გადაწყვეტილება № 26833/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26833/2/2026
02 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 5.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26833/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3238 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 61 248,31 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 35 263,31
ჯარიმა - 9 960,64
საურავი - 16 024,36
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ვიდეო თამაშების ოპერირება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 31.03.2006 წელს. მცირე მეწარმის სტატუსი გააჩნია 1.11.2022 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება, ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის პირობათა შესაძლო არსებობის შესწავლის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 11.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად შესწავლილ იქნა ---- მიერ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები, აგრეთვე მეწარმის მიერ შემმოწმებლებს წარედგინათ საბანკო ანგარიშების ამონაწერებში არსებული ინფორმაცია. შემოწმების დროისთვის, მეწარმე არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 340 384 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, შემმოწმებელთა მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 15.10.2022 წელი. ვინაიდან 2024 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მეწარმის დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატებოდა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაცია გაუუქმდა 1.05.2024 წლიდან. შემმოწმებელთა მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში დადგენილი ბრუნვა, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მეწარმეს მიღებული ჰქონდა დადასტურებული სტატუსის მქონე ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის თანხით 595 ლარი. საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ის თანხა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 15.12.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27500 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.02.2026 წლის №3238 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლამდე მიღებული ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი, მისი საქმიანობა მოიცავდა კომპიუტერების მეშვეობით ვიდეო თამაშებით გართობას, ხოლო მანამდე გააჩნდა მიკრო ბიზნესის სტატუსი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ბოლოს ჩამოშორდა აღნიშნულ საქმიანობას, რადგან იგი მოითხოვდა ამ დარგში პროფესიონალურ უნარ ჩვევებს, თამაშების ყოველდღიურ განახლებებს, კომპიუტერების მუდმივ ტექნიკურ გამართულობას და კიდევ სხვა ნიუანსებს, ვეღარ შეძლო მისი განვითარება და საერთოდ გააუქმა მცირე ბიზნესის სტატუსი 2024 წელს.
საქმიანობის პერიოდში რაიმე სახის ფინანსურ აღრიცხვას, ბუღალტერიას არ აწარმოებდა, მხოლოდ ავსებდა ყოველთვიურ დეკლარაციას, რომელიც ისწავლა ვიდეო ინსტრუქციით. საქართველოს ბანკში გახსნა ბიზნეს ანგარიში და აიღო საბანკო ტერმინალი. ყოველთვიურად ნახულობდა საბანკო ამონაწერებს და შეჰქონდა დეკლარაციაში, იმედოვნებდა რომ უშეცდომოდ. დეკლარაციის ბოლო გრაფაში ეწერებოდა საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რასაც იხდიდა ხაზინის ანგარიშზე თავის დროზე, შემოსავლების სამსახურში კონსულტაციის გავლის შემდეგ, როგორც მისთვის გახდა გასაგები, მისი საგადასახადო ვალდებულება იყო მარტივი, ერთ გვერდიანი დეკლარაციის შევსება მის მიერ მიღებულ შემოსავალზე, რისთვისაც ბუღალტრის დახმარება არ დასჭირდებოდა და რის შესაბამისადაც მოუწევდა ერთი პროცენტის გადახდა. ასევე უთხრეს, რომ 500 000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეეძლო ესარგებლა ამ საშეღავათო მოდელით.
იმის გამო, რომ ტექნიკურად მცირე ბიზნესის დეკლარაციის გადაგზავნა არ იყო რთული, ბრუნვა ჰქონდა მცირე ბიზნესისთვის დაშვებული 500 000 ლარიანი ზღვარის დაახლოებით მეოთხედი, ყოველთვიურად პატიოსნად ავსებდა შესაბამის დეკლარაციას და მოქმედებდა რწმენით, რომ მისი ქმედება იყო მართლზომიერი და ახდენდა კუთვნილი გადასახადების სრულად გადახდას იმ მომენტამდე, სანამ საგადასახადო შემოწმება არ დაინიშნა და აუდიტების მიერ არ იქნა განმარტებული და ახსნილი კანონის მოთხოვნები, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა დღგ-ის შესახებ, რადგან სრულად ენდობოდა შემოსავლების სამსახურში მიღებულ კონსულტაციას და საგადასახადო კანონმდებლობასთან არანაირი სხვა შეხება არ ჰქონია.
აღნიშნულის დასადასტურებლად გამოდგება ის ფაქტი, რომ მისივე შევსებულ მცირე ბიზნესის დეკლარაციაში ის პატიოსნად უთითებდა მის ბრუნვებს, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში გადასცდა 100 000 ლარს, რაც თურმე ყოფილა მიზეზი, მისივე ინიციატივით სავალდებულოდ დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად და არა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით, რადგანაც იყო მშვიდად, რომ თუ რამეს არასწორად გააკეთებდა და ამ ყველაფერს წარადგენდა დეკლარაციის სახით, შემოსავლების სამსახურიდან მიუთითებდნენ, ის კი შესაბამისად გამოასწორებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც გადასახადის გადამხდელი, პირნათლად აღრიცხავდა ყველა ოპერაციას, არის გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელი, გადასახადის დამალვა ან მისგან თავის არიდება არ ჰქონია გონებაში და ამ პირობებში ვერც ექნებოდა, რადგან კანონმდებლობის მიხედვით ახდენდა შემოსავლის აღრიცხვას და კუთვნილი გადასახადების გადახდას.
იმის გათვალისწინებით, რომ არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, თვლის, რომ თუ მის მხრიდან მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იგი გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით, მოქმედებდა იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ აარიდებდა კუთვნილი გადასახადებს თავს, ხოლო მისი მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინა ზარალი. მისი გააზრებით გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება მის ქმედებებში.
აქვს მცირე შემოსავალი აღნიშნული დარიცხვის გადახდა მისთვის თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს სსკ 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს 9 960,64 ლარის ოდენობით დარიცხული ჯარიმისგან და 16 024,36 ლარის საურავისგან, ხოლო ძირი თანხის გადახდა გადანაწილდეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა არ ატარებდა განზრახ ხასიათს და არ უკავშირდებოდა გადასახადისგან თავის არიდების მცდელობას. დეკლარაციების წარდგენის და გადასახადების გადახდის პროცესს ახორციელებდა ბუღალტრის გარეშე თვითონ, ამიტომ მხედველობიდან გამორჩა დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ვალდებულებების განსაზღვრა და შესრულება. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლებას ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
2022 წლის საანგარიშო პერიოდიდან ი/მ საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერების მეშვეობით ვიდეო თამაშების ოპერირება.2022 წლის პირველი ნოემბრიდან მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. დღეის მდგომარეობით, მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 340 384 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 15 ოქტომბერი. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაცია გაუუქმდა 2024 წლის პირველი მაისიდან. შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში დადგენილი ბრუნვა, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა..
ი/მ-ეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად შემოწმების მიერ განესაზღვრა 2022 წლის 15 ოქტომბერი. მეწარმეს მიღებული აქვს დადასტურებული სტატუსის მქონე ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დადასტურებული სტატუსის მქონე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელთა დაკავშირებაც მოხდა ეკონომიკურ საქმიანობასთან, მეწარმეს შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ის თანხა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 272;282;269(7);