გადაწყვეტილება №20995/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2023
№ დოკუმენტი 20995/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20995/2/2023

22 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 5.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20995/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №068-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №23603 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 30 976 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 19 026

დღგ - 11 318

საშემოსავლო გადასახადი - 7 708

ჯარიმა - 9 479

საურავი - 2 471

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სიგარეტით საბითუმო ვაჭრობა -------. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6699 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. მეწარმეს გააჩნია შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები მხოლოდ 1.1%-ის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტური რეალიზაციიდან ვერ ხდება რეალიზაციის სრული იდენტიფიცირება შესყიდულ საქონელთან. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციიდან შეძენილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან დაიდენტიფიცირდა მხოლოდ 0.6%. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა, რის გამოც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა მეწარმის მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. მოძიებულ იქნა ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმეების აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 1.4%. აღნიშნული ფასნამატის მიხედვით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის რეგისტრაციის ნებაყოფლობითი თარიღის გათვალისწინებით. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის თარიღი: 7.03.2022 წელი).

2022 წლის 6 ივლისს გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შედეგად, რეალიზაციები გაიმიჯნა დოკუმენტურად დადასტურებულ და დოკუმენტურად დაუდასტურებლად, საიდანაც დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია დარჩა უცვლელი, ხოლო არადოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი, ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით შერჩეული მეწარმეების აუდირებული ფასნამატი. არადოკუმენტურად რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დასაბეგრი ბრუნვები გაანგარიშდა 1,4%-იანი ფასნამატით.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის მე-100 და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობებზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16281 ბრძანება და 7 ივლისის №068-14 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 30 976 ლარი

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 სექტემბრის №23603 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოწმებით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი, ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით შერჩეული მეწარმეების აუდირებული ფასნამატის გავრცელება, აღნიშნულის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა გამოწვეულია იმით, რომ არასწორად იქნა გამოყვანილი რეალიზებული საქონლის ფასნამატი. შემოწმების აქტით დაფიქსირებული რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი გაცილებით დიდია რეალურ ფასნამატზე.

აქვს თამბაქოს მაღაზია (ძირითადად საბითუმო), რომელიც წელიწადი და 3 თვეა დახურულია. შესამოწმებელ პერიოდში იმუშავა მხოლოდ 4 თვე, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან 2022 წლის ივლისამდე. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია ქვეყნის დატოვება და მოხდა მაღაზიის სასწრაფოდ დახურვა. ძირითადი თამბაქო ბოლოს გაიყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი რაოდენობის ზედნადებებით გაწერა, თუმცა რაღაც ნაწილი არის გაწერილი, სადაც კარგად ჩანს, რომ რეალიზებული საქონლის ფასნამატი იყო 0.5%-მდე. გაყიდვა ხდებოდა მხოლოდ სალაროს ჩეკებით. მოხდა განაშთვა ბოლოს დიდი რაოდენობით თვითღირებულებაზე დაბალ ფასში და ამიტომ 2022 წლის წლიური დეკლარაციით საშუალოდ ამ 4 თვის რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი გამოვიდა 0.2%. თუმცა, სხვა მოქმედ აუდირებულ მაღაზიებზე დაყრდნობით გაავრცელეს შესაბამის პერიოდზე 1.4% ფასნამატი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მეწარმე გაკოტრებულია და აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ითხოვს მაქსიმალურად შემცირდეს პროცენტი და უკიდურეს შემთხვევაში სრულად მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ასევე, მართებულია არადოკუმენტურ რეალიზაციაზე იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი, ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით შერჩეული მეწარმეების აუდირებული ფასნამატის გავრცელება (1.4%). აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა-საურავი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 26 სექტემბრის №23603 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 102; 105;