშია გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულ ფასნამატთან.

შედეგად, გაზრდილია 2020-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის (რომელიც თანხვედრაშია გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულ ფასნამატთან) გავრცელება მართლზომიერია. სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარში მითითებულია რომ ხარჯის დამადასტურებელი საბუთი აქვს წარდგენილი შემოწმების დროს. ახლაც შეუძლია წარმოადგინოს. საკონტროლო შესყიდვის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა კლიენტი რომელმაც არ იცოდა საქონლის ფასები და შეცდომით უთხრა საკონტროლო შემსყიდველს რამაც გამოიწვია ფასების არევა, შესაბამისად გაიზარდა რეალიზაციის პროცენტიც. ყველა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი აქვს 7-8%-ში. შემოწმების დროს კი დააფიქსირეს 15% და რამაც გამიწვია დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. რაც შეეხება საკონტროლო შესყიდვას, ამ დროს მაღაზიაში იმყოფებოდა უცხო პირი, რომელმაც არ იცოდა საქონლის ფასები და შეცდომით უთხრა საკონტროლო შემსყიდველს, რამაც გამოიწვია ფასების არევა, შესაბამისად გაიზარდა სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი. სასაქონლო ზედნადების მიხედვით ფასნამატი მერყეობს 7%-დან 8%-მდე. შემოწმების შედეგად დადგენილია 15% და რამაც გამოიწვია დარიცხვა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მთლიან რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი დაახლოებით შეადგენდა 30%-ს, ხოლო ასეთი სახის რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის (არასრული) სახეობების მიხედვით ფასნამატი მერყეობდა 2%-დან 7%-მდე. გადასახადის გადამხდელის ობიექტში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვისას (შეძენილია გამყიდველისგან) დაფიქსირდა 15% და შეძენილია ისეთი სახეობის საქონელი რომელთა წილი რეალიზაციაში ყველაზე მოცულობითი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვისას შეძენილია რამდენიმე დასახელების პროდუქცია, რომლის ფასნამატიც რადიკალურად განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატისგან, გადასახადის გადამხდელის მიერ საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი (15%), რომელიც თანხვედრაშია გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულ ფასნამატთან.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი პოზიციის გაზიარების და შემოწმებისას განსაზღვრული და გავრცელებული ფასნამატის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (გაცემული ხელფასის ოდენობის) კორექტირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში დამუშავებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციაში გაზრდილი აქვს გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. კერძოდ, სხვაობა გამოვლინდა გაცემული ხელფასის ოდენობაში, ასევე, გადამხდელს გამოქვითული ჰქონდა 1 000 ლარამდე ძირითად საშუალებაზე გადახდილი თანხა სრულად, დღგ-ის ჩათვლით, 200 ლარის ოდენობით. თუმცა, აღნიშნულზე გადამხდელს მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შესაბამის პერიოდში გათვალისწინებული ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელ თანხებში და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში დამუშავებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ მეწარმეს 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გაზრდილი აქვს გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას დამატებით არ წარუდგენია ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გაცემული ხელფასების ნაწილში შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ განსაზღვრულა. სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაცემული ხელფასიდან დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისათვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი. თუ ამ დამქირავებლის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება. ითხოვს გადაიხედოს შემოწმების შედეგები და შემცირდეს დარიცხული თანხა, რომ შეძლოს გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით: 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს.

ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

დადგენილია, რომ მეწარმეს 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციაში გაზრდილი აქვს გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. კერძოდ, სხვაობა გამოვლინდა გაცემული ხელფასის ოდენობაში, ასევე, გადამხდელს გამოქვითული ჰქონდა 1 000 ლარამდე ძირითად საშუალებაზე გადახდილი თანხა სრულად, დღგ-ის ჩათვლით, 200 ლარის ოდენობით. თუმცა, აღნიშნულზე გადამხდელს მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შესაბამის პერიოდში გათვალისწინებული ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელ თანხებში. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაცემული ხელფასიდან დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისათვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი. თუ ამ დამქირავებლის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2020 წელს გადამხდელი საქმიანობდა მხოლოდ ორი თვე და გაცემული აქვს ხელფასი 700 ლარი, აღნიშნული განაცემი თავად დეკლარირებული ჰქონდა გაორმაგებული ოდენობით 1 400 ლარი, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა გაცემული ხელფასი შესაბამისი (700 ლარის) ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გაცემული ხელფასების ნაწილში შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ განსაზღვრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.