ბრძანება N 2192

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2023
№ დოკუმენტი 2192
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2192

08.02.2023

შპს „------- “ (ს/ნ --------)

(მის: ---------)

2022 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №17900/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“ (ს/ნ -------- ) №138898/01 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №21-11/46253 გადაწყვეტილების შესახებ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ კოვიდპანდემიის გამო, 2020 წლის 17 მარტს დაიკეტა სათამაშო ბიზნესის ობიექტები, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობეს შემოსავლების სამსახურს, ხოლო 2020 წლის 23 მარტის საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილებით, უკვე ოფიციალურად აიკრძალა სათამაშო ბიზნესის საქმიანობაც. აკრძალვა ძალაში იყო 2021 წლის 1 აპრილამდე, თანახმად საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის №73 დადგენილებისა.

ამდენად, კომპანიამ, რომელმაც წინასწარ გადაიხადა ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელი 1000000 (ერთი მილიონი) ლარი და 2020 წლის პირველი კვარტლის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 420000 (ოთხასოციათასი) ლარი, სულ იმუშავა 77 დღე, რაც წინსწრებით გადახდილი თანხებიდან პროპორციულად შეადგენს: სანებართვო მოსაკრებლის შემთხვევაში 210957 ლარს, ხოლო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემთხვევაში 355385 ლარს. შესაბამისად კომპანიამ ვერ ისარგებლა წინსწრებით გადახდილი ჯამში 853656 ლარით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2022 წლის 5 მაისს წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს ავანსად გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის უკან დაბრუნების მოთხოვნით, რაც მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №---------- წერილით არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ არსებობდა მსგავსი სამართლებრივი ნორმა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №-------- გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი გამოუყენებელი 853656 ლარი.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი 2022 წლის 24 მაისის №21-11/46253 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს შპს „------ “ (ს/ნ ------- ) მოთხოვნა და მოხდეს გადახდილი სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების უკან დაბრუნება ნებართვის შეჩერებიდან გამომდინარე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციით.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი 2022 წლის 24 მაისის №21-11/46253 გადაწყვეტილება 2022 წლის 1 აგვისტოს გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22880 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №17900/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიუთითა, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22880 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.

აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების, სამორინის, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენისას. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის უფლებას.

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს მომსახურების დეპარტამენტის პოზიციას, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დაკმაყოფილდეს შპს „--------“ (ს/ნ ---------) მოთხოვნა და მოხდეს გადახდილი სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების უკან დაბრუნება ნებართვის შეჩერებიდან გამომდინარე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---------- “ (ს/ნ ----------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.